სალაძე: მანქანების დაწვასა და წინააღმდეგობაზე აქცენტირება სრულ სურათს არ მოგვცემს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, თუ პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიების დისკუსიის საგანი მხოლოდ პოლიციის მანქანების დაწვა და სამართალდამცველების მოთხოვნაზე წინააღმდეგობის გაწევა იქნება, ეს არ მოგვცემს სრულ სურათს.

სულხან სალაძის თქმით, პანკისში განვითარებული მოვლენების შეფასება ამ ეტაპზე უფრო სიღრმისეულ შესწავლას და დეტალურ ინფორმაციას საჭიროებს:

“თუ მხოლოდ განხილვის საგანი და გამოძიების წინაპირობა იქნება, მაგალითად, პოლიციის მანქანებზე ცეცხლის წაკიდება და წინააღმდეგობის გაწევა, ბუნებრივია, ეს ვერ მოგვცემს სრულ სურათს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღის წესრიგში არ დარჩეს მხოლოდ ამ მიმართულებით გამოძიება”.

საიას თავმდჯომარის თქმით, გამოძიებისთვის აუცილებლი უნდა იყოს მომხდარის უფრო სიღრმისეული ანალიზი და გამოიკვეთოს შემდეგი საკითხები:

  • ვისი ინიციატივა იყო თავიდან პანკისში სპეცრაზმის შეყვანა?
  • რატომ გახდა სპეცრაზმის შეყვანის საჭიროება პანკისში?
  • ჰქონდა თუ არა ვინმეს გათვლილი, მათ შორის, როგორ უნდა ემოქმედა სპეცრაზმს?
  • ვინ იყო უშუალო პასუხისმგებელი სპეცრაზმის მოქმედებებზე და ხდებოდა თუ არა ამ წესების დაცვა?

როგორც სულხან სალაძე აცხადებს, ძალიან საინტერესო შემთხვევა იყო მეორე დაპირისპირების დაწყება, პარალელურად კი, მოლაპარაკება მიმდინარეობდა თელავში. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, ვინ ან რა იყო ამ შეტაკების მაპროვოცირებელი და მოქმედებდა თუ არა ვინმე გარედან.

ძალიან რთული და კომპლექსური საკითხია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ყურადღების გადატანა და აქცენტის დასმა პოლიციის მანქანებზე ცეცხლის წაკიდებაზე და სამართალდამცავებზე წინააღმდეგობის გაწევა-დაზიანებაზე, თუ ეს იქნება მხოლოდ დღევანდელი და შემდგომი დღეების დისკუსიის საგანი, სრულ სურათს არ მოგვცემს”.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

“პანკისის ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, დილის რვა საათიდან მობილიზებული იყო კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელი. ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა პოლიციას, დაუშინა ჯოხები და ქვები, რის შემდეგაც მოხდა დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება.

ადგილზე მყოფი მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს. დაზიანდა პოლიციის ტექნიკა, დაშავდნენ პოლიციის თანამშრომლები და მოქალაქეები.

ჯამში, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის, 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს. 23 პოლიციელი თელავის საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

იხილეთ 353-ე პრიმა მუხლი და პოტენციური სასჯელი - დააკლიკეთ

მუხლი 353​1. პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა

1. პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

2. პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.

3. პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

იხილეთ 187-ე მუხლი და პოტენციური სასჯელი - დააკლიკეთ

მუხლი 187. ნივთის დაზიანება ან განადგურება1. სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით;

ბ) არაერთგზის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

პანკისში პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით დაიწყო – შსს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.