ახალი ამბები

ბაჩანა შენგელია კერზაიას საქმის მასალების გასაცნობად პროკურატურაში 18 აპრილს მივა

17 აპრილი, 2019 • 962
ბაჩანა შენგელია კერზაიას საქმის მასალების გასაცნობად პროკურატურაში 18 აპრილს მივა

საქმის მასალების გასაცნობად ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, პროკურატურაში ხვალ, 18 აპრილს მივა. ინფორმაცია შენგელიამ ნეტგაზეთს დაუდასტურა.

მანამდე პროკურატურამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც შენგელიას საქმის გასაცნობად მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს გამოცხადება შესთავაზა. პროკურატურა წერს, რომ გადაწყვეტილება საქმის ირგვლივ საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გამო მიიღეს.

“ხვალ ვაპირებ, ადვოკატთან ერთად, დაახლოებით 12 საათისთვის მისვლას. დილით, 11-ზე ბრიფინგი გვაქვს ჩანიშნული და სწორედ ამის შემდეგ მივალთ უწყებაში. ეს განცხადება უპრეცედენტო შემთხვევაა.. კანონში მსგავსი რამ არ წერია და პროკურატურის ეს შემოთავაზება ამ მხრივ ძალიან საინტერესოა. თუმცა ჩემთვის მთავარი შედეგია,” – ამბობს შენგელია.

მისივე განმარტებით, პროკურატურის განცხადება მისთვის საინტერესოა იმიტომაც, რომ მას დაზარალებულის სტატუსი ჯერ კიდევ არ აქვს მინიჭებული.

“ამ განცხადებას რამდენიმე ფაქტს ვუკავშირებ, მათ შორის იმას, რომ სტატუსის არმინიჭების საკითხი სასამართლოში გავასაჩივრეთ და უახლოეს დღეებში პასუხს ველოდებოდით. როგორც ჩანს, უარი სტატუსის მინიჭებაზე მართლაც უკანონო იყო იმიტომ, რომ როდესაც პროკურატურა საუბრობს საზოგადოების მაღალ ინტერესზე, ეს ინტერესი 1 კვირის წინაც არსებობდა და მაშინ რატომ მითხრეს უარი – ალოგიკურია.

ვუკავშირებ იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ ჩვენ განვაცხადეთ, რომ საქმეს სტრასბურგში წავიღებდით. გარდა ამისა, ხვალ დაანონსებული გვქონდა ბრიფინგიც, დაანონსებიდან 2 საათში კი პროკურატურიდან დამირეკეს.  რის გამო მიიღეს ეს გადაწყვეტილება, თვითონ უნდა თქვან, მაგრამ ეს არ არის საზოგადოების მაღალი ინტერესი – ამაში სრულიად ვარ დარწმუნებული,” – ამბობს ბაჩანა შენგელია.


ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი ია კერზაია მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მის სკოლაში ჩატარებული ისპექციის შემდეგ ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. სამინისტროს თანახმად, ინსპექცია სკოლაში მათთან შესული წერილის საფუძველზე ჩატარდა.

კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას თქმით, ჩატარებულ ინსპექცია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველი გახდა, რასაც პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს. როგორც ბაჩანა შენგელიამ ნეტგაზეთს უთხრა, სკოლის შემოწმებიდან დასკვნამდე პერიოდში კერზაიას შეუთვალეს, რომ თუ “ოცნებისთვის” იმუშავებდა, მათ მხარდამჭერთა სიებს მიაწვდიდა და ა.შ, “დამოკიდებულება შეიცვლებოდა”. ია კერზაია სკოლაში ჩატარებული შემოწმებიდან მალევე ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ის ოპერაციის შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

სადამკვირვებლო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” [ISFED] ია კერზაიას საქმეზე 2019 წლის 26 მარტს ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირების დაწყება და დასკვნა ია კერზაიას პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.

ევროპარლამენტარები საქართველოს პრემიერს სწერენ: “გულწრფელად გვჯერა, რომ … საქართველოს საუკეთესო ინტერესებისა და მისი დემოკრატიული მომავლისთვის ქ-ნი კერზაიას საქმე სრულად და დროულად იქნება გამოძიებული ქვეყნის პროკურატურისა და სასამართლო ორგანოების მიერ და დამნაშავეები წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. ამასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბოს სკოლების ინსპექტირების სტანდარტები და მეთოდოლოგია და თავი შეიკავოს წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი მექანიზმის გამოყენებისგან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი