ახალი ამბებიკომენტარი

არასრულწლოვანთა ქორწინება სახელმწიფოს ყურადღების მიღმა — ინტერვიუ ეკა სხილაძესთან

24 მაისი, 2019 •
არასრულწლოვანთა ქორწინება სახელმწიფოს ყურადღების მიღმა — ინტერვიუ ეკა სხილაძესთან

დედა, რომელსაც 7 თვის შვილის მკვლელობას ედავებიან, თვითონაც არასრულწლოვანია. იმის მიუხედავად, თუ გამოძიება რა შედეგით დასრულდება და სასამართლო რა ვერდიქტს გამოიტანს, დარჩება შეკითხვა, რომელიც სახელმწიფოს ზოგად პოლიტიკას მიემართება — რატომ რჩება სახელმწიფოს ყურადღების მიღმა არასრულწლოვანთა კანონით აკრძალული ქორწინება?

სახალხო დამცველის ბოლო მონაცემებით, 2018 წელს მშობლად დარეგისტრირდა 715 არასრულწლოვანი დედა და 23 არასრულწლოვანი მამა, რაც პრობლემის გენდერულ განზომილებას უსვამს ხაზს. რომელ სახელმწიფო სტრუქტურებში უნდა ხვდებოდეს არასრულწლოვნის შესახებ ინფორმაცია? როგორ მუშაობს და უნდა მუშაობდეს მზრუნველობის სისტემა?

ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრა ნეტგაზეთი სახალხო დამცველის მოადგილეს, ეკატერინე სხილაძეს.

საიდან შეიძლება სახელმწიფომდე მიაღწიოს ინფორმაციამ, რომ გოგოები ადრეულ ასაკში არაფორმალურად ქორწინდებიან?

სახალხო დამცველის აპარატის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ საქართველოში ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინება კვლავ ტენდენციად და გამოწვევად რჩება. მთავარი პრობლემა არის ის, რაზეც სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში საუბრობს: ხშირად არ აწვდიან შესაბამის უწყებებს დროულად ინფორმაციას.

მაგალითად, საგანმანათლებლო დაწესებულებები არ აწვდიან ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს. ასევე, საკმაოდ სუსტია უწყებებს შორის კოორდინაცია და კომუნიკაცია მომხდარ შემთხვევებთან დაკავშირებით.

სამწუხარო ტენდენციაა ისიც, რომ ხშირად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები არ აღრიცხავენ მოსწავლის სკოლაში გამოცხადების ფაქტს, არ უთითებენ დასწრების მაჩვენებელს სწორად, — ამაზე სახალხო დამცველს ცოტა ხნის წინ რეკომენდაციაც ჰქონდა, — რითაც ისინი ერთგვარად ფარავენ ადრეულ ასაკში ქორწინებისა თუ ნიშნობის შემთხვევებს.

ფეხმძიმობისა და მშობიარობის ეტაპზე არის თუ არა საავადმყოფო და ჯანდაცვის სისტემა კიდევ ერთი რგოლი, საიდან სახელმწიფომ შეიძლება ინფორმაცია მიიღოს?

დიახ. ხშირად სახელმწიფოსთვის ერთადერთ გზად რჩება ამ შემთხვევების შესახებ გაიგოს და რეაგირება მოახდინოს, როდესაც არასრულწლოვანი გოგო იმშობიარებს. სამწუხაროა ეს, რადგან სახელმწიფოს აქვს პროაქტიულად შემთხვევების გამოვლენის ვალდებულება. რეაგირების მაჩვენებელსაც თუ გადავხედავთ, არ ხდება ეფექტური რეაგირება. კერძოდ, ის არსებული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა შემწყნარებლურია მსგავსი შემთხვევების მიმართ, რაც, რა თქმა უნდა, პრაქტიკაში შესაძლოა იწვევდეს, ერთი მხრივ, იმას, რომ კონკრეტულ შემთხვევებზე ვერ ხდება ეფექტური რეაგირება და არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების დაცვა, ხოლო, მეორე მხრივ, შესაძლოა პრევენციულ ღონისძიებებზე ძალიან ნეგატიური გავლენა იქონიოს. მაშინ როდესაც საზოგადეობას აქვს განცდა, რომ ამ შემთხვევაში არ მოხდება შესაბამისი რეაგირება, ეს შეიძლება შემდგომში მსგავსი ფაქტების წამახალისებელიც იყოს.

ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ სწავლება არ არის ინტეგრირებული შესაბამისი სახით ფორმალურ საგანმანათლებლო სისტემაში. ის ფრაგმენტულია და ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს იმისთვის, რომ ერთი მხრივ, მოხდეს ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინებების პრევენცია, ხოლო, მეორე მხრივ, იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ უფრო მეტი ინფორმაცია მსგავსი შემთხვევების მავნე ზეგავლენისა თუ ხასიათის შესახებ.

სახალხო დამცველის 2017 წლის სპეციალურ ანგარიშში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ წერია, რომ პოლიცია და სხვა უწყებები არ აღიქვამენ დარღვევად 18 წლამდე ქორწინებას, — ხშირად უთითებენ ქორწინების ნებაყოფლობითობაზე ან ტრადიციულ ფაქტორებზე და არ ატარებენ ქმედით ღონისძიებებს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად. რამდენად არის ეს მათი გადასაწყვეტი? აქვთ მათ ამის შეფასების უფლებამოსილება?

საზოგადოებაში დამკვიდრებული მცდარი შეხედულებები ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვრცელდება პროფესიონალებზეც — იმ ადამიანებსა თუ უწყებებზე, რომლებსაც ამ შემთხვევებზე რეაგირება ევალებათ.

პრაქტიკაში ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც მსგავს ფაქტებზე სამართალდამცავი თუ სოციალური დაცვის სისტემის წარმომადგენელი უწყებების მხრიდან არასაკმარისი ღონისძიებები ტარდება. შეგვიძლია აქვე ვისაუბროთ სოციალური მუშაკების ჩართვის მნიშვნელობაზეც და იმაზეც, რომ მათი მწირი რესურსების, მცირე რაოდენობის თუ სხვა პრობლემების გამო ისინი ეფექტურად ვერ მართავენ ამ შემთხვევებს. კერძოდ, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მათთვის ცნობილია მსგავსი ფაქტების შესახებ, მათი რეაგირება დაგვიანებულია ან ფრაგმენტული. ეს ვერ უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების სისტემურ დაცვას.

იმავე ანგარიშში მითითებულია, რომ სოცმომსახურების სააგენტოს უჭირს, მიიღოს ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის გადაწყვეტილება და ცდილობს, დაფაროს ოჯახში არსებული პრობლემები. იქვე მოყვანილია ასეთი შემთხვევაც, როდესაც სოცმუშაკმა არასრულწლოვნის ოჯახში ყოფნის გამართლებისთვის ფორმალური საფუძვლის შესაქმნელად სავარაუდო მოძალადის, ანუ საქმროს დედა დანიშნა მზრუნველად. ხშირია ხოლმე მსგავსი შემთხვევები?

სახალხო დამცველის პრაქტიკის მიხედვით და ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ ადრეულ ასაკში ბავშვთა ქორწინებაზე, პასუხისმგებელ უწყებებს შორის მთავარი როლი ეკისრება სკოლას, რომელიც ხშირად პირველი იგებს მსგავსი შემთხვევების შესახებ, რომ დროულად მოახდინოს რეფერირება. მეორე უწყება არის სოციალური სამსახური, როდესაც მშობელი არ ან ვერ უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვას ან უგულებელყოფს მას, რომელიც უნდა ჩაერთოს და რეაგირება ჰქონდეს მსგავს შემთხვევებში; და, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი უწყება. ჩვენ ყველა მიმართულებით ვხედავთ გამოწვევებს, რადგან, სამწუხაროდ, ადრეულ ასაკში ბავშვთა ქორწინებას, მის პრევენციას და შემთხვევებზე რეაგირებას კვლავ არ ექცევა სათანადო ყურადღება და მასზე ეფექტური რეაგირება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ხოლმე.

სხვადასხვა ანგარიშის თანახმად, პრობლემად იკვეთებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პრაქტიკაში აღსრულება. ეს ის მუხლია, რომელიც კრძალავს 16 წლამდელთან სქესობრივ კავშირს. როგორ უნდა იქცეოდეს პოლიცია?

მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს პრევენციაზე, რათა ასეთი შემთხვევები არ ხდებოდეს, ხოლო მომხდარ შემთხვევებში რეაგირება ეფექტური უნდა იყოს, რათა საზოგადოებაში უფრო მეტად განმტკიცდეს წარმოდგენა ადრეულ ასაკში ბავშვთა ქორწინების კანონსაწინააღმდეგო ხასიათის შესახებ.

როდესაც ვხვდებით მოსახლეობას, ხშირად ისინი მიუთითებენ, რომ სახელმწიფოს რეაგირება ყოველთვის არ არის ადეკვატური და შესაბამისი, ეს კი მსგავს შემთხვევებს ახალისებს და პირიქით, ხელს უწყობს მსგავსი პრაქტიკების დამკვიდრებას. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე ეფექტური რეაგირება არის გზა იმისთვის, რომ შემდგომი შემთხვევების პრევენცია მოხდეს.

შეგიძლიათ, აგვიხსნათ ლოგიკა კანონის იმ მუხლებს მიღმა, რომლებიც 18 წლამდე ქორწინებასა და 16 წლამდელთან სქესობრივ კავშირს კრძალავს? რა სირთულეებს იწვევს ეს როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში?

საქართველოში ქორწინების რეგისტრაციის წინაპირობა არის ის, რომ პირი იყოს სრულწლოვანი — 18 წლის ასაკიდან არის დასაშვები. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, აკრძალულია როგორც ქორწინების იძულება ნებისმიერი ასაკის მქონე პირისთვის; ასევე, აკრძალულია სექსუალური ხასიათის კავშირი 16 წელს მიუღწეველ პირთან.

ერთია, რას ამბობს კანონი, მეორე, როგორ აღესრულება ის პრაქტიკაში. სამწუხაროდ, ჩვენი შესწავლილი შემთხვევები მიუთითებს, რომ ხშირად მომხდარზე ეფექტური რეაგირება ვერ ხდება, გავრცელებულია ნიშნობების პრაქტიკა, რაც იწვევს გოგოების უფლებათა დარღვევას.

რა პრაქტიკაა ეს?

2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში ამაზე დეტალურად ვმსჯელობთ. კერძოდ, არასრულწლოვანთა ნიშნობა შეიძლება იწვევდეს რიგი უფლებების დარღვევას გოგოსთვის, მათ შორის, სკოლაში სიარულის აკრძალვას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიარულის აკრძალვას, საზოგადოებრივ ინტეგრაციას და სხვა. ნიშნობა, რისი დეფინიციაც არ არის კანონში გაწერილი, თუმცა დამკვიდრებული პრაქტიკაა, მთელი რიგი უფლებების დარღვევას იწვევს.

შესაბამისად, როგორც ვახსენე, ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლები უფრო აქტიურად მეთვალყურეობდნენ მსგავს შემთხვევებს, აღრიცხავდნენ და შესაბამის უწყებებს აწოდებდნენ რეაგირებისთვის.

როდესაც დგება ხოლმე მხოლოდ ცალკეულ პირთა პასუხისმგებლობა — პოლიციელის, მასწავლებლის, ა.შ. რამდენად საკმარისია ეს ნაბიჯი სისტემურ პრობლემასთან საბრძოლველად?

იმისთვის, რომ ვისაუბროთ ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების შემთხვევების აღმოფხვრასა და პრევენციაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სისტემური ხედვა გააჩნდეს თითოეულ უწყებას, მათ შორის, შიდა უწყებრივი მონიტორინგის მექანიზმები, რათა აკონტროლონ, მაგალითად, რეფერირების პროცედურით გათვალისწინებული ღონისძიებები.

რეფერირების პროცედურა ავალდებულებს ყველა შესაძლო უწყებას, ბავშვის მიმართ სავარაუდო ძალადობის შემთხვევაში მოახდინონ კომუნიკაცია და კოორდინაცია ერთმანეთთან, თუმცა ჩვენ ვხედავთ პრაქტიკაში, რომ ეს პრობლემაა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უწყებების ყურადღება გამახვილდეს ამ პროცედურის შესრულებაზე, მის განუხრელ დაცვაზე, მეორე მხრივ კი, ყველა შემთხვევაში ეფექტური რეაგირება ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა სხვა შემთხვევების პრევენცია ამით მოვახდინოთ, რადგან საზოგადოებაში გაჩნდება განცდა და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს არის კანონსაწინააღმდეგო ხასიათის მატარებელი ქმედება.

მასალების გადაბეჭდვის წესი