ახალი ამბები

პოლიციას შევატყობინეთ, რომ დაოჯახდა – სკოლის დირექტორი შვილის მკვლელობაში ბრალდებულზე

22 მაისი, 2019 •
პოლიციას შევატყობინეთ, რომ დაოჯახდა – სკოლის დირექტორი შვილის მკვლელობაში ბრალდებულზე

იმ სკოლის დირექტორი, სადაც 7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი გოგო ირიცხებოდა, ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ 2017 წელს გოგოს დაოჯახების ამბავი პოლიციას შეატყობინეს.

სკოლა ვალდებულია, 18 წლამდე მოსწავლის ქორწინების შემთხვევები პოლიციას შეატყობინოს. 18 წლამდე ქორწინება აკრძალულია. ამასთან, 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირი სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.

ნეტგაზეთს სკოლის დირექტორმა უთხრა: „თავის დროზე, როდესაც ეს ყველაფერი [ქორწინება] გახდა ჩემთვის ცნობილი, ჩვენი სოფლის პოლიციის განყოფილებაში იქნა შეტყობინება გაგზავნილი, მშობელიც იქ იყო. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც იყო საჭირო იმ მომენტისთვის“. დირექტორის თქმით, ეს ამბავი დაახლოებით 2017 წლის გაზაფხულზე ან ზაფხულში მოხდა.

განახლება, 21:13 – შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უწყება ინფორმირებული იყო როგორც არასრულწლოვნის სახლიდან წასვლის, ისე მის მიერ ბავშვის გაჩენის შესახებ, თუმცა მათმა თანამშრომელმა შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა. ამის გამო მას უფლებამოსილება შეუწყდა. გენერალური ინსპექცია აგრძელებს მოკვლევას, რათა დადგინდეს, პოლიციის სხვა მუშაკების მხრიდან იყო თუ არა რაიმე სახის გადაცდომა ან სამსახურეობრივი გულგრილობა.

17 წლამდე გოგო 7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით (დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით) დააკავეს. შსს-მ 22 მაისის დილას გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ბრალდებულმა საკუთარ სახლში 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. ბრალდება 13-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

შსს-ს განცხადებიდან ირკვევა, რომ დაღუპული ბავშვი შვიდი თვის იყო — ის 2018 წლის ოქტომბერში დაიბადა. შესაბამისად, იგი დაახლოებით 2018 წლის იანვარში ჩაისახა.

ამ დროს დედა 16 წელს მიღწეული არ იყო. დაღუპული ბავშვის მშობლები რეგისტრირებულ ქორწინებაში ვერ იქნებოდნენ, რადგან 18 წლამდელთა ქორწინება აკრძალულია. პარტნიორი კაცი კი ბავშვის სავარაუდო ჩასახვის მომენტშიც სრულწლოვანი იყო.

16 წლამდე ადამიანთან სექსუალური კავშირი დასჯადია და სექსუალურ ძალადობად კვალიფიცირდება. ნეტგაზეთი დაინტერესდა, დაიწყება თუ არა გამოძიება ამ მიმართულებითაც და დადგება თუ არა პარტნიორის პასუხისმგებლობა. ჩვენ ამ კითხვით მივმართეთ შსს-ს, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. ამ დროისთვის [22 მაისი, 20:30] გოგოს პარტნიორი, ვისთანაც ცხოვრობდა, არ დაუკავებიათ.

სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი, რომელიც 16 წლამდელთან სექსუალურ კავშირს კრძალავს, 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ნახეთ ასევე:

ბრალის წარდგენის მერე ვიტყვით, ბრალს აღიარებს თუ არა — 17 წლის დედის ადვოკატი

მასალების გადაბეჭდვის წესი