მწერლების, გამომცემლებისა და მთარგმნელების ნაწილისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა გაუქმდეს კულტურის სფეროში, მათ თქმით, ორი ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია, მაშინ როდესაც “სწორედ ამ ორი სსიპ-ის დამსახურებაა ფრანფკურტის ბაზრობის წარმატება.”
ამის შესახებ დღეს, 7 მაისს, მწერალთა, მთარგმნელთა და გამომცემელთა ნაწილმა პრესკონფერენცია ჩაატარა. შეხვედრა კულტურის სამინისტროს მიერ სსიპ-ების გაერთიანებას ეხებოდა, რომლის ფარგლებშიც „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“ და „მწერალთა სახლი“ გაერთიანდება და მათ ბაზაზე სსიპ „ლიტერატურის ეროვნული ფონდი“ შეიქმნება.
გარდა ამისა, მწერლები განმარტავენ, რომ სამინისტროს ამ გადაწყვეტილების მიღმა პოლიტიკური სარჩულიც იმალება. როგორც ისინი აცხადებენ, ხელისუფლებას არ მოსწონს მწერალთა ერთობლივი პროტესტი რიგ სოციალური პრობლემებზე, მათ შორის, ზვიად რატიანის საქმეზეც, სსიპ-ების გაერთიანება კი მათზე შურისძიებისა და მათი გაჩუმების მეთოდია.
სამინისტრო კი თავის მხრივ ამბობს, რომ ეს პროცესი მმართველობითი სისტემის მოდერნიზაციასა და გაუმჯობესებას ემსახურება. თუმცა ახალი მოდელის სტრუქტურასა და ხელმძღვანელობაზე ჯერ არ საუბრობს.
“ის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია კულუარულად სამინისტროს ჩინოსნების მიერ ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან, მწერლებთან, მთარგმნელებთან, ავტორებთან, გამომცემლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციის გარეშე, სამინისტროს მოტივაციას კიდევ უფრო არადამაჯერებელსა და საეჭვოს ხდის.
მოდერნიზაციისა და მართვის გაუმჯოესება გულისხმობს, რომ ეს ორგანიზაციები არათანამედროვედ და ცუდად იმართება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. არც საერთაშორისო, არც ეროვნული პრიორიტეტები არ გვკარნახობს წარმატებული ორგანიზაციების მექანიკური გამსხვილების აუცილებლობას. თუ დავუჯერებთ მინისტრის მოადგილეს, მიხეილ გიორგაძეს, რეორგანიზაციას ვერც ფულის დაზოგვით ვამართლებთ”, – აცხადებენ მწერლები.
გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე ორგანიზაციას თავისი სპეციფიკა აქვს და მათი გაერთიანება გაუმჯობესებას ვერ მოიტანს.
“ერთადერთი შესაძლო ახსნა წარმატებული ორგანიზაციებისთვის დამოუკიდებლობის ჩამორთმევა და ახლად შექმნილი ჰიბრიდის ხელმძღვანელად რომელიმე უფუნქციოდ დარჩენილი ჩინოსნების დანიშვნა და ორ დამოუკიდებელ და წარმატებულ ორგანიზაციაზე კონტროლის გაძლიერებაა ადმინისტრაციულ-მბრძანებლობითი სისტემის მეთოდებით.
მწერლები, მთარგმნეები, ავტორები, გამომცემლები მოვითხოვთ, ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს და საქართველოს მწერალთა სახლს შეუნარჩუნდეს დამოუკიდებლობა და მიეცეს წარმატებული მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა. წიგნის ცენტრს და მწერალთა სახლს სოლიდარობას უცხადებენ ჩვენი უცხოელი კოლეგები, მეგობრები და პარტნიორებიც, რომლებსაც ორივე ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შესანიშნავი გამოცდილეა აქვთ”, – ვკითხულობთ მწერლების განცხადებაში.
ამავე თემაზე:
“შურისძიება მწერლებზე“- რატომ აკრიტიკებენ მწერლები სამინისტროს