ახალი ამბები

სუხიშვილები 17 მაისს “ოჯახის სიწმინდის” ღონისძიებაზე სამების ეზოში იცეკვებენ

30 აპრილი, 2019 • 3395
სუხიშვილები 17 მაისს “ოჯახის სიწმინდის” ღონისძიებაზე სამების ეზოში იცეკვებენ

17 მაისს სამების ტერიტორიაზე საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ “ოჯახის სიწმინდის დღესთან” დაკავშირებით გალა-კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ქართული ნაციონალური ბალეტი – სუხიშვილები. ღონისძიების ორგანიზატორია საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი.

როგორც ნეტგაზეთს დავითიანის წევრმა, კოტე სვანაძემ განუცხადა, სუხიშვილების მონაწილეობა 17 მაისს დაგეგმილ კონცერტში უკვე გადაწვეტილია, ხოლო ნინო ქათამაძესთან კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკება და თითქმის 90%-ით შეიძლება ითქვას, რომ ისიც მიიღებს ღონისძიებაში მონაწილეობას.

  • კონცერტში მონაწილეობა ნეტგაზეთს სუხიშვილებმა დაუდასტურეს.
  • ნინო ქათამაძემ კი ნეტგაზეთს განუცხადა, რომ არ შეესაბამება აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს. მისი თქმით, ამ დროისთვის საქართველოში არც იქნება.

“ჩვენი ოჯახი, ჩვენი ღირსებაა!” – ასე აწერია დავითიანის აფიშას, რომელიც უკვე დაბეჭდეს საპატრიარქოს მოძრაობის წევრებმა.

აფიშის მიხედვით, 17 მაისს სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სუხიშვილები, შვიდკაცა, მძლევარი, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, ნინო ქათამაძე, ანსამბლი ალილო, აჩიკო ნიჟარაძე და ესტრადის სხვა წარმომადგენლები.

სუხიშვილებისა და ნინო ქათამაძის გარდა, აღნიშნულ კონცერტში შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლების მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია პირადად მათთან ჯერჯერობით არ არის გადამოწმებული.

ნინო ქათამაძე და სუხიშვილები 17 მაისს სამების ეზოში გამოვლენ? – დავითიანის აფიშა

სამების ტერიტორიაზე 17 მაისს დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობის გამო ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს ლგბტ აქტივისტები აკრიტიკებენ, მათ შორის, გიორგი თაბაგარი.

თაბაგარის განცხადებით, უკვე მეხუთე წელია საპატრიარქო მოპარული დღის აღნიშვნას აგრძელებს და ყველა, ვინც ამ დღის ლეგიტიმაციას ახდენს, პირდაპირ მონაწილეობს სიძულვილის გავრცელებაში და ახალისებს ძალადობას.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე აერთიანებს იმ საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურება ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით და გმობს ძალადობას.

ოჯახის სიწმინდის დღედ 17 მაისი საპატრიარქომ 2014 წელს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც მრევლის ნაწილმა 2013 წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის გამართვის უფლება არ მისცა ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველებს.

მრევლის ნაწილმა პოლიციის ბარიერები გადალახა და დაედევნა ლგბტ აქტივისტებს. კონტრაქციის მონაწილეებმა ვაჩნაძის ქუჩაზე მოიმწყვდიეს მიკროავტობუსში მყოფი აქტივისტების ნაწილი და ცდილობდნენ ამ მიკროავტობუსში შეღწევას. მიკროავტობუსმა დიდი წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ მოახერა ბრბოდან გაღწევა.

ნინო ქათამაძე 17 მაისს “ოჯახის სიწმინდის” ღონისძიებაზე არ იმღერებს

მასალების გადაბეჭდვის წესი