ახალი ამბები

ოპოზიცია ლევან ვასაძის ხელისუფლებასთან კავშირებზე მიუთითებს

17 ივნისი, 2019 • 1966
ოპოზიცია ლევან ვასაძის ხელისუფლებასთან კავშირებზე მიუთითებს

ოპოზიცია ლევან ვასაძის მიერ დაანონსებულ ქმედებებთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან მკაცრ რეაგირებას ითხოვს.

როგორც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, გუშინ ვერის ბაღში “ვნახეთ ფაშისტური იდეოლოგიის პირდაპირი ქადაგება ბატონი ვასაძის და მისი მიმდევრების მხრიდან”.

“ჯერ რაღაც ჯგუფის იდენტიფიცირება და იმის თქმა, რომ ეს ჯგუფი მათ არ მოსწონთ და ეს ჯგუფი არის ცოდვილი; შემდეგ ჯგუფების შექმნა და თქმა, რომ ამ ცოდვილებს სადმე თუ ნახავენ, მათ გაუსწორდებიან და მათზე იძალადებენ; შემდეგ დაანონსება იმისა, როგორ გაუწევენ წინააღმდეგობას პოლიციას – ეს არის პირდაპირ დარღვევა სისხლის სამართლის კოდექსის და ამაზე საჭიროა უმკაცრესი რეაგირება. მარტო გამოძიების დაწყება კი არა – უმკაცრესი რეაგირება”, – განუცხადა სერგი კაპანაძემ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი რომან გოცირიძე ჰომოფობიურ დაჯგუფებებს მთავრობის მოკავშირეებად მიიჩნევს.

“ეს ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩადიოდნენ დანაშაულს, არიან მთავრობის მოკავშირეები. ფაქტობრივად, მთავრობას ისინი ყოველთვის სჭირდებოდა, როდესაც ოპოზიციის წინააღმდეგ ხდებოდა მათი გამოყენება ან ისეთი მიზნების ასრულება უნდოდათ, რომლის გახმოვანება მათი მხრიდან არ იყო დასაშვები. ეს ხალხი არის ხელისუფლების შემადგენელი ნაწილი, მისი ბნელი მხარე, თუმცა ნათელი მხარე აქეთ როგორ უნდა ვეძებოთ, ამაშიც დიდი კითხვის ნიშნებია”, – აცხადებს გოცირიძე.

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე და “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ალექსანდრე ბარამიძე ამბობს, რომ ლევან ვასაძის მხრიდან სულ მცირე დანაშაულის მომზადების კუთხის დანაშაული უკვე სახეზეა.

“მე ველი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელოს სხვა ქმედებები, რომლებიც ამას უნდა მოყვეს, მათ შორის, კონკრეტული პირების მიმართ ბრალის წარდგენის ჩათვლით. თუ ეს არ განხორციელდება და იქნება გაუთავებელი ლაპარაკი იმაზე, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ა.შ., მაშინ სრული საფუძველი გვექნება ვიფიქროთ, რომ არის ფარული ალიანსი ამ ექსპრემისტულ ჯგუფებსა და ხელისუფლებას შორის”, – განუცხადა ბარამიძემ “ტვ პირველს”.

“თუ მთავრობა იქნება დუმილში, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ვასაძეს და მასთან ასოცირებულ მარგინალურ ძალებს, რომლებიც მართულნი არიან რუსეთიდან, ძალიან კარგად იყენებდა ეს ხელისუფლება მთელი პროცესების დროს ოპოზიციის წინააღმეგ და ახლა ხელიდან გაექცა მართვის სადავეები, რაც არის ძალიან სახიფათო”, – განაცხადა, თავის მხრივ, “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ.


მიმდინარე წლის 18-23 ივნისს თბილისი ლგბტქი პრაიდის კვირეულს პირველად უმასპინძლებს. თემის წევრები და  მათი მხარდამჭერები უკვე ემზადებიან ღონისძიებებისთვის, რომლებიც, ორგანიზატორთა თქმით, ღირსების მარშით დასრულდება, მისი მონაწილეები კი საერთო გზავნილის ქვეშ გაერთიანდებიან: სურთ, იცხოვრონ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც მთავარია ადამიანი, მისი სიცოცხლე და ღირსება.

ჰომოფობიური ჯგუფები, ბიზნესმენ ლევან ვასაძის ხელმძღვანელობით, იმუქრებიან, რომ პრაიდის ჩატარებას არ დაუშვებენ. ლევან ვასაძემ გუშინ ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე განაცხადა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ქმნის თვითორგანიზებულ ჯგუფებს – „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში.

ვასაძემ თქვა, რომ კომბლებით იქნებიან შეიარაღებულნი და გაარღვევენ “ნებისმიერ კორდონს, რასაც პოლიცია დააყენებს”.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით, უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების მუხლით გამოძიება დაიწყო.

“ნუ ვქმნით პრობლემას იქ, სადაც ეს პრობლემა არ არის“ – ასე უპასუხა მამუკა ბახტაძემ დღეს ჟურნალისტს, რომელმაც მას ჰკითხა, არის თუ არა ლგბტ თემის უფლებები, მათ შორის შეკრებისა და მანიფსტაციის,  საქართველოში სრულფასოვნად დაცული.

პრემიერს ბრიფინგზე ჟურნალისტებმა კითხვები, გუშინ 16 ივნისს ლევან ვასაძის მუქარაზეც ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა, რომ შსს-მ შესაბამისი მუხლით გამოძიება დაიწყო და ყველა იმ ქმედებაზე, რომელსაც დანაშაულის ნიშნები ექნება, სახელმწიფოს იგივე მიდგომები ექნება.

ამ განცხადების შემდეგ, ბახტაძე ასევე გამოეხმაურა “თბილისი პრაიდის“ მიერ 14 ივნისს დაგეგმილ აქციას, რომელიც ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ჩაშალეს. ბახტაძე ამბობს:

“მე მსურს გამოვეხმაურო იმ საკითხსაც, რასაც მოჰყვა ეს ვნებათაღელვა – საქართველოში ყველა მოქალაქის უფლება არის დაცული, ეს გარანტირებულია კონსტიტუციით, შესაბამისი კანონმდებლობით, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს ვალდებულება ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოებაზე. ბოლო დღეების განმავლობაში, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სახელმწიფოს ინსტიტუტები არიან მოწოდების სიმაღლეზე, მე განსაკუთრებული მადლობა მინდა პოლიციელებს გადავუხადო, ვინაიდან მათ შეძლეს ამ მნიშვნელოვანი ბალანსის დაცვას.

თუმცა, აქვე მინდა გითხრათ როგორც რიგითმა მოქალაქემ, ჩემი შთაბეჭდილება: მე ვფიქრობ, ეს საკითხი [პრაიდი] არის ხელოვნურად მოხვეული ქართულ საზოგადოებაზე და ემსახურება იმას, რომ საქართველოში იყოს აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი, საქართველოში დღეს არის პრობლემური, საქართველოს აქვს შესაბამისი კანონმდებლობა, უფლებები არის დაცული და პრობლემები რაც არის…

ჩემი აზრით, ხდება ამ პრობლემის გაზვიადება საქართველოში, თავზე მოხვევა საზოგადოებისთვის, ვინაიდან ჩვენ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, სადაც ადამიანის უფლება არის დაცული და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ. პრობლემები და გამოწვევები რაც არის საქართველოში, ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე და სჯობს მთელი საზოგადოება ვიყოთ ამ პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული“, – თქვა ბახტაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი