ინტერვიუ ნეტგაზეთისთვის ჩაწერა კინოკრიტიკოსმა ალექსანდრე გაბელიამ
დღეს კანის კინოფესტივალზე ლევან აკინის ქართულ-შვედური კოპროდუქციის And Than We Danced პრემიერა შედგა. ფილმი საქართველოში გადაღებული პირველი გეი დრამაა, რომელიც ქართული ტრადიციული ცეკვის ანსამბლის მოცეკვავეების (მერაბისა და ირაკლის) სასიყვარულო ისტორიას გვიამბობს და ეკრანზე ქვეყანაში დაგროვებული პრობლემების და განწყობების ასახვას ცდილობს. სეანსის შემდგომ მთავარი როლების შემსრულებელ მსახიობებს, ლევან გელბახიანს და ბაჩი ვალიშვილს ვესაუბრეთ
მოგვიყევით პროექტში ჩართვის პროცესსა და უშუალოდ კასტინგზე. ფილმის თემიდან გამომდინარე, ალბათ, ბევრ სირთულეებს წააწყდით. ასევე საინტერესოა ,აქამდე თუ გქონდათ კინოში მუშაობის გამოცდილება?
ლევან გელბახიანი:
– თავდაპირველად ლევან აკინმა ნახა ჩემი ფოტოები ინსტაგრამზე. სურათები ერთ-ერთმა პროდიუსერმაც ნახა. გაიგეს, რომ ვცეკვავდი და დაინტერსდნენ ჩემი კანდიდატურით. ფილმის თემიდან გამომდინარე რამდენჯერმე ვთქვი უარი პროექტში ჩართვაზე, რადგან ნამდვილად არ არის მარტივი ამბავი და დიდი ძალისხმევა, ასევე, გამბედაობის მოკრება დამჭირდა. ამავდროულად, ვფიქრობდი, რომ მსგავსი როლისთვის ჯერ არ ვიყავი მზად. შემდგომ მქონდა ლევანთან შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ არაერთ საკითხზე და უშუალოდ სცენარიც განვიხილეთ. რაც შეეხება ბიოგრაფიას, თეატრალური განხრით დავამთავრე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლა. დაწყებით სკოლაშიც მქონდა შეხება უშუალოდ ცეკვასთან. ასევე იყო ვორქშოფები, სადაც ამ პროფესიით დავინტერესდი და მუშაობა დავიწყე. მოგვიანებით შევუერთდი თეატრს “სინთეზი”, სადაც ქორეოგრაფი იყო გიორგი ღონღაძე და დავიწყე პროფესიონალურ დონეზე მომზადება ცეკვაში. ამ ყველაფერმა მომცა ის ცოდნა, რაც ნამდვილად დამეხმარა. ამჟამად შევუერთდი გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტს, სადაც ვვარჯიშობ და გავდივარ თანამედროვე ქორეოგრაფიის კურსს. ბავშვობიდან სპექტაკლებში და ეპიზოდურ როლებში ხშირად მიმიღია მონაწილეობა, თუმცა ასეთ მასშტაბურ და, ამავდროულად, სრულმეტრაჟიან პროექტზე პირველად მომიწია მუშაობა. ამ ყველაფერს უნივერსიტეტში პროფესიული სწავლების უქონლობაც ამძაფრებდა.
ბაჩი ვალიშვილი:
– თავდაპირველად ფეისბუქის მეშვეობით დამიკავშირდა კასტინგის აგენტი და მთხოვა სურათების გაგზავნა. დაინტერესებას და დადებით პასუხს საერთოდ არ ველოდი. ამ ყველაფერს მოჰყვა ვიდეოსინჯები. ცხადია, ქართული რეალობიდან გამომდინარე, მეც მქონდა ორჭოფობის მომენტი. ვშიშობდი, რომ შესაძლოა ეს საფრთხის შემცველი ამბავი ყოფილიყო, თუმცა, საბოლოო ჯამში, მეგობრების ძალისხმევით და სხვა ფაქტორებზე დაყრდნობით დავთანხმდი. როცა ხელოვანი ხარ და გინდა შენი სიტყვის თქმა, ვფიქრობ, რომ უნდა შეგეძლოს გადაწყვეტილების მიღება. მიხარია, რომ ეს გადაწვეტილება მივიღე და ამ პროცესის ნაწილი გავხდი. ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა და კანში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო. სკოლის პერიოდს რაც შეეხება, სკოლაში, მეექვსე კლასში, რეჟისორი თემურ ხუციშვილი მოვიდა და სწორედ მისი ძალისხმევით დავაარსეთ პატარა თეატრალური დარბაზი. ჯგუფში სულ ხუთი კაცი ვიყავით. ჩვენი ხელით და მინიმალური რესურსებით ავაწყეთ პატარა სცენა. როცა პროფესიის არჩევის დრო დადგა, თეატრალურში ვერ ჩავაბარე, რადგან ოჯახმა მითხრა უარი. მათ არ უნდოდათ, რომ სამსახიობოზე ჩამებარებინა და მირჩევდნენ ტელევიზიაში წასვლას. თავდაპირველად ვსწავლობდი ფსიქოლოგიაზე, შემდგომ დამაინტერესა ჟურნალისტიკამ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გადავიტანე საბუთები. სწორედ აქ აღმოვაჩინე რომ მსახიობის პროფესიის დაუფლება ამ უნივერსიტეტშიც შემეძლო და მობილობა გავაკეთე. გავიცანი ოთარ ეგაძე, რომელიც ძალიან კარგი და პროფესიონალი ადამიანი გამოდგა. ჯგუფთან ერთად რამდენიმე პატარა სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა და რამდენიმე მათგანი თეატრის რეპერტუარშიც არის. ეს პატარა გამოცდილება ამ ფილმის შექმნის პროცესში დამეხმარა, თუმცა არ ვთვლი, რომ ეს საკმარისი იყო. მიხარია, რომ ლევანთან მომიწია მუშაობა. იგი ძალინ კარგი რეჟისორია და პროფესიული კუთხით ძალიან გავიზარდე მუშაობის პროცესში.
როგორ გახსენდებათ გადაღების პერიოდი და შემოქმედებით გუნდთან თანამშრომლობის პროცესი?
ლევანი გელბახიანი:
– გადასაღებ მოედანზე უამრავ დაბრკოლებას წავაწყდით. ბევრმა მსახიობმა და მოცეკვავემ არ ისურვა ფილმში თამაში. ლოკაციებზეც პრობლემა გვქონდა. ფილმის თემატიკის გაცნობის შემდგომ ბევრმა ადამიანმა შეგვიქმნა დაბრკოლება. ეს პრობლემა დღის წესრიგში დგას და ამაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. გადაღების პროცესი ფანტასტიკური იყო და წარუშლელი გარემო და ატმოსფერო სუფევდა. ყველა ყველას უღიმოდა, ეფერებოდა და სტრესული სიტუაცია თითქმის არ ყოფილა გადასაღებ მოედანზე. ლევანი ფანტასტიკური რეჟისორია. გადაღებები 2018 წლის ოექტომბერში დავიწყეთ და ნოემბერში დავასრულეთ, რასაც წინ უძღოდა სამთვიანი მოსამზადებელი პერიოდი- ქორეოგრაფიული ხაზის გავლა, სცენების წინასწარ მომზადება და ა.შ. მისი უნიკალური თვისებაა ის, რომ სანამ ოფიციალურად დავიწყებდით მუშაობას, 24 საათის განმავლობაში ერთად ვიყავით და გავდიოდით რიგ საკითხებს. გვინდოდა, რომ ყველაფერი ნატურალისტური და რეალისტური ყოფილიყო და არ გაჩენილიყო ხელოვნურობის განცდა, რომელიც ხშირად გვახსენებს თავს ქართულ თანამედროვე კინოში. რეჟისორმა ბოლომდე გაგვიცნო და შეისწავლა ჩვენი ხასიათები და შესაძლებლობები. გადაღების პროცესში ძირითადად ვერბალური კონტაქტი გვქონდა.
ბაჩი ვალიშვილი:
– მსახიობებთან მიდგომა სეტზე და ტექნიკური ნიუანსები სრულიად ფანტასტიკური იყო. გადაღების პროცესში ძალიან გავიზარდეთ. არ ვიცი, მომავალში რა იქნება , თუმცა, რაც ამ ფილმმა მომცა, ჩემთვის ძალიან საამაყოა და უამრავი ახალი დეტალი ვისწავლე სამსახიობო ხელოვნების.
როგორ უყურებთ საქართველოს ჰომოფობიურ გარემოს? ხშირ შემთხვევაში ჰომოფობიას ჩვენთან არათუ ინდივიდუალისტური გამოვლინებაა, არამედ ინსტიტუციური საფუძვლები გააჩნია. იქნება ეს სახელმწიფო აპარატი, ეკლესია თუ იმ სოციალურ-კულტურული პრობლემების ჯაჭვი, რაც ჩვენ ქვეყანაში მრავლადაა…
ლევანი:
– LGBTQ თემს დიდ მხარდაჭერას ვუცხადებ. იმ სამთავრობო სტრუქტურებს, ეკლესიასა და ჩინოვნიკებს, რომლებიც ცდილობენ ამ საკითხით მანიპულირებას და პრობლემის გამწვავებას, კარგს ვერაფერს ვეტყვი. ერთი მომენტი ისაა, რომ არ ვბრაზდები ხალხზე და [სწორად] არ მიმაჩნიია სიძულვილზე სიძულვილით პასუხი. ამ ყველაფერს ჩვენი სისტემა და მენტალიტეტი ამძაფრებს, რაც საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, სამწუხაროდ, ვერ მოვიშორეთ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ფილმი არ ეხება მხოლოდ უმცირესობების საკითხს. ფილმი ქართულ რეალობას ასახავს და უამრავ აქტუალურ და მტკივნეულ პრობლემას ეხმიანება, რაც საზოგადოების ყველა სეგმენტშია დაგროვებული. ჩვენი ქვეყნის არაერთი მწვავე საკითხი იჭრება ფილმში წინა პლანზე.
ბაჩი:
– თემს დიდ მხარდაჭერას ვუცხადებ. ჩვენ ქვეყანაში რაც ხდება, ნამდვილად არ არის ჰუმანური. ჰომოფობია და სიძულვილი ადამიანის განსხვავებულობის გამო არასწორია. გაუნათლებლობა, ინფორმირებულობა და სექსუალური განათლების არარსებობა მთავარი პრობლემა მგონია. ჩვენ გამოვიარეთ საბჭოთა კავშირი და ჯერ ბოლომდე ვერ განვთავისუფლდით. ის ფაქტი, რომ სიძულვილს სიძულვით უპასუხო, გარკვეულწილად არასწორად მიმაჩნია, მაგრამ როცა ადამიანი გებრძვის, პროტესტის გამოხატვა ბუნებრივი მგონია. მიხარია, რომ ეს პოზიტიურად ხდება. აგრესიას სიყვარულით უნდა ვუპასუხოთ. ჩვენი ფილმიც ხომ სწორედ ასეთია და თავისუფლებაზე და სიყვარულზე გვიამბობს.
ფილმის ოპერატორ ლისაბი ფრიდელიზე რას გვეტყვით?
ლევანი:
– ლისაბისთან მუშაობა ძალიან კომფორტული იყო და მაქსიმალურად გვეხმარებოდა გადასაღებ მოედანზე. რიგ მომენტებში კამერის არსებობაც კი გვავიწყდებოდა. ასევე უნდა აღინიშნოს გამნათებელი და მთელი გუნდი. ხაზგასმით მინდა იმის თქმა, რომ ოპერატორიც და გამნათებელიც ქალები არიან და წარმოუდგენელი ძალები ჩადეს ფილმის შექმნის პროცესში. ეს ჩემთვის გენდერული თანასწორობის სიმბოლოდაც კი იქცა.
ბაჩი:
– სამანტასთან და ლისაბისთან მუშაობა სასწაული გამოცდილება იყო. გაკვირვებული ვიყავი დიდი მიზანსცენების და უწყვეტი კადრების გადაღების დროს, როგორ ახერხებდა ამხელა კამერის კონტროლს და ტარებას. დიდ პატივისცემას ვუდასტურებ ოპერატორსა და გამნათებელსაც.
როგორ მიიღებს ფილმს ქართული აუდიტორია, რა მოლოდინები გაქვთ?
ლევანი:
– ვფიქრობ, ორი მხარე გამოიკვეთება. თიზერის დადებიდან ცალსახად შეგვიძლია დავინახოთ, თუ ვინ გვიჭერს მხარს და ვინ არა. ფილმის გამოსვლის შემდგომაც ანალოგიურ სიტუაციას წავაწყდებით, უბრალოდ, უფრო დიდ მასშტაბებში.
ბაჩი:
– იმედია, ფილმი საკუთარ სათქმელს იტყვის. კანში მოხვედრა დიდი წარმატებაა. იმედია, მაყურებელი ფილმს ისეთად აღიქვამს, როგორიც რეალურად არის: თბილ, კეთილ და ადამიანურ ისტორიად. გამოხმაურება პოზიტიურიც იქნება და ნეგატიურიც და ძალიან მაინტერესებს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს. საინტერესოა, შეძლებს თუ არა ფილმი რაიმე ცვლილების შეტანას ქართულ საზოგადოებაში.
ამავე თემაზე
http://batumelebi.netgazeti.ge/news/203144/