ახალი ამბები

საფინანსო კომპანია საქართველო და მისი დაზარალებულები 70 მილიონს რ2-ს სთხოვენ

28 მაისი, 2019 •
საფინანსო კომპანია საქართველო და მისი დაზარალებულები 70 მილიონს რ2-ს სთხოვენ

საფინანსო კომპანია “საქართველოსა” და ამავე კომპანიის ქმედებებით დაზარალებული მოქალაქეები ზიანის ანაზღაურებას ტელეკომპანია რუსთავი 2-სგან ითხოვენ. ამის შესახებ ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ დღეს, 29 მაისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

კობაიძის თქმით, “საქართველოსა” და მის მიერ დაზარალებულებს საერთო ინტერესი – ზიანის ანაზღაურება აქვთ და სწორედ ამიტომ უჩივლეს რუსთავი 2-ს. მისივე განმარტებით, სარჩელი წარმოებაში უკვე მიიღო სასამართლომ.

“მეანაბრეების შეფასებით, ზიანი მიადგათ არათუ კომპანია “საქართველოდან”, არამედ რუსთავი 2-ის 2016 წლის სექტემბერ-ოქტომბერში მომზადებული სიუჟეტებით, სადაც ტელეარხი ამბობდა, რომ ეს კომპანია იყო ფინანსური პირამიდა. რაც შეეხება რეალობას, რეალობა არავის გაუჟღერებია, მაგალითად, ის, რომ “საქართველო” აღიარებული კვალიცფიური საკრედიტო ინსტიტუტი იყო, ასევე, იმ დროისთვის არანაირი ვალდებულება და დავალიანება  არ ჰქონია სახელმწიფო ინსტიტუტებთან, ასევე, კერძო პირებთან”, – აცხადებს კობაიძე.

ის ირწმუნება, რომ რუსთავი 2-ის სიუჟეტების შემდეგ საფინანსო კომპანიაში მეანაბრეები მასობრივად მივიდნენ და ვინც მოასწრო თანხის გატანა, გაიტანა, რის შემდეგაც კომპანიაში ფული არ დარჩა და ასეულობით სხვა მეანაბრემ კუთვნილი თანხის მიღება ვერ შეძლო.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ეს მოთხოვნა აბსურდულია, რადგან მედიის ფუნქციას პრობლემის გაშუქება წარმოადგენს და ტელეარხმაც სწორედ აღნიშნული პრობლემა გააშუქა.

მეანაბრეების თანხების გაფლანგვისთვის სასამართლომ “საქართველოს” დირექტორსა და სხვა პირებს 10, 8 და 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი