ახალი ამბებისამართალი

შსს: პანკისში სამართალდამცველებს ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოუყენებიათ

22 აპრილი, 2019 • 1426
შსს: პანკისში სამართალდამცველებს ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოუყენებიათ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პანკისის ხეობაში 21 აპრილს სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.

აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული და სიცრუეა, თითქოს პანკისის ხეობაში სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს”, – განუცხადეს ნეტგაზეთს შსს-ში.

პანკისში ნაპოვნი გილზების შესახებ ინფორმაცია პანკისის სათემო რადიომ და ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელეს.

ადგილობრივების განცხადებით, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიებთან ერთად, პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

“პანკისის ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, დილის რვა საათიდან მობილიზებული იყო კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელი. ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა პოლიციას, დაუშინა ჯოხები და ქვები, რის შემდეგაც მოხდა დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება.

ადგილზე მყოფი მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს. დაზიანდა პოლიციის ტექნიკა, დაშავდნენ პოლიციის თანამშრომლები და მოქალაქეები.

ჯამში, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის, 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს. 23 პოლიციელი თელავის საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თუ გამოძიების დისკუსიის საგანი მხოლოდ პოლიციის მანქანების დაწვა და სამართალდამცველების მოთხოვნაზე წინააღმდეგობის გაწევა იქნება, ეს არ მოგვცემს სრულ სურათს.

პანკისში პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით დაიწყო – შსს

პანკისში პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით დაიწყო – შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი