შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ახალქალაქში ორი ადამიანი პოლიციის წინააღმდეგობისთვის და წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს.
6 ივნისს, საღამოს, გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელების ფორმაში გამოწყობილი ადამიანები ავტომობილის მძღოლის დაკავებას ცდილობენ, ის კი წინააღმდეგობას უწევს. მძღოლის მოსახმარებლად რამდენიმე ადამიანი მორბის და პოლიციას მოქალაქის დაკავებას არ ანებებს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, პატრულს მოტოციკლეტისტი ჰყავდა გაჩერებული, როდესაც გამვლელი ავტომობილი, მერსედესის მარკის მანქანა, გაჩერდა და იკითხა, „რაში იყო პრობლემა“; გამოცემის თანახმად, პატრულმა მას უთხრა, გზა გაეგრძელებინა, თუმცა მძღოლმა „ისევ იკითხა რაღაც“, რის შემდეგაც იგი მანქანიდან გადმოათრიეს.
შსს ასეთ ვერსიას ჰყვება: სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ახალქალაქში მოძრაობის წესების დარღვევისთვის შეაჩერეს მძღოლი; მისი დაჯარიმებისას „რამდენიმე ადგილობრივმა მძღოლის მხარდაჭერის მიზნით წინააღმდეგობა გაუწიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს… მათ სამართალდამცველებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს“.
ისინი პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი) და წვრილმანი ხულიგნობისთვის (166-ე მუხლი) ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შსს-ის ცნობით, დაკავებულები გადაყვანილი არიან პოლიციის განყოფილებაში.