ნენსკრა ჰესის შეჩერების მოთხოვნით 100 000-მდე ხელმოწერა საერთაშორისო ბანკებს გადასცეს

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივისა” და მათი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ლუქსემბურგში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე საერთაშორისო ბანკებს ევროპელი მოსახლეობის მიერ ხელმოწერილი პეტიცია გადასცეს:

„შეაჩერე ნენსკრა“ – ამ მოთხოვნით შედგენილ პეტიციას საქართველოდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან უკვე 100 000-მდე ადამიანი აწერს ხელს და მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდება.

საერთაშორისო პეტიცია კონკრეტულად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პრეზიდენტებს მიმართავს.

პეტიციის ხელმომწერები ბანკებს სთხოვენ, არ დააფინანსონ საქართველოში დაგეგმილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის, 280 მეგავატის სიმძლავრისა და 125 მეტრის სიმაღლის კაშხლის მქონე ნენსკრას მშენებლობა.

“მწვანე ალტერნატივის განცხადებით, მოთხოვნების მიზეზი ნენსკრა ჰესის უარყოფითი ზემოქმედებაა:

ის ხელშეუხებელ ხეობას,  ძირძველი მოსახლეობის ბუნებრივ გარემოს და ბიომრავალფეროვნებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის; ამავდროულად, ქვეყნისთვის მწვავე ფისკალურ რისკებს წარმოშობს, როგორც ეს ცოტა ხნის წინ ანონიმურად გამოაშკარავებულ, “ნენსკრა ჰიდროსა” და საქართველოს მთავრობას შორის დადებულ ხელშეკრულებაში გამოჩნდა და როგორც მითითებული იყო  მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშებში”.

ნენსკრა ჰესის პროექტისთვის ორივე ევროპულ ბანკს, EBRD-ს (214 მილიონი აშშ დოლარი) და EIB-ს (150 მილიონი აშშ დოლარი) სესხის გამოყოფაზე უკვე თანხმობა აქვთ გაცემული, თუმცა, როგორც “მწვანე ალტერნატივა” გვაცნობებს, არცერთ მათგანს სესხის გაცემის საბოლოო კონტრაქტისთვის “ნენსკრა ჰიდროსთან” ჯერ არ მოუწერია ხელი.

პეტიცია “შეაჩერე ნენსკრა” აჩვენებს ხალხის ძალას – თუ როგორ შეიძლება გლობალურმა საზოგადოებამ, სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეებმა, სვანეთის ძირძველი მოსახლეობის გასაჭირი გაიზიარონ და მათი სათქმელი უფრო ფართო მასშტაბით გაავრცელონ. ეს პროექტი რეალურად საზიანოა როგორც სვანეთში მცხოვრებთათვის და ბიომრავალფეროვნებისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის, ის გვერდს უვლის საქართველოს კანონმდებლობას, პროცესი არ მიმდინარეობს გამჭვირვალედ. იმედია, 90 000-ზე მეტი ადამიანის მოთხოვნა სერიოზულად დააფიქრებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს მისი დაფინანსების შეწყვეტაზე”, – განაცხადა “მწვანე ალტერნატივის” ხელმძღვანელმა მანანა ქოჩლაძემ.

საერთაშორისო ბანკების წარმომადგენლებს 100 000-მდე ხელმოწერა მანანა ქოჩლაძემ გადასცა

12 ივლისს ლუქსემბურგში,  აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ყოველწლიურ შეხვედრაზე, საერთაშორისო ბანკებთან პეტიციის და ხელმოწერების გადასაცემად “მწვანე ალატერნატივის” დამფუძნებელი, მანანა ქოჩლაძე ჩავიდა.

იმავე დღეს, შეხვედრის გარდა, მანანა ქოჩლაძე პარალელურად დაესრო მიმდინარე საპროტესტო აქციასაც, საიდანაც “პრობლემების ყალბი გადაწყვეტა” გააპროტესტა და განვითარების ბანკებს მიმართა, შეაჩერონ დიდი ჰესების და ეკოლოგიურად საზიანო პროექტების დაფინანსება.

აქცია ლუქსემბურგში ნენსკრა ჰესის წინააღმდეგ:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.