“მოსმენის უფლება შეიძლება ჰქონდეს შსს-ს, პროკურატურას, კონტრდაზვერვას და ა.შ. მთავარი არც ის არის, ვინ იძლევა მოსმენაზე ნებართვას. მოსმენის ნებართვა შეიძლება გასცეს სასამართლომ, მარეგულირებელმა კომისიამ, პერსონალულ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა და ა.შ.
მთავარია ვის საკუთრებაშია ე.წ. მართლზომიერი გადაჭერის მართვის სისტემა (Legal Interception Manegement System), ამ სისტემის მთავარი კომპონენტი – გადაჭერის მედიაციის სერვერი (Interception Mediation Server, იგივე ‘შავი ყუთი’), და ვინ მართავს ამ სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფას”, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
მისივე თქმით, ის, ვისაც ეკუთვნის ეს სისტემა, წყვეტს რომელი უწყება მოუსმენს, რომელი უწყება გასცემს ნებართვას და რომელი უწყება დააკვირდება:
“რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ამ სისტემის მფლობელს გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა შექმნას გადაჭერის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სისტემები, რომლებიც ერთმანეთს ვერ დაინახავენ, ანუ ამ სისტემის მფლობელს შეუძლია შექმნას სისტემა, სადაც მოსმენაზე ნებართვას გასცემს სასამართლო (ან რომელიმე სხვა უწყება), მოსმენას ახორიელებს შსს (ან რომელიმე სხვა უწყება), ვის უსმენენ, აკვირდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი (ან რომელიმე სხვა უწყება); და პარალელურად შექმნას გადაჭერის სხვა სისტემა, რომელსაც ვერავინ დაინახავს, ვერც ერთი უწყება
დღემდე ეს Legal Interception Management System ყოველთვის იყო და არის შსს-ს მფლობელობაში. თუ ეს სისტემა დარჩა ისევ შსს-ს მფლობელობაში, არანაირი აზრი ექნება ყველაფერ დანარჩენს, მათ შორის არც პრეზიდენტის ვეტოს (თუ ის არ ითვალისწინებს ამ სისტემის შსს-სთვის წართმვას). ხოლო უკანონო მოსმენები ისევ გაგრძელდება, რადგან ყველა გარემოება ცალსახად მიუთითებს, რომ ივანიშვილის ასე სურს”, – აცხადებს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა დღეს ვეტო დაადო ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტს ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით. პრეზიდენტის შენიშვნები ჯერ პარლამენტში არ შესულა, მაგრამ როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, პრეზიდენტის მოდელით სასამართლო გასცემს არა მარტო ნებართვას მოსმენის განსახორციელებლად, არამედ ელეტრონულ თანხმობას მისი განხორციელებისთვის.