ახალი ამბები

რაინდი არ ვიცი ვინაა, თუ პოლიციელზე ხელს აღმართავენ, რეაგირება იქნება – მეზვრიშვილი

17 ივნისი, 2019 • 966
რაინდი არ ვიცი ვინაა, თუ პოლიციელზე ხელს აღმართავენ, რეაგირება იქნება – მეზვრიშვილი

“რაინდი არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ყველას მიმართ ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, სამინისტროს მხრიდან რეაგირება იქნება მკაცრი”, – ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა.

“ბუნებრივია, ვერავინ გაარღვევს პოლიციის კორდონებს, ვერავინ იძალადეს  პოლიციელებზე. თუ ასეთ ფაქტს ადგილი ექნება, ეს გახლავთ სისხლის სამართლის დანაშაული და ბუნებრივია, პოლიციას ამაზე შესაბამისი რეაგირება ექნება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ჰომოფობიური ჯგუფები, ბიზნესმენ ლევან ვასაძის ხელმძღვანელობით, იმუქრებიან, რომ თბილისში პრაიდის ჩატარებას არ დაუშვებენ. ლევან ვასაძემ გუშინ ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე განაცხადა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ქმნის თვითორგანიზებულ ჯგუფებს – „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში.

ვასაძემ თქვა, რომ კომბლებით იქნებიან შეიარაღებულნი და გაარღვევენ “ნებისმიერ კორდონს, რასაც პოლიცია დააყენებს”.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველას მიმართ ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, სამინისტროს მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი