ახალი ამბები

თბილისის ცენტრში, შენობის ფასადზე მუშებს დამცავი თოკების გარეშე ამუშავებდნენ [ვიდეო]

11 აპრილი, 2019 • 2359
თბილისის ცენტრში, შენობის ფასადზე მუშებს დამცავი თოკების გარეშე ამუშავებდნენ [ვიდეო]

თბილისში, ერთ-ერთ შენობაზე მომუშავე ადამიანები მე-4 სართულის სიმაღლეზე ისე ღებავდნენ გარე ფასადს, რომ არ ყოფილან შენობაზე დამაგრებულები, რაც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევაა. ნეტგაზეთის შეტყობინების შემდეგ მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ კომპანია მხოლოდ სიტყვიერად გააფრთხილა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა როგორც მერიის მუნიციპალურ ინსპექციას, ასევე, ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს, რის შემდეგაც მუშაობა დროებით შეჩერდა.

დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ შრომის ინსპექტორების ჯგუფი სამუშაო ადგილას გავიდა. მისივე თქმით, შესაბამის ზომებს მიიღებენ მას შემდეგ, რაც გაირკვევა, რომელი კომპანია აწარმოებდა სამუშაოებს.

2019 წლის პირველ სექტემბრამდე შრომის დეპარტამენტს ობიექტზე უპირობოდ შესვლის უფლება არ აქვს, ამისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებაა საჭირო. როგორც ნეტგაზეთის ბექა ფერაძემ განუცხადა, სასამართლოს თანხმობით მოხდება შემოწმება და შესაბამისი სანქცირებაც ამ დღეებში განისაზღვრება.

შრომის ინსპექციის გარდა, მსგავს შემთხვევებზე რეაგირების ვალდებულება აქვს თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურსაც. ნეტგაზეთმა სამსახურის ცხელ ხაზზეც დარეკა, რის შემდეგაც ადგილზე მათი წარმომადგენლები მივიდნენ. მათი მისვლისას სიმაღლეზე, წინა ფასადზე, მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობდა, რომელსაც მაშინვე უთხრეს, რომ ჩამოსულიყო. მას შემდეგ ობიექტზე სიმაღლეზე სამუშაოები შეწყვეტილია.

როგორც ზედამხედველობის სამსახურის პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, კომპანიას დაავალეს ხარაჩოებზე დასკვნის წარმოდგენა (რომელიც უნდა აჩვენებდეს, რამდენად სწორად/უსაფრთხოდ არის ხარაჩოები მოწყობილი); ასევე, კომპანიას დაევალა, უზრუნველყოს, რომ მუშებმა თოკებით მიბმულებმა იმუშაონ.

ჯერჯერობით კომპანია არ დაუჯარიმებიათ. როგორც ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, გიორგი ბაგრატიონმა განუცხადა ნეტგაზეთს, ზოგადად, თუკი ამ სამსახურის წარმომადგენლები შესაბამის დარღვევებს გამოავლენენ, შესაძლოა, კომპანია 30 000 ლარით დააჯარიმონ.


შენობა თბილისში, აღმაშენებლის გამზირთან ახლოს, ლუი პასტერის #7-ში მდებარეობს. სხვადასხვა დროს სხვადასხვა კომპანიას, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის ბანკ „ქართუს“ ეკუთვნოდა. წლების წინ აქ იყო განთავსებული სააგენტო “ინფო 9″. „ქართუმ“ შენობა 2018 წელს მიჰყიდა კომპანია „1920-ს”.

შპს „1920“, რომელიც შენობის ამჟამინდელი მფლობელია, 2018 წლის 24 სექტემბერს დარეგისტრირდა. მისი 25-25%-იანი წილები აქვთ მოქალაქეებს, გიორგი როინიშვილსა და ლევან გეგეშიძეს; 50%-იან წილს ფლობს კომპანია „თბილი სახლი“.

„თბილი სახლი“ 2001 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 60%-ს ლევან და მალხაზ კურტანიძეები ფლობენ, დანარჩენ 40%-ს კი- რუდოლფ ნაზაროვი. ამ კომპანიას, მათი საიტის თანახმად, ნამუშევარი აქვს ქუთაისის პარლამენტის, 112-ის, „ბარამბოს“, „კარფურის“, რუსთავის მეტალურგიული ქარხნისა და სხვა მრავალ შენობაზე. მუშაობის სფერო მოიცავს მექანიკური (გათბობა-ვენტილაცია), წყალგაყვანილობის, ამწე-სატრანსპორტო, ელექტრობისა და სუსტი დენების სისტემების გაყვანას.

ამ ადგილას არ დგას რაიმე ბანერი, სადაც მითითებული იქნებოდა, რომელი კომპანია აწარმოებს სამუშაოებს. კომპანიის საიტზე მითითებულ ნომერზე ნეტგაზეთს არ უპასუხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი