ახალი ამბები

ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებების შესრულება 6 თვით გადაუვადდება – მინისტრი

12 ივნისი, 2019 • 1224
ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებების შესრულება 6 თვით გადაუვადდება – მინისტრი

სახელმწიფო 6 თვით გაუხანგრძლივებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ფინანსური დახურვის ვადას.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ეს ვადა კონსორციუმსა და ბანკებთან მოლაპარაკების გზით დადგინდა. ამასთან, ვიცეპრემიერი იმედოვნებს, რომ ამ  ექვს თვეში კონსორციუმი პორტის მშენებლობითვის საჭირო ფინანსების მოძიებას შეძლებს.

“21 მაისს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრის დროსაც განვაცხადეთ, რომ ის ვადა, რაც ბოლო გადავადებით იყო განსაზღვრული [2019 წლის 15 ივნისი], დაფინანსების მოსაპოვებლად საკმარისი არ იყო და ეს პროცესშივე გამოჩნდა. აქედან გამომდინარე, ბანკებთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ისინი წარადგენდნენ მათთვის სასურველ ვადას, რომელიც მათი ხედვით, საკმარისი იქნებიდა. ამ კვირაში კონსორციუმიდან ინფორმაცია მივიღეთ, რომ ეს სასურველი ვადა იყო ექვსი თვე.  ახლა გვაქვს შიდა პროცედურები, რადგან ეს ცვლილება მთავრობასთან შეთანხმებას მოითხოვს და უახლოეს მთავრობის სხდომაზე უკვე გვექნება შეთანხმება გადავადებასთან დაკავშირებით”,-აცხადებს ცქიტიშვილი.

როგორც ცნობილია, ტვირთბრუნვის კომერციული რისკების დაზღვევა შესაძლოა ევროკავშირის ფონდიდან მოძიებული თანხით მოხდეს. ცქიტიშვილის მტკიცებით, მოლაპარაკებები ფონდსა და პორტის მშენებელ კონსორციუმს შორის მიმდინარეობს და სახელმწიფო ამ პროცესში არ მონაწილეობს.

“მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენთვის ყველაზე რთულია ინვესტორის [ანაკლიის განვითარების კონსორციუმის] რისკების დაზღვევის საკუთარ თავზე აღება. ბოლო შეხვედრაზე საფინანსო ინსტიტუტებსა და ინვესტორს ვთხოვეთ სხვა შესაძლოა ინსტრუმენტები გამოეყენებინათ. კონსორციუმი ამჟამად 520 მილიონ დოლარის მოზიდვას ცდილობს, აქედან 400 მლნ აშშ დოლარი არის სასესხო კაპიტალი, რის თაობაზეც ბანკებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. დანარჩენი 120 მლნ აშშ დოლარი საკუთარი კაპიტალია, რომელიც კონსორციუმს უკვე დიდი ხანია მობილიზებული უნდა ჰქონოდა. ევროკავშირთან და სხვა საფინანსო ინსიტუტებთან მიმდინარე მოლაპარაკება მთლიანად 400 მლნ აშშ დოლარს არ ეხება და მხოლოდ ამ თანხის გარკვეულ ნაწილზეა საუბარი. ამ საკითხებზე შეთანხმება არა ჩვენს, არამედ ბანკებსა და კონსორციუმს შორის მიმდინარეობს. ჩვენ ამ პროცესში მოანაწილეობას არ ვიღებთ”,-ამბობს ცქიტიშვილი.

7 ივნისს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ  ე.წ ფინანსური დახურვის რამდენჯერმე გადავადების გამო სახელმწიფომ კონსორციუმს 11 მლნ აშშ დოლარის პირგასამტეხლო აპატია. ნეტგაზეთის კითხვაზე, დაეკისრება თუ არა კონსორციუმს საურავი6 თვით კიდევ გადავადების გამო, ცქიტიშვილი პასუხობს, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

“კონსორციუმს საურავები არაერთხელ ეპატია. ამ შემთხვევაშიც ჩვენი პოზიცია იქნება, რომ კონსორციუმს შეღავათი გავუწიოთ და თუ პროექტს მხარს ვუჭერთ, მხარდაჭერაც ამ ნაწილშიც გამოვხატოთ. საურავი მთავარი არ არის, არის კიდევ ბევრი საკითხი, მათ შორის იურიდიული შეთანხმებები, რომლებზეც ვმუშაობთ”,-ამბობს მინისტრი.

სახელმწიფოს ანაკლიის პორტის ტვირთბრუნვის დაზღვევა არ სურს, კონსორციუმი დახმარებას ევროკავშირისგან ელის

მასალების გადაბეჭდვის წესი