ახალი ამბები

შსს: დავიწყეთ ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლისა და სახალხო დამცველის მიმართ მუქარის გამოძიება

16 ივნისი, 2019 • 1183
შსს: დავიწყეთ ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლისა და სახალხო დამცველის მიმართ მუქარის გამოძიება

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პოლიციამ დაიწყო 14 ივნისს კანცელარიასთან აქციაზე ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტებისა და სახალხო დამცველის მიმართ მუქარის გამოძიება.

14 ივნისს მთავრობის კანცელარიასთან ჰომოფობიური აქციის მონაწილეები აქციის მიმდინარეობისას აგრესიულად მიმართავდნენ და ეპყრობოდნენ ჟურნალისტებს, სხვადასხვა სიტყვებით ემუქრებოდნენ და ა.შ.

  • ჰომოფობიური აქციის ერთ-ერთი მონაწილე ხელით შეეხო ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს;
  • ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ნეტგაზეთის ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და მიწაზე დაუგდო;
  • „ლიბერალის“ რეპორტიორებს ემუქრებოდნენ და ერთ-ერთი მათგანისთვის ტელეფონის წარმთევა სცადეს;
  • შეურაცხყოფა მიაყენეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტსაც;

შსს-ის ცნობით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს. ეს მუხლი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 140 საათამდე, ან ორ წლამდე გამასწორებელ სამუშაოს, ან 2 წლამდე შინაპატიმრობას. ამასთან, თუ იგივე ქმედება ძალადობის მუქარითაა ჩადენილი, ისჯება 2-წლამდე პატიმრობით.

ამას გარდა, შსს-ის ცნობით, დაწყებულია გამოძიება სახალხო დამცველის მიმართ ინტერნეტსივრცეში მუქარის შემცველი შეტყობინებების გავრცელების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.

„გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, — აცხადებს შსს.

14 ივნისს კანცელარიასთან ჰომოფობიური აქციის 28 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

შსს ამ დღეებში დაგეგმილი სხვადასხვა აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, კანონის მოთხოვნები დაიცვან:

აცხადებს: „რაც შეეხება მიმდინარე დღეებში დაგეგმილ სხვადასხვა აქციას, პოლიცია დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს შეკრების მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი