ახალი ამბებიკომენტარი

გარეჯთან მიმართებაში ამოცანა სტატუს-კვოს შენარჩუნება უნდა იყოს – დავით ბატაშვილი

28 მაისი, 2019 • 3459
გარეჯთან მიმართებაში ამოცანა სტატუს-კვოს შენარჩუნება უნდა იყოს – დავით ბატაშვილი

დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლის შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” რონდელის ფონდის მკვლევარ დავით ბატაშვილს ესაუბრა.


– დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დღეს სასულიერო პირების და საზოგადოებრივი ჯგუფების საპროტესტო აქცია, სახელწოდებით “გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია” იმართება. რამდენად უწყობს ხელს ასეთი აქტივობები პრობლემის მოგვარებას?

– ასეთი აქციების გამართვას, რბილად რომ ვთქვათ, არავითარი სარგებელი არ მოაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რაც, როგორც ჩანს, ბევრ ადამიანს არ აქვს გააზრებული, რომ თვითონ დავითგარეჯის ლავრაზე  საუბარი არ არის და აზერბაიჯანული მხარე არ აცხადებს არანაირ ტერიტორიულ პრეტენზიებს ლავრასთან დაკავშირებით. მაგრამ გარშემო ზოგიერთ ობიექტზე, რომლებიც უკავშირდება გარეჯის კომპლექსს, არის პრობლემა. ეს პრობლემა წარმოიშვა იმის შედეგად, თუ როგორ  გაავლო ადმინისტრაციული საზღვრები ბოლშევიკურმა რეჟიმმა მას შემდეგ, რაც 1920 წელს – აზერბაიჯანის, 1921 წელს კი საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. ერთადერთი სწორი გზა დღევანდელ ვითარებაში არის კონსტრუქციული დიალოგი. თუ ეს ნაწილი ეკუთვნის აზერბაიჯანს, ტერიტორიული პრეტენზიის გამოცხადებას აზრი არა აქვს. თუმცა კონსტრუქციულობა გამოიხატება  იმაში, რომ ტურისტებისთვის და ადგილობრივი სასულიერო პირებისთვის შესაძლებელი უნდა იყოს თავისუფლად გადაადგილება ამ ძეგლებისკენ. ამაზე უნდა მიმდინარეობდეს მუშაობა. ეს აგრესიის გამოხატვა, რაც ბოლო დროს შეინიშნება, არავითარ შემთხვევაში, არცერთი გაგებით არ არის სასარგებლო და უშუალოდ დავითგარეჯის ვიწრო პრობლემის გარდა, ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს უსაფრთხოების კუთით, პოლიტიკური ვითარების ესკალაციის მხრივ, რაც უკიდურესად მიუღებელია დღეს არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.

– პატრიარქმა განაცხადა იმ შთაბეჭდილების შესახებ, რომ “აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას, რომელიც თავისი მიზნის განხორციელებისთვის, სამწუხაროდ, დასაყრდენს პოულობს როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში”. ვინ მოიაზრება “სხვა ძალაში” და პატრიარქის განცხადება რატომ არ გახდა გზამკვლევი სასულიერო პირებისთვის, ვინც დღეს აქცია-მსვლელობაში მონაწილეობდნენ?

– პატრიარქის განცხადების შინაარსი არის ძალიან ზუსტი. ეს სხვა ძალა, მოდით, პირდაპირ ვთქვათ – რუსეთი – ნამდვილად არის დაინტერესებული საქართველოს და აზერბაიჯანის ურთიერთობის გაფუჭებაში და ყველა, ვინც ნებით თუ უნებლიეთ ამას უწყობს ხელს, ობიექტურად მოქმედებს საქართველოს ინტერესების და უსაფრთხოების წინააღმდეგ. რატომ არ არის  საკმარისი პატრიარქის განცხადება იმათთვის, ვინც დღეს აკეთებს იმას, რასაც აკეთებს დავითგარეჯის საზღვრის მონაკვეთზე, გაუგებარია.

– აქვთ თუ არა საქართველოს და აზერბაიჯანს რესურსი, გადაწყვიტონ საზღვრის დელიმიტაციის საკითხი ორივე ქვეყნისთვის მისაღები სცენარით? და თუ არცერთი მხარე არ არის მზად დათმობისთვის,  რა გამოსავალი რჩება შექმნილი ვითარებიდან?

– ნებისმიერ სახელმწიფოს, როცა აკონტროლებს რაღაც ტერიტორიას,  არანაირი სურვილი არა აქვს მისი დათმობის, მიუხედავად იმისა, მისთვის რა ფასეულობას წარმოადგენს ან არ წარმოადგენს ეს ტერიტორია. ქართული ისტორიული ძეგლები არის თურქეთში, სომხეთშიც, მაგრამ არავინ აბრუნებს ამ ტერიტორიებს საქართველოს შემადგენლობაში, რაც სრულიად ბუნებრივია. ცხადია, რომ ტერიტორიის დათმობას არავინ აპირებს, ამიტომ ჯანსაღი გადაწყვეტა საკითხის უნდა იყოს სტატუს-კვოს შენარჩუნება – საზღვრის იმ მონაკვეთებზე მოქმედებდეს თავისუფალი გადაკვეთის რეჟიმი ტურისტებისთვის და ადგილობრივი სასულიერო პირებისთვის. იმის მიუხედავად, სად გადის საზღვარი, ამ საზღვართან  ახლოს, აზერბაიჯანის მხარეს არსებულ ძეგლებთან მისვლის პრობლემა არ ჰქონდეთ ადამიანებს საქართველოს მხრიდან. რაც არის კიდევაც ასე, გარდა იმ შემთვევებისა, როდესაც აზერბაიჯანული მხარე კეტავს ამ მისასვლელს.

– პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საზღვრის დელიმიტაციის თემის წამოწევა და ამის შემდეგ გარეჯში ჩასვლა, რამდენად მიზანშეწონილი იყო? მეორე მხრივ, აზერბაიჯანის მიერ გადაადგილების უფლების ხელმეორედ შეზღუდვა და გზის გაყვანა დელიმიტაციის კომისიის სხდომის პარალელურად შეიძლება შეფასდეს როგორც არაკეთილმეზობლური ჟესტი?

– სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ეს ნამდვილად არ იყო სწორი და საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება. ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე შეუძლებელია არსებული სტატუს-კვოს (როდესაც თავისუფლების გადააგილების რეჟიმი მოქმედებდა) გაუმჯობესება, ხოლო გაუარესება შესაძლებელია და ეს დადასტურდა კიდეც. ამიტომ სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯი, რბილად რომ ვთქვათ, არ იყო სასარგებლო და სავარაუდოდ, გამწვავებას შეუწყო კიდეც ხელი.

რაც შეეხება აზერბაიჯანის მიერ გზის გაყვანას, ეს შეიძლება იყოს ერთგვარი ტაქტიკა ამ მოლაპარაკებების დროს ან სხვა პოლიტიკური მიზნებისთვის. ასეთი  სიმბოლური ჟესტები – ზოგჯერ კარგი და ზოგჯერ ცუდი – გამაღიზიანებელი ხდება, თუმცა ტერიტორიული კონტროლის თვალსაზრისით ეს ვითარების არსს არ ცვლის. საქართველოს ტერიტორიაზე არავინ გადმოდის. რა თქმა უნდა, ეს კარგი არ არის და შეიძლება, აზერბაიჯანშიც ბოლომდე არ არის შეფასებული, ქართული საზოგადოების ნაწილისთვის რამდენად გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს ასეთი ქმედება, მით უმეტეს, იმ დროს, როცა ბევრ ადამიანს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ სინამდვილეში რა ხდება, რაზე აქვს აზერბაიჯანს პრეტენზია, რაზე – საქართველოს. ამის ფონზე, როგორც გულწრფელად აღშფოთებული ადამიანები, ასევე პროვოკატორები შეიძლება ხელს უწყობდნენ ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას.

– დღევანდელ აქციაზეც გაისმა მსგავსი ნარატივი და საზოგადოების გარკვეულ ნაწილი სვამს კითხვას, რომ თუ რუსეთი ოკუპანტია, აზერბაიჯანი რატომ არ ითვლება ასეთად. შეგიძლიათ ამ საკითხის განმარტება?

– საქართველო არსებობს მსოფლიო რუკაზე გარკვეულ საზღვრებში. იმის მიუხედავად, რა იყო პირველი რესპუბლიკის დროს, რა იყო მეთორმეტე საუკუნეში, დღეს საქართველოს კანონიერი საზღვარი დადგენილია 1991 წლის მდგომარეობით. ამ საზღვარს რუსეთი ლახავს და ახდენს საქართველოს ტერიტორიის ⅕-ის ოკუპაციას. სხვა არავინ, მათ შორის არც აზერბაიჯანი, ამ 1991 წლის საზღვარს არ ლახავს და არ იპყრობს საქართველოს ტერიტორიას და მათ შორის, არც თვითინ დავითგარეჯის მონასტრის ლავრაზე, რომელიც ქართულ მხარეს მდებარეობს, პრეტენზია არ აქვს.

ამავე თემაზე

რა ვიცით დავითგარეჯის პრობლემაზე – მოკლედ და გასაგებად

მასალების გადაბეჭდვის წესი