პარლამენტის უმრავლესობას ორი კანონპროექტის აქვს ამ მხრივ მომზადებული: ერთია – ვახტანგ ხმალაძის კანონპროექტი, რომელიც შსს-ს ფარული მიყურადებაზე წვდომას კომუნიკაციების ეროვნული კომისია აძლევს, ხოლო მეორე არის ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი, რომელის მიხედვითაც შსს-ს აქვს პირდაპირი წვდომა ფარული მიყურადების განხორციელებისთვის, მაგრამ ამავე დროს საკონტროლო გასაღებს უნდა ფლობდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.
ხმალაძის კანონპროექტს უმრავლესობის შიგნით მხარს უჭერენ “რესპუბლიკელები” და “ქართული ოცნების” ცალკეული დეპუტატები. გუშინ საპარლამენტო განხილვის დროს უმრავლესობის წარმომადგენლებმა რესპუბლიკური პარტიიდან განაცხადეს, რომ ფოფხაძე-ბესელია-სესიაშვილის კანონპროექტი სინამდვილეში შსს-შია დაწერილი და მას ლევან იზორიას ხელწერა ეტყობა, რის საპასუხოდაც დღეს იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა:
“ეს არასწორი ინფორმაციაა. ქალბატონ ეკას [ბესელიას] კონსულტაციები არა მხოლოდ ამ კანონპროექტზე, არამედ სხვა კანონპროექტებთან დაკავშირებითაც ხშირად ჰქონია ჩვენთან, მე გავიხსენებ პოლიციის შესახებ კანონს. ასევე, ვიტყვი, რომ არა მხოლოდ ჩვენს უწყებასთან, მე რამდენადაც ვიცი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთანაც აქვს კონსულტაციები, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ინიციატივა, ერთი მხრივ, ეხება ჩვენს უწყებას და მეორე მხრივ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ეს ბუნებრივიციაა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებაა, რომ მან ეს კონსულტაციები პასუხისმგებელ უწყებებთანაც გაიარა”.
ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტთან დაკავშირებით არსებობს შენიშვნა იმის გამო, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი უნდა იყოს მაკონტროლებელი ორგანო, კანონპროქტით კი ის ფარული მიყურადების განხორციელების პროცესის მონაწილე ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში, მას კიდევ დამატებით დაჭირდება მაკონტროლებელი ორგანოს ზედამხედველობა. ამასთან დაკავშირებით ლევან იზორია განმარტავს:
“მე, როგორც იურისტი, გეტყვით, რომ ნებისმიერ პროცესში სხვადასხვა სუბიექტები მონაწილეობენ სხვადასხვა ფუქნციებით. ამ შემთხვევაში, როდესაც მეორე გასაღებზეა საუბარი, ეს ე.წ. მეორე გასაღები ევროსაბჭოს ექსპერტის მიერ გაჟღერებული ინიციატივაა, რომელიც ითვალისწინებს ერთ რამეს, მეორე გასაღები არის ე.წ. მაკონტროლებელი ფუნქცია, ანუ ეს არ არის ტექნიკური ფუნქცია, იმიტომ, რომ ერთსაც შეუძლია ჩართოს. მეორე შემოდის იმიტომ, რომ პირველი გააკონტროლოს, გამომდინარე იქიდან, რომ 1 აგვისტოდან პერსონალურ მონაცემთა დაცვა, მათ შორის ფარული მიყურადება ინსპექტორს აკისრია, მის ხელშია სწორედ ეს მეორე გასაღები – მაკონტროლებელი და საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება.
თვითონ ქალბატონი ეკას ინიციატივა იყო, რომ მეორე გასაღები ჰქონდეს ინსპექტორს. გამოიკვეთა ახლა პოზიციები, რომ ეს ტექნიკური შესაძლებლობები ინსპექტორს ჯობია არ ჰქონდეს, ანუ მხოლოდ ელექტრონული წვდომა ჰქონდეს და კონტროლის შესაძლებლობა. პარლამენტი იმსჯელებს ამ თემაზე. მე არც ერთ და არც მეორე პოზიციაში ურთიერთგამომრიცხავს ვერ ვხედავ. თუ უკეთესი იქნება, რომ ჰქოდნეს ელექტრონული ზედამხედველობის ფუნქცია ე.წ. გასაღების გარეშე, მაშინ თვითონ პარლამენტარებს შეუძლიათ მიიღონ ეს გადაწყვეტილება, ვერაფერს საგანგაშოს ვერ ვხედავ”, – განაცხადა იზორიამ.