ახალი ამბები

შეთანხმებული დემონტაჟი ნებართვის გარეშე ისტორიის ინსტიტუტის შენობაში

23 ივნისი, 2017 •
შეთანხმებული დემონტაჟი ნებართვის გარეშე ისტორიის ინსტიტუტის შენობაში

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა, რამდენჯერმე უარის თქმის მიუხედავად, მაინც მისცა თბილისში კულტურის ინსტიტუტის დემონტაჟის უფლება სამშენებლო კომპანიას. კულტურული მემკვიდრეობის დამცველები ამბობენ, რომ სამსახურმა საფუძვლიანად არ შეისწავლა საკითხი.

მელიქიშვილის 10 ნომერში, სადაც ისტორიის ინსტიტუტის ყოფილი შენობა მდებარეობს, კომპანია “m2” 135-ნომრიან სასტუმროსა და 18-ბინიან კომპლექსს აშენებს. პროექტის მიხედვით, კონსტრუქტივისტული სტილის ისტორიულ შენობას, რომელიც 1930-იან წლებშია აშენებული, კომპანიამ უნდა დააშენოს ახალი კონსტრუქცია.

შენობის ნულოვან სართულზე ძირითად ფუნქციას შეითავსებს სასტუმროს ვესტიბიული და რესტორანი. პირველიდან მე- 5 სართულის ჩათვლით განთავსებულია სასტუმრო ნომრები, ხოლო მე-6-დან მე -11 სართულის ჩათვლით – საცხოვრებელი ბინები.

შენობის მე-6 და მე-10 სართულებზე განთავსებულია საზაფხულო ტერასა – ეზოები საცხოვრებელი ბინებისათვის. ფასადის ძირითადი მოსაპირკეთებელი მასალებია: არსებული შენობის 0 სართულის ფასადზე რჩება ტერაზიტით ლესვა, ზედა სართულებზე ლესვა-ღებვა, ღია მომწვანო ფერში. დამატებული ბლოკების მოსაპირკეთებელი მასალებია: მინა, ნაცრისფერი და  ტერაკოტისფერი ტერაკოტის ბაგეტები და პანელები.

ისტორიის ინსტიტუტის შენობის/სასტუმრო რამადას პროექტი

ისტორიის ინსტიტუტის შენობის/სასტუმრო რამადას პროექტი

მშენებლობის დაწყებამდე კომპანია დემონტაჟს შეუდგა. თუმცა მანამდე, სანამ ნებართვას მიიღებდა, კომპანია დაახლოებით ერთი წელი ცდილობდა მერიის არქიტექტურის სამსახურისგან დემონტაჟისა და მშენებლობის ნებართვა მიეღო.

2 სამშენებელო ლითონის კიბე, 1 მიმღები ნაგვის ბუნკერი, 1 საკომპრესორო დანადგარი, 2 სანგრევი ჩაქუჩი, 4 ნიჩაბი, 2 ელექტროსახერხი, 4 სპეცტრანსპორტი, 1 შემდუღებელი აპარატი და 1 მუხლუხასავალიანი ამწე – ეს იმ ხელსაწყოების ჩამონათვალია, რომლებიც კომპანია m2-ის კონტრაქტორ არქიტექტურულ კომპანია “დეფანს” ისტორიის ინსტიტუტის შენობის დემონტაჟისთვის სჭირდებოდა.

კომპანიას არ ჰქონდა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ნებართვა, რისთვისაც კომპანიამ 2015 წლის 27 ნოემბერს მიმართა. სწორედ ამ მიმართვისას წარდგენილ დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ დემონტაჟის ვადად 6 თვეს ითხოვდა.

კომპანიის დასაბუთებით, შენობა იმდენად დაზიანებული იყო, რომ არ იყო მდგრადი, ხოლო მისი გამაგრებისთვის იმდენად უნდა ჩარეულიყვნენ, რომ ის ვერ შეინარჩუნებდა ავთენტურობას.

იქვე განმარტებულია, რომ შენობას 3D სკანირება აქვს ჩატარებული და შესაძლებელია მისი აღდგენა პროექტის შეთანხმების შემდეგ.

“კონცეფცია არის ძველის შენარჩუნება და თუ ვერ, თავიდან აშენება ზუსტად იმავესი და თანამედროვე კომპონენტების დამატება”, – წერია განმარტებით ბარათში.

ირაკლი შარაშიძე, “დეფანის” წარმომადგენელი, ამბობს, რომ მათ სურდათ შეენარჩუნებინათ “შენობის ფასადი და მისი ღირებული ნაწილი” და ამასთან ერთად შეექმნათ თანამედროვე არქიტექტურული მოცულობა.

თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ შენობას ვერ შეინარჩუნებდნენ, რადგან ავარიულ მდგომარეობაში იყო და საჭირო გახდა მისი გამაგრება, ჩაერთნენ რესტავრატორები და მოამზადეს დაშლა-აწყობის პროექტი. ამის შემდეგ მიმართეს მერიას დემონტაჟის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, ამბობს ირაკლი შარაშიძე.

ისტორიის ინსტიტუტის შენობის/სასტუმრო რამადას პროექტი

ისტორიის ინსტიტუტის შენობის/სასტუმრო რამადას პროექტი

M2-მა მერიას სულ ორჯერ მიმართა დემონტაჟის მოთხოვნით, თუმცა ორივეჯერ უარი მიიღო არქიტექტურის სამსახურისგან, რადგან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ მხარი არ დაუჭირა ისტორიული შენობის დემონტაჟს.

ამის შემდეგ კომპანიამ სტრატეგია შეცვალა და არქიტექტურის სამსახურს არა დემონტაჟის, არამედ მშენებლობის პირობების შეთანხმების თხოვნით მიმართა და წარადგინა სასტუმრო “რამადას” ესკიზები.

კომპანიამ განმარტა, რომ შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობით და ზედამხედველობით დამუშავდა შენობის ფიქსაციის, მთავარი ფასადებისა და ინტერიერში არსებული დეტალების კონსერვაციისა და დაშლა-აწყობის პროექტი, რაც მათ ძველის შენარჩუნებისა და  თანამედროვე კომპონენტების დამატების საშუალებას აძლევს.

არქიტექტურის სამსახურმა უარი განაცხადა პირობების შეთანხმებაზე იმის გამო, რომ დაშენება ძალიან დიდი მოცულობის იქნებოდა იმის მიუხედავად, რომ ძველი შენობის შენარჩუნება მოიწონეს.

m2-მა ისევ მიმართა არქიტექტურის სამსახურს მშენებლობის ნებართვისა და პროექტის შეთანხმების მოთხოვნით, სადაც კვლავ მიუთითა შენობის ავარიულობა და მათი განზრახვა, რომ შენობის კონსერვაცია მოეხდინა. მან წარადგინა საექსპერტო დასკვნა შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით, თუმცა არ წარმოუდგენია კონსერვაციის გეგმა.

კიდევ რამდენიმე მიმართვის შემდეგ, საბოლოოდ არქიტექტურის სამსახურმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს რეკომენდაციის მიხედვით, მისცა მშენებლობის ნებართვა კომპანიას. არქიტექტურის სამსახურმა კომპანიას მოსთხოვა დემონტაჟის ნებართვა, კომპანიამ კი განმარტა, რომ საბჭოს ნებართვა გულისხმობდა დემონტაჟის ნებართვასაც.

ისტორიის ინსტიტუტის შენობაში მიმდინარე დემონტაჟი

ისტორიის ინსტიტუტის შენობაში მიმდინარე დემონტაჟი

ეს პასუხი დამაჯერებელი არ არის ორგანიზაციის”ინიციატივა საჯარო სივრცისთვის” იურისტის, ანანო ცინცაბაძისთვის. იგი ამბობს, რომ დემონტაჟზე თანხმობა რომ არ არსებობდა, ადასტურებს ისიც, რომ არქიტექტურის სამსახურმა მოითხოვა დემონტაჟის ნებართვა, შემდეგ დაუსაბუთებლად  გადათქვა ეს მოთხოვნა  და გასცა მშენებლობის ნებართვა.

ცინცაბაძის შეფასებით, საბჭოს არ უმსჯელია არც შენობის დემონტაჟსა და არც ახალი შენობის დადგმაზე, პირიქით, არსებული შენობის კონსერვაციაზე გასცა თანხმობა.

ანანო ცინცაბაძის თქმით, ადმინისტრაციულმა ორგანომ – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ და თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა, არ გამოიკვლია არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოება.

“საბჭოს უნდა გამოეკვლია, რეალურად რას ითხოვდა კომპანია. თუ წინააღმდეგობა არსებობდა მოთხოვნასა და წარდგენილ დოკუმენტაციას შორის, არქიტექტურის სამსახურს უნდა მიეთითებინა ხარვეზი, ხოლო კომპანიას გამოესწორებინა”, – ამბობს ცინცაბაძე.

ცინცაბაძის თქმით, უარის თავიდან ასაცილებლად ინვესტორმა წარადგინა შემდგომი მოთხოვნა ახალ მშენებლობაზე, სადაც ეწერა, რომ ის აპირებდა კონსერვაციას. თანდართულ დოკუმენტებში კი დემონტაჟზე მოთხოვნა ჰქონდა წარდგენილი.

ცინცაბაძე ამბობს, რომ კონსერვაცია არის შენობის ავთენტური ფორმის შენარჩუნება, ახლა კი მიმდინარეობს შენობის ფასადისა და შიდა ინტერიერის მნიშვნელოვანი ნაწილების დაშლა.

ცინცაბაძის თქმით, ასეთ პირობებში გასაჩივრებას არ აქვს აზრი, რადგან არაეფექტური იქნება, რადგან გასაჩივრება ხანგრძლივ პროცესთანაა დაკავშირებული, რა დროსაც რეალურად ეს შენობა დაინგრევა.

ირაკლი შარაშიძემ “ნეტგაზეთთან” განმარტა, რომ მათ არ სურდათ შენობის დემონტაჟი. ამ გადაწყვეტილებამდე იმიტომ მივიდნენ, რომ შენობა არის ავარიული.

ისტორიის ინსტიტუტის შენობაში მიმდინარე დემონტაჟი

ისტორიის ინსტიტუტის შენობაში მიმდინარე დემონტაჟი

შარაშიძის განმარტებით, მერიის თანხმობა არა მხოლოდ მშენებლობის ნებართვას გულისხმობს, არამედ დემონტაჟის უფლებასაც. შარაშიძის განმარტებით, მერიამ მათ მოსთხოვა, რომ როგორც დემონტაჟის, ასევე მშენებლობის ნებართვა ერთიანად უნდა წარედგინათ და განეხილათ როგორც ერთიანი პროცესი, რათა მერიას სცოდნოდა, რა მოხდებოდა დემონტაჟის შემდეგ.

“დემონტაჟზე რომ აგვეღო [თანხმობა], ესკიზი უკვე შეთანხმებული უნდა ყოფილიყო [კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთან]. შემდეგ მერიამ გააერთიანა და ერთიან ნომენკლატურაში მოვითხოვეთ. მერიამაც გვთხოვა, რომ დემონტაჟი არ გვინდა ცალკე, გვირჩევნია, ჩვენ დაზღვეულები ვიყოთ, ერთიანი პროექტი შემოიტანეთო”, – ამბობს ირაკლი შარაშიძე.

შარაშიძის თქმით, სანამ დაიწყებოდა შენობის დემონტაჟი, ორი თვის განმავლობაში რესტავრატორები მუშაობდნენ, მათ შენახული აქვთ თითოეული დეტალი, რომლებსაც რესტავრაციის დასრულების შემდეგ ისევ დაამონტაჟებენ შენობაზე, ხოლო ის დეტალები, რომლებიც ჩამოსხმული იყო, მაგალითად, აივნის დეტალები, ახლიდან ჩამოასხამენ.

ამაშუკელის თქმით, 1930-იან წლებში აშენებული კონსტრუქტივისტული სტილის შენობა ღირებული ობიექტი იყო სტილის განვითარების თვალსაზრისით და იმაზე მიუთითებდა, რამდენად იყო ჩართული საქართველო მსოფლიოში მიმდინარე არქიტექტურულ პროცესში.

42484

ამაშუკელი ამბობს, რომ საქართველოში არქიტექტორები ცდილობდენ, სისადავეში, რომელიც კონსტრუქტივისტულ სტილს ახასიათებს, შეეტანათ ქართული დეკორატიული ელემენტები. ეს კი, ისტორიის ინსტიტუტის შენობის შემთხვევაში, კაპიტელებისა და აივნების მოჩუქურთმებაში აისახა, რითიც მიიღეს “ტიპური, ქართული კონსტრუქტივიზმი.“

ამაშუკელი ამბობს, რომ ისტორიის ინსტიტუტის შენობა აჩვენებს როგორი მაღალი მხატვრული ღირებულება აქვს საქართველოს არქიტექტურას და როგორი ინდივიდუალიზმია დამახასიათებელი მისთვის.

შარაშიძის თქმით, სურთ თანამედროვე და ძველი არქიტექტურის შერწყმით მიღებული პროექტი შექმნან.

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი ამბობს, რომ ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ისტორიის ინსტიტუტის შენობა ის აღარ იქნება, რაც ახლა არის. მისი თქმით, დაშლა და აღდგენა გულისხმობს იმას, რომ დემონტაჟის შემდეგ ახალი მასალებით მსგავს  შენობას ააშენებენ, რომელსაც არ აქვს არანაირი კულტურული ღირებულება.

42487

ამაშუკელი ამბობს, რომ ინვესტორი მხოლო და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რაც შეიძლება დიდი მოცულობა დადგას და გაიყიდოს ეს ფართები, ახალი სივრცე კი, რომელიც ისტორიის ინსტიტუტის შენობას უნდა დააშენონ, სრულიად “უსახო და უინტერესო” არის, რომელიც არ უწევს ანგარიშს არც ისტორიის ინსტიტუტს და არც გარშემო არსებულ ისტორიულ ზონაში მდებარე ანტურაჟს.

ხელოვნებათმცოდნის თქმით, პასუხისმგებლობა თბილისის მერიას ეკისრება, რომელიც ვერ იცავს ბალანსს ინვესტიციასა და კულტურულ მემკვიდრეობას შორის.

“ქალაქის მერიამ ვერ ჩამოაყალიბა ისტორიული ქალაქის განვითარების გეგმა, რომლითაც პრაქტიკაში იხელმძღვანელებს. კულტურული მემკვიდრეობის გაწირვით მერია ცდილობს ხოლმე, რომ ინვესტიცია მოიზიდოს”, – ამბობს ამაშუკელი.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურიდან ჩვენს კითხვას, თუ რატომ მისცა საბოლოოდ შენობის დემონტაჟის უფლება კომპანიას მაშინ, როცა თავდაპირველად არ აძლევდა ამის ნებართვას, უპასუხეს, რომ კომპანიის წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნის მიხედვით, შენობა ვერ აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების ზოგიერთ მოთხოვნას, შენობის აგების დროინდელ და დღევანდელ ნორმებს შორის შეუთავსებლობის გამო.

გირჩევთ: დაინგრევა თუ არა ისტორიის ინსტიტუტის შენობა?

ისტორიის ინსტიტუტის შენობის დემონტაჟი ლაურა ღაჭავასაც სურდა, ვინც შენობას მანამდე ფლობდა, სანამ m2 შეიძენდა. მან მიმართა მერიის არქიტექტურის სამსახურს, თუმცა ხარვეზების გამო მოთხოვნა სამსახურს არ განუხილავს.

m2-მა შენობა 2015 წლის მაისში შეიძინა. ლაურა ღაჭავას შენობა “ქართუ ბანკში” იპოთეკით ჰქონდა დატვირთული. ლაურა ჭაღავამ მაშინ განგვიცხადა, რომ m2-ის დამფუძნებელი “საქართველოს ბანკი” ფულს გადაუხდიდა ქართუ ბანკს, თუმცა გასხვისებას არ გეგმავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი