m²-ის შენობაზე, საიდანაც ადრე მუშა გადმოვარდა, თოკების გარეშე მუშაობდნენ

თბილისში, პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე, კომპანია m²-ის კუთვნილ შენობაზე, სადაც რამდენიმე თვის წინ მუშაობისას ადამიანი ჩამოვარდა, მუშები დღეს სიმაღლეზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მუშაობდნენ.

ფოტოებში, რომლებიც ნეტგაზეთს 23 აპრილს მიაწოდა მკითხველმა, ჩანს, რომ მუშები სიმაღლეზე დამცავი თოკების გარეშე მუშაობენ. უშუალოდ სამუშაოებს აწარმოებს კომპანია „ბიქეი კონსთრაქშენი“ (BK Construction); კომპანია m² (ემ კვადრატი) კი დამკვეთია.

მშენებლობა მელიქიშვილზე. ფოტო ნეტგაზეთს მკითხველმა მიაწოდა

ეს იგივე სამშენებლო ობიექტია, საიდანაც 2018 წლის 23 ნოემბერს ერთი მუშა გადმოვარდა. ნეტგაზეთი დაუკავშირდა კომპანია m²-ს, სადაც დაგვიდასტურეს, რომ ეს ფოტოები მათ კუთვნილ შენობაზე მიმდინარე მშენებლობას ასახავს. ამავე კომპანიამ გაგვაგებინა ქვეკონტრაქტორის, „ბიქეი კონსთრაქშენის“ პასუხი კითხვაზე, რატომ არ იყო უსაფრთხოების ნორმები დაცული:

„ნეტგაზეთის რედაქციიდან ფოტოს მიღების შემდეგ ჩვენ ჩავატარეთ შიდა მოკვლევა და დავადგინეთ, რომ ფოტო გადაღებულია სამშენებლო ობიექტზე ხარაჩოების მონტაჟის დროს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღესვე დავიწყეთ შიდა ადმინისტრაციული პროცედურა. ჩვენთვის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამიტომ მადლობა გვინდა გადაგიხადოთ მოწოდებული ინფორმაციისთვის“, — აცხადებს „ბიქეი კონსთრაქშენი“.


კომპანია „ბიქეი კონსთრაქშენის“ ფეისბუკის გვერდის თანახმად, მელიქიშვილზე აღნიშნული შენობა, რომელიც „ემ კვადრატისთვის“ შენდება — 12-სართულიანი კომპლექსი — დასრულების შემდეგ „მოიცავს 125-ნომრიან საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Ramada by Wyndham-ს და 16 საცხოვრებელ ბინას“.

მშენებლობა მელიქიშვილზე. ფოტო ნეტგაზეთს მკითხველმა მიაწოდა

მშენებლობა მელიქიშვილზე. ფოტო ნეტგაზეთს მიაწოდა მკითხველმა

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა შრომის და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, რომლებიც მსგავს შემთხვევებს ზედამხედველობენ. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მშენებლობა მელიქიშვილზე. ფოტო ნეტგაზეთს მკითხველმა მიაწოდა

მშენებლობა მელიქიშვილზე. ფოტო ნეტგაზეთს მკითხველმა მიაწოდა

ამ ადგილას მშენებლობის დაწყებას ეწინააღმდეგებოდნენ აქტივისტთა ჯგუფები, „პარტიზანული მებაღეობა“ და “ტფილისის ჰამქარი“, რადგან ეს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ყოფილი შენობაა — 1930-იან წლებში აშენებული; აქტივისტები ითხოვნდნენ, მისთვის ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭებინათ. ამ შემთხვევაში მშენებლობა დაუშვებელი იქნებოდა.

[წაიკითხეთ ნეტგაზეთის არქივიდან: შეთანხმებული დემონტაჟი ნებართვის გარეშე ისტორიის ინსტიტუტის შენობაში]


როგორც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) იურისტმა, ეთო გვრიტიშვილმა ნეტგაზეთთან წინა კვირას განმარტა, „კანონის თანახმად, შრომის უსაფრთხოებასა და ზოგადად სამშენებლო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა უშუალოდ დამკვეთს ეკისრება. შესაბამისად, კომპანიამ უნდა განახორციელოს იმის ზედამხედველობაც, თუ როგორ იქცევა მუშა ინდივიდუალურად და რამდენად ასრულებს ამ სტანდარტებს“.

მისივე თქმით, “ზოგადად, კომპანიები ხშირად ცდილობენ, რომ მუშებს დააკისრონ ინდივიდუალური პასუხისმგებლობები შრომის უსაფრთხოებაზე, მაგრამ საბოლოოდ მაინც სისტემის გაუმართაობა იკვეთება ხოლმე ძირითად პრობლემად“.


მოგვწერეთ!

თუ დაინახავთ, რომ მშენებლობაზე ან სხვა სამუშაოს შესრულებისას შრომის უსაფრთხოების პირობები დაცული არ არის — მუშებს არ ახურავთ ჩაფხუტები, არ არიან შენობაზე დამცავი თოკებით დამაგრებული, ან სხვა რამე მოგხვდებათ თვალში — გადაუღეთ ფოტო/ვიდეო და გამოგვიგზავნეთ ან ჩვენს ფეისბუკ გვერდზე, ან ელ. ფოსტაზე info@netgazeti.ge.

მოგვწერეთ, თუ შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას შეესწრებით

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com