ეკონომიკა

ნენსკრა ჰესის მშენებლობა უნდა დაჩქარდეს – ღარიბაშვილი

14 ნოემბერი, 2022 •
ნენსკრა ჰესის მშენებლობა უნდა დაჩქარდეს – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობა დაჩქარდეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ ღარიბაშვილმა „ნენსკრა ჰესის“ ინვესტორი კომპანიის K-Water-ის აღმასრულებელ დირექტორთან, პარკ ჯე-ჰიონთან შეხვედრისას აღნიშნა,

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე.

მათივე ცნობით, ხაზი გაესვა მდგრადი და განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ინვესტორებს სთავაზობს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს.

„პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია დიდი ჰესების მშენებლობაში სახელმწიფოს მონაწილეობა. მთავრობის მეთაურის თქმით, „ნენსკრა ჰესი“ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობისათვის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, დაჩქარდეს ჰესის მშენებლობა და პროექტი დროულად დასრულდეს“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული იმ დონ ოპი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, „ნენსკრა ჰესი“ ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია, რომელიც სვანეთის რეგიონში 280 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 1 მლრდ 50 მილიონ დოლარს შეადგენს.


ნენსკრა ჰესის აშენებაზე ხელშეკრულება 2015 წლის 31 აგვისტოს არის დადებული ხუთ მოთამაშეს შორის და 2017 წლის 17 ივნისსაა განახლებული. ეს მოთამაშეები არიან თავად ინვესტორი — სააქციო საზოგადოება (სს) „ნენსკრა ჰიდრო“ და სახელმწიფო, რომელსაც ოთხი სუბიექტი წარმოადგენს:

  • საქართველოს მთავრობა/მაშინდელი ენერგეტიკის სამინისტრო, კახი კალაძის ხელმძღვანელობით; ახლა ეს როლი ეკონომიკის სამინისტროს აქვს;
  • ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო);
  • სახელმწიფო ელექტროსისტემა (სსე);
  • საპარტნიორო ფონდი.

პროექტის საერთო ღირებულება $1,031 მილიარდია. პროექტის ავტორებს გათვალისწინებული აქვთ, რომ ამ თანხის 30%-ს თვითონ გაიღებენ, 70%-ს კი ხუთი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციისგან მიღებული სესხები დაფარავს. კონტრაქტის მიხედვით, ესენი არიან:

  • „კორეის განვითარების ბანკი“ (KDB) — $100 მილიონი (9.7%)
  • “აზიის განვითარების ბანკი” (ADB) — $174,1 მილიონი (16.9%)
  • „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD) — $174.1 მილიონი (16.9%)
  • „ევროპული საინვეისტიციო ბანკი“ (EIB) — $100 მილიონი (9.7%)
  • „იტალიის ექსპორტის საკრედიტო სააგენტო“ (SACE) — $174.1 მილიონი (16.9%)

რაც შეეხება ინვესტორის ნაწილს, დარჩენილ 30%-ს სს ფარავს „ნენკრა ჰიდრო“. თავის მხრივ, ნენსკრა ჰიდროს აქციების 10%-ს საპარტნიორო ფონდი ფლობს, 90%-ს კი, კორეული სახელმწიფო კომპანია K-water-ი [ანუ გამოდის, რომ პროექტის საერთო ღირებულების 26.3%-ს კორეული სახელმწიფო კომპანია K-water-ი ფარავს, 2.2%-ს -საპარტნიორო ფონდი, 1.5%-ს- კვლავ EBRD-ის სესხი].

უკვე წლებია, პროექტის განხორციელებას და ნენსკრა-ნაკრას ხეობის დატბორვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება სვანეთისა და დანარჩენი საქართველოს მოსახლეობის ნაწილი.

ვრცლად ნენსკრა ჰესზე:

„ფასდაუდებელი“ ნენსკრა ჰესი

მასალების გადაბეჭდვის წესი