17 მაისთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება ამბობს, რომ ადამიანების უფლებების დაცვა, განურჩევლად რაიმე ნიშნისა, მისი პრიორიტეტია და 17 მაისს პოლიცია უზრუნველყოფს როგორც წესრიგის, ისე გამოხატვის თავისუფლების დაცვას.
“ადამიანის უფლებების დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სამინისტრო იცავს გამოხატვის თავისუფლებას ადამიანის პოლიტიკური და სხვა შეხედულების, სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და სხვა ნიშნის მიუხედავად.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2019 წლის 17 მაისს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე გაიმართება ღონისძიებები.
პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს”, – აცხადებს უწყება და მოქალაქეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს.
17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღე აღინიშნება, თუმცა წელს თბილისში ამ მიმართულებით აქცია არ იგეგმება. თბილისში მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ორგანიზებული მსვლელობა და ჰომოფობიური აქცია გაიმართება.
პირველ შემთხვევაში, რესპუბლიკის მოედნიდან სამების ეკლესიამდე მსვლელობით ე.წ. ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ. ეს დღე მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა 2014 წელს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც მრევლის ნაწილმა 2013 წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის გამართვის უფლება არ მისცა ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველებს და ისინი ძალადობრივად დაარბია.
რაც შეეხება ჰომოფობიურ აქციას, ის მთავრობის კანცელარიასთან ულტრანაციონალისტური ჯგუფების მიერაა დაგეგმილი.
ლგბტ ჯგუფები ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღესთან დაკავშირებით რაიმე სახის შეკრებას არ გეგმავენ. “თანასწორობის მოძრაობაში” ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური გარემოსა და წარსული გამოცდილების ფონზე, აღნიშნული აქტივობა რისკის შემცველი იქნება.
“2012 წლიდან მოყოლებული, განსაკუთრებით 2013 წლიდან, ჩვენ ვხედავთ, რომ ნებისმიერი საჯარო ტიპის შეკრება, რომელიც ლგბტ თემატიკას ატარებს, განსაკუთრებით 17 მაისები, დაკავშირებულია უსაფრთხოების საკითხებთან, ძალადობის რისკებთან და ა.შ.
ბოლო წლებში ჩვენ ვცდილობდით თანამშრომლობას ხელისუფლებასთან, რომ თანასწორობაზე დაფუძნებული პოლიტიკა მივაღებინოთ და მათ იმუშაონ იმაზე, რომ ჰომოფობია შემცირდეს, თუმცა გაუმჯობესებას ვერ ვხედავთ ამ მიმართულებით. ვაცნობიერებთ რა იმას, რომ ეს არის ძალიან დიდი რისკის შემცველი, გადავწყვიტეთ, რომ წელს საჯარო შეკრებას არ გავაკეთებთ”, – განუცხადა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ბერიანიძემ “ნეტგაზეთს”.
იგივეს აცხადებენ ქალთა და ქვიარ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფში”.
“ჩვენ თითქმის ყოველკვირეულად გვესმის თავდასხმებზე, რომელთაც პოლიცია არ იძიებს და არ რეაგირებს სწორად, არ იწყებს გამოძიებას ანტიდისკრიმინაციული კანონის შესაბამისად. ჩვენი მოთხოვნაა, მათ ყოველდღე ამაზე იმუშაონ და ჩვენთვის არანაირად არაა დამშვიდება ის, რომ 17 მაისს სადმე დაგვიცვას 1 საათით, ეს არ აუმჯობესებს ქვიარ თემის მდგომარეობას მთელი წლის განმავლობაში, როცა პოლიცია უმოქმედოა”, – აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი ნათია გულიაშვილი.
შსს-ს განცხადების პათოსი “თბილისის პრაიდის” საინიციატივო ჯგუფისთვის გაუგებარია. აქტივისტთა გაერთიანებაში ამბობენ, რომ სამინისტროს განცხადებიდან ისე ჩანს, თითქოს 17 მაისს ქუჩაში გამოსვლას ლგბტ ადამიანებიც აპირებენ, რაც რეალურად არ იგეგმება.
“ვერ მივხვდით განცხადების პათოსს. არცერთი სათემო ჯგუფი არ გეგმავს ღონისძიებას, როგორც ვიცი. შსს-ს განცხადებაში საკითხი ისეა წარმოჩენილი, თითქოს ქვიარ აქტივისტებიც და ულტრამემარჯვენე და საპატრიარქოს ჯგუფებიც გეგმავენ აქციებს. იმედია, როცა ივნისში თბილისის პრაიდზე ლგბტ ადამიანები მართლაც გამოვლენ ქუჩაში და მართლაც საჭირო იქნება, მაშინაც გააკეთებს შსს განცხადებას და ექნება დეკლარირებული პოზიცია, რომ დაიცავს ყველას, ორიენტაციისა და იდენტობის მიუხედავად”, – უთხრა “თბილისის პრაიდის” აქტივისტმა, მარიამ კვარაცხელიამ “ნეტგაზეთს”.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ განცხადებას კონკრეტული ადრესატი არ ჰყავს და ის ეხება ყველას, ვინც 17 მაისს რაიმე სახის აქტივობის განხორციელებას აპირებს.