“მე მივესალმები დისკუსიას ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ორი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა აქ განსასაზღვრი: პირველი – კანონიერ მიყურადებას უნდა ახორციელებდნენ ამ საქმის პროფესიონალები, და მეორე – ნებისმიერი სქემა, რომელიც განიხილება, უნდა გამორიცხავდეს სასამართლოს ნებართვის გარეშე ნებისმიერ მიყურადებას. იმედი მაქვს, ეს დისკუსია მალე დასრულდება, მიიღებს კანონის ფორმას და მე არ ვიქნები დაყენებული იგივე ფორსმაჟორული არჩევანის წინაშე, როგორც წინა შემთხვევაში. მადლობა მინდა ვუთხრა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც დიდი იმედი მომცა, რომ მე არ მექნება საათებსა და წუთებში ჩემი პოზიცია ჩამოსაყალიბებელი”, – განუცხადა მედიას საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის კომენტარს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა:
“ის, რომ დედამიწის ზურგზე ეს საკითხი ბოლომდე ვერსად და არსად ვერ მოგვარდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ნაბიჯი არ გადავდგათ ამ მიმართულებით. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არის ძალიან ბევრი ვერსია და ვარიანტი. საკითხმა შეიძინა საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური დატვირთვა და მხოლოდ ტექნიკურ საკითხებში არ უნდა ჩავეფლოთ, პოლიტიკურადაც უნდა მოგვარდეს ეს საკითხი. იმედი მაქვს, რომ პარლამენტში ეს მოხერხდება.”
პარლემენტში ფარული მოსმენების ე.წ. გასაღების საკითხზე ორი კანონპროექტს აქვს გავლილი რეგისტრაცია.
დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, ფარული მოსმენების ე.წ. გასაღების საკითხზე მან ირაკლი სესიაშვილთან და გედევან ფოფხაძესთან ერთად მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მოსმენებზე ერთ “გასაღებს” შსს, ხოლო მეორე გასაღებს – პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი უნდა ფლობდეს.
პარალელურად არსებობს ვახტანგ ხმალაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, მხოლოდ ერთი გასაღების არსებობას გულისხმობს და მას კომუნიკაციები ეროვნული კომისია ფლობს. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც “ეს შენ გეხებას” ფარგლებში მუშაობენ, მიიჩნევენ, რომ ე.წ. გასაღებ” შსს არ უნდა ფლობდეს.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება ე.წ. გასაღების არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტს და აცხადებს, რომ ეს ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება. ღარიბაშვილი მხარს უჭერს ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს და დეპუტატებს მოუწოდებს, აღნიშნულ საკითხს მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ, ვინაიდან, მისი თქმით,” საუბარია სახელმწიფოებრივ საიდუმლოებასა და ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე.”
პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომელის თანახმადაც, გასაღები კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროში რჩებოდა, 31 ოქტომბერს ვეტო დაადო. პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, პარლამენტს 2014 წლის 1 დეკემბრამდე ექნება ვადა უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციის მიღება, რომლითაც განისაზღვრება ე.წ. გასაღების ფლობის საკითხი.
