საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საბაჟო პუნქტ ლარსზე მგზავრთბრუნვა — არა 20 ათასი, არამედ 16 286 იყო.
„სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს ბოლო 24 საათში, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ცალკეული დაინტერესებული პირების მხრიდან მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება. განვმარტავთ, რომ ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, სხვადასხვა ქვეყნის 7880-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. ასევე, ანალოგიურ პერიოდში, ამავე გამშვები პუნქტით ქვეყანა დატოვა სხვადასხვა ქვეყნის 8406-მა მოქალაქემ“, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყება ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდებს, „თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ასევე, სხვადასხვა მონაცემის არასწორი ინტერპრეტაციითა და დამახინჯებული ფორმით გავრცელებისგან“.
საქართველოს შსს მედიასაშუალებებს პასუხობს, თუმცა ზემო ლარსზე რეკორდული სამგზავრო ნაკადის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა (ФТС) გაავრცელა და არ დაუკონკრეტებია, რომ 20 ათასმა ადამიანმა საზღვარი მხოლოდ ერთი, საქართველოს მიმართულებით გადმოკვეთა.
„ტურისტული ნაკადის მაღალ ინტენსივობას თან ახლავს მსუბუქი ტრანსპორტის რეკორდული რაოდენობა. საბაჟო და სასაზღვრო სამსახურები იღებენ ყველა საჭირო ზომას სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელი გატარებისთვის. მორიგე ცვლები გაძლიერებულია, მობილიზებულია მეტი თანამშრომელი, რაც გამტარუნარიანობის გაზრდისა და ტრანსპორტის ოპერატიულად გაფორმების საშუალებას იძლევა. მსგავსი დინამიკა უკვე რამდენიმე დღეა ფიქსირდება: 15 და 16 აგვისტოს გამშვები პუნქტის გავლით დღე-ღამეში 19 ათასზე მეტი ადამიანი გადაადგილდებოდა. მიმდინარე მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლების ანალოგიური პერიოდების მონაცემებს“, — ნათქვამია განცხადებაში.
მაღალი დატვირთულობის გამო, რუსეთი თავის მოქალაქეებს სთხოვს, საქართველოში და უკან მგზავრობის დაგეგმვისას გაითვალისწინონ საგზაო ვითარება, ასევე მკაცრად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.
„მზად იყავით გზაში გატარებული დროის გაზრდისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში.
24 საათში რუსეთ-საქართველოს საზღვარი 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა
