ახალი ამბები

ავსტრიის პარლამენტმა კანცლერი და მთავრობა გადააყენა

27 მაისი, 2019 •
ავსტრიის პარლამენტმა კანცლერი და მთავრობა გადააყენა

ავსტრიის პარლამენტმა ქვეყნის კანცლერი სებასტიან კურცი და მისი მთავრობა გადააყენა. 27 მაისის კენჭისყრაზე მას უნდობლობა გამოუცხადეს როგორც მემარცხენე-ცენტრისტულმა “სოციალ-დემოკრატებმა”, ისე კურცის ყოფილმა კოალიციურმა პარტნიორმა, ულტრამემარჯვენე “თავისუფლების პარტიამ”.

კურცი გახდა პირველი კანცლერი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ავსტრიაში, რომელიც პოსტიდან ამ ფორმით გადააყენეს.

უნდობლობის კენჭისყრის საკითხი “სოციალ-დემოკრატებმა” “იბიცის სკანდალის” შემდეგ დააყენეს. ისინი აცხადებდნენ, რომ კურცი არასდროს უნდა შესულიყო კოალიციაში ულტრამემარჯვენე “თავისუფლების პარტიასთან”. “თავისუფლების პარტია” კი კურცზე განაწყენებული იყო სკანდალის შემდეგ მისი ხისტი ქმედებების გამო.

რა მოხდა მანამდე? – “იბიცის სკანდალი” და შემდგომი მოვლენები

კორუფციული სკანდალი  გერმანული პრესის მიერ ფარული ვიდეოკადრების გავრცელებით დაიწყო, რომლის მთავარი მოქმედი პირი  უკვე ყოფილი ვიცეკანცლერი ჰაინც-კრისტიან შტრახე იყო. მედიის ცნობით, ვიდეო ესპანეთის კურორტ იბიცაში, ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებამდე თვეებით ადრეა გადაღებული.

კადრებში ჩანს, როგორ სთავაზობდა შტრახე სახელმწიფო კონტრაქტებს რუსი ოლიგარქის ნათესავად და რუს ინვესტორად წარმოდგენილ ქალს, თუ ის არჩევნებში მის პარტიას დაეხმარებოდა. ისინი ასევე საუბრობდნენ ავსტრიის მთავარი გაზეთის ხელში ჩაგდებაზე, პარტიის სასარგებლოდ.

შტრახე ვიდეოს გამოქვეყნებიდან მეორე დღეს  პოსტიდან წავიდა. გადადგომაზე განცხადების გახმიანებისას შტრახემ თავისი საქციელი ალკოჰოლს დააბრალა და თქვა, რომ “სულელურად” და “უპასუხისმგებლოდ” მოიქცა.

კორუფციული სკანდალის შემდეგ ქვეყნის კანცლერმა და “ხალხის პარტიის” ლიდერმა სებასტიან კურცმა უკვე ყოფილი ვიცეკანცლერის  ქმედებები დაგმო, კოალიციური მთავრობის შენარჩუნება გამორიცხა და  ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა. მას დაეთანხმა ქვეყნის პრეზიდენტიც და არჩევნები სექტემბრისათვის დააანონსა.

ამის შემდეგ კურცმა გადააყენა შტრახეს თანაპარტიელი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც სოლიდარობა სხვა ულტრამემარჯვენე მინისტრებმაც გამოუცხადეს და პოსტები დატოვეს.

ავსტრიის 2017 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყნის მთავრობას კანცლერ კურცის მემარჯვენე-ცენტრისტული “ხალხის პარტია” და გადამდგარი ვიცეკანცლერის ულტრამემარჯვენე “თავისუფლების პარტია” აკომპლექტებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი