ახალი ამბები

მთავარეპისკოპოსი იაკობი „მოძალადეებს“ პრაიდის ორგანიზატორებს უწოდებს

16 ივნისი, 2019 • 2261
მთავარეპისკოპოსი იაკობი „მოძალადეებს“ პრაიდის ორგანიზატორებს უწოდებს

მთავარეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი, რომელმაც ორი დღით ადრე ჰომოფობიური აქციის მონაწილეებს — რომელთა ნაწილიც აგრესიულად ეპყრობოდა ჟურნალისტებს და პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა — შეკრების გამო მადლობა გადაუხადა, „მოძალადეებს“ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უწოდებს.

მან 16 ივნისს ტვ პირველს უთხრა: „ეს არის ძალადობა მათი მხრიდან. პრაიდი ჰქვია თუ რა ქვია, არიან ჩვეულებრივი მოძალადეები… მორალურ ტერორში ამყოფებენ ხალხს“.

14 ივნისს, მას შემდეგ, რაც საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვან პრაიდის ჩატარება თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან ქვიარ უფლებათა აქტივისტები შეიკრიბნენ მშვიდობიან აქციაზე. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს სთხოვდნენ, გამიჯვნოდნენ ძალადობასა და ძალადობისკენ მოწოდებას, როგორადაც ისინი საპატრიარქოს განცხადებას მიიჩნევდნენ.

კანცელარიასთან ჰომოფობიური კონტრაქციაც გაიმართა. ამ მხარის მყოფი ადამიანების ნაწილი აგრესიულად ეპყრობოდა ჟურნალისტებს, ემუქრებოდა მათ, პრაიდის ერთ-ერთ ორგანიზატორს, გიორგი თაბაგარს ესროლეს კვერცხი და ა.შ. მათი მხრიდან პოლიციამ 28 ადამიანი დააკავა. ქვიარ აქტივისტების მხარეს არავინ დაუკავებიათ.

ქორეპისკოპოსმა იაკობმა პასუხისმგებლობა პრაიდის ორგანიზატორებს დააკისრა: „ხელისუფლების პასუხისმგებლობას ვერ ვხედავ“.

მან ასევე განაცხადა: „ახლაც, ხალხი რომ გამოვიდეს ქუჩაში, რას შვრებიან? პოლიცია კორდონს ვერ გააკეთებს განრისხებულ ხალხთან. ამიტომ არ შეიძლება ერთმანეთის ნერვებზე [თამაში]“…

ნახეთ ასევე:

შსს: დავიწყეთ ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლისა და სახალხო დამცველის მიმართ მუქარის გამოძიება

“თანასწორობის მოძრაობის” მიმართვა ლგბტ თემს, მთავრობას, პარტიებსა და საპატრიარქოს

მასალების გადაბეჭდვის წესი