ახალი ამბები

EBRD-ის და EIB-ის შიდა უწყებებმა „ნენსკრაზე“ შეუსაბამობები გამოავლინეს – „მწვანე ალტერნატივა“

9 სექტემბერი, 2020 • 1698
EBRD-ის და EIB-ის შიდა უწყებებმა „ნენსკრაზე“ შეუსაბამობები გამოავლინეს – „მწვანე ალტერნატივა“

გამოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ ავრცელებს ნენსკრა ჰესის პროექტის დამფინანსებელი საერთაშორისო ბანკების, EBRD-სა და EIB-ის გასაჩივრების მექანიზმების დასკვნებს, რომელთა თანახმადაც ჰესის დაგეგმვის პროცესში რამდენიმე შემთხვევაში გამოიკვეთა ამ საფინანსო ინსტიტუტების შიდა სტანდარტებთან და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შეუსაბამობა.

EBRD (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) და EIB (ევროპის საინვესტიციო ბანკი) ნენსკრას პროექტის დანადამფინანსებლები არიან. „მწვანე ალტერნატივის“ თანახმად, ამ ბანკების გასაჩივრების მექანიზმები განიხილავს და წყვეტს, თუ რამდენად შეესაბამება ამავე ბანკების დაფინანსებული პროექტების სტანდარტები მათსავე უსაფრთხოების პოლიტიკას გარემოსდაცვითი და სოციალური მიმართულებით.

EBRD-ის გასაჩივრების მექანიზმია  ბანკისგან დამოუკიდებელ ორგანო „პროექტების ანგარიშვალდებულების დამოუკიდებელი მექანიზმი“ , ანუ IPAM-ი. ხოლო EIB-ში მსგავსი ფუნქცია აქვს „საჩივრების მექანიზმს“ — CM-ს. „ალტერნატივის“ თანახმად, სწორედ ამ ორმა ორგანომ გამოიძია ნენსკრა ჰესის პროექტი.

ამავე წყაროს თანახმად, EBRD-ისა და EIB-ის მოთხოვნების მნიშვნელოვან ნაწილს პროექტი ვერ აკმაყოფილებს. კერძოდ, ნენსკრა ჰესი ბანკების სტანდარტებს არ შეესაბამება ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორებიცაა:

  • ძირძველი მოსახლეობის უფლებები,
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვა,
  • პროექტის ალტერნატივების შესწავლა,
  • გენდერული საკითხები,
  • ინფორმაციის გამჭვირვალობა,
  • ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელთა კომპეტენცია;

როგორც „მწვანე ალტერნატივა“ წერს, გასაჩივრების მექანიზმების დასკვნებში აღნიშნულია, რომ ამ ბანკების მენეჯმენტმა ნენსკრა ჰესის პროექტი დირექტორთა საბჭოს დასამტკიცებლად ისე წარუდგინა, რომ ის გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.

როგორც განცხადებიდან ვიგებთ, ამ პრობლემების შესახებ EBRD-ისა და EIB-ის გასაჩივრების ორგანოებმა გამოძიება 2018 წელს შესული საჩივრების შემდეგ დაიწყეს. საჩივრების ავტორები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, „მწვანე ალტენრატივა“ და CEE Bankwatch Network-ი, რომლებიც სვანეთის ადგილობრივ მოსახლეობას წარმოადგენდნენ.

რა ხდება შემდეგ?

როგორც „მწვანე ალტერნატივა“ განმარტავს, „მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვანი შეუსაბამობები დადგინდა, EBRD-ის და EIB-ის გასაჩივრების მექანიზმები ბანკების მენეჯმენტისგან შეცდომების გამოსწორებას ითხოვენ და მათთვის რეკომენდაციები მოამზადეს“. ორგანიზაციის თანახმად, რეკომენდაციები ასეთია:

  • ხელახლა გამოიკვლიონ სვანების  შესაბამისობა ძირძველი მოსახლეობის სტატუსთან,
  • შემუშავდეს პროექტის ალტერნატივები,
  • სრულად შეისწავლონ ჰესისა და მის გარშემო არსებული და დაგეგმილი პროექტების კუმულაციური (ერთობლივი)  ზემოქმედება,
  • პროექტის სოციალური და გენდერული ზემოქმედება,
  • ზეგავლენა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე;
  • გაიზარდოს ნენსკრას მმართველი კომპანიის გარემოსდაცვითი და სოციალური გუნდის თანამშრომელთა ცოდნა, კომპეტენცია და უნარები.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა „ნენსკრა ჰიდროს“ წარმომადგენლობას ამ ამბავზე მათი ხედვის გასაცნობად და კომენტარის მისაღებად. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

პროექტის შესახებ

ნენსკრა ჰესის აშენებაზე ხელშეკრულება 2015 წლის 31 აგვისტოს არის დადებული ხუთ მოთამაშეს შორის და 2017 წლის 17 ივნისსაა განახლებული. ეს მოთამაშეები არიან თავად ინვესტორი — სააქციო საზოგადოება (სს) „ნენსკრა ჰიდრო“ და სახელმწიფო, რომელსაც ოთხი სუბიექტი წარმოადგენს:

  • საქართველოს მთავრობა/მაშინდელი ენერგეტიკის სამინისტრო, კახი კალაძის ხელმძღვანელობით; ახლა ეს როლი ეკონომიკის სამინისტროს აქვს;
  • ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო);
  • სახელმწიფო ელექტროსისტემა (სსე);
  • საპარტნიორო ფონდი;

პროექტის საერთო ღირებულება $1,031 მილიარდია. პროექტის ავტორებს გათვალისწინებული აქვთ, რომ ამ თანხის 30%-ს თვითონ გაიღებენ, 70%-ს კი ხუთი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციისგან მიღებული სესხები დაფარავს. ესენი, კონტრაქტის მიხედვით, არიან:

  • „კორეის განვითარების ბანკი“ (KDB) — $100 მილიონი (9.7%)
  • “აზიის განვითარების ბანკი” (ADB) — $174,1 მილიონი (16.9%)
  • „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD) — $174.1 მილიონი (16.9%)
  • „ევროპული საინვეისტიციო ბანკი“ (EIB) — $100 მილიონი (9.7%)
  • „იტალიის ექსპორტის საკრედიტო სააგენტო“ (SACE) — $174.1 მილიონი (16.9%)

რაც შეეხება ინვესტორის ნაწილს, დარჩენილ 30%-ს — სს „ნენკრა ჰიდრო“ ფარავს. თავის მხრივ, ნენსკრა ჰიდროს აქციების 10%-ს საპარტნიორო ფონდი ფლობს, 90%-ს კი კორეული სახელმწიფო კომპანია K-water-ი [ანუ გამოდის, რომ პროექტის საერთო ღირებულების 26.3%-ს კორეული სახელმწიფო კომპანია K-water-ი ფარავს, 2.2%-ს საპარტნიორო ფონდი, 1.5%-ს კვლავ EBRD-ის სესხი].

უკვე წლებია, პროექტის განხორციელებას და ნენსკრა-ნაკრას ხეობის დატბორვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება სვანეთისა და დანარჩენი საქართველოს მოსახლეობის ნაწილი.

ვრცლად ნენსკრა ჰესზე:

ადამიანები სვანეთიდან, რომლებიც ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი