“თანასწორობის მოძრაობის” მიმართვა ლგბტ თემს, მთავრობას, პარტიებსა და საპატრიარქოს

14 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებული მოვლენების შემდეგ, ლგბტ ადამიანების უფლებადამცველი ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” თემის წევრებს, მთავრობას, საპატრიარქოსა და პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს. შესაბამისი განცხადება ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსდა.

“თანასწორობის მოძრაობა” აცხადებს, რომ მიმდინარე თვეში დაგეგმილ თბილისის პრაიდში მონაწილეობას არ იღებს, თუმცა აღიარებს ლგბტ თემის წევრთათვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და კარგად ესმის როგორც ღონისძიების მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა პოზიციები.

” “თანასწორობის მოძრაობაში” კარგად გვაქვს გააზრებული ყველა ის შედეგი, რაც შესაძლოა თბილისის პრაიდსა და უშუალოდ “ღირსების მარშს” მოჰყვეს. ჩვენ ვხედავთ ძალადობისა და თავდასხმების გაზრდილ შემთხვევებს, რომელთა სამიზნეც ლგბტ+ თემის წევრები, განსაკუთრებით, კი ტრანსგენდერი ქალები, ხდებიან”, – აცხადებს ორგანიზაცია და აღნიშნავს, რომ პრაიდის კვირეულის პირობებში თემის წევრებისთვის სერვისების მიწოდებას განაგრძობს, თუმცა “თავდასხმების ზრდასთან ერთად”, შესაძლოა, მათი რესურსი ყველა შემთხვევას ვერ გასწვდეს.

“თანასწორობის მოძრაობა” ასევე მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიცვას ყველა ადამიანისა და სოციალური ჯგუფის გამოხატვის თავისუფლება. ორგანიზაციის თქმით, შსს-ს განცხადება, რომ ვერ დაიცავენ პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” მონაწილეთა უსაფრთხოებას, “მხოლოდ და მხოლოდ ამწვავებს ამ ფაქტს”.

რაც შეეხება საპატრიარქოს, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეკლესიის პოზიცია საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ განწყობებს მეტად აღვივებს და მოუწოდებს მას, შეწყვიტოს დევნისა და სიძულვილის პროპაგანდა.

განცხადების ბოლოს, “თანასწორობის მოძრაობა” პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, ლგბტ თემის უფლებებით “მანიპულირება შეწყვიტონ”.

“ხელისუფლება, ასევე, ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალები არ ერიდებიან თემის უფლებებით მანიპულერებას და უხეშად ერევიან თემის წევრების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ასევე, წლების განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფ არც ერთ პარტიას არ გამოუცხადებია ლგბტ+ თემის უფლებები პრიორიტეტულად და არ უზრუნია ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჩაგვრის წინააღმდეგ სისტემური და მიზანმიმართული პოლიტიკის გატარებაზე. გარდა ამისა, თემის უფლებები განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში გამუდმებით ხდება მანიპულაციისა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური სენტიმენტების გაღვივების ხარჯზე პოლიტიკური ძალაუფლების მოხვეჭის საგანი.

და ბოლოს, ხელისუფლებაში მყოფ არც ერთ პარტიას არ გაუტარებია სისტემური პოლიტიკა ულტრამემარჯვენე ჯგუფების აღმოცენებისა და განვითარების შესაჩერებლად”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან