ახალი ამბები

ნენსკრა ჰესის აშენების უფლება კორუფციაში დადანაშაულებულმა კომპანიამ მიიღო – მწვანე ალტერნატივა

19 ნოემბერი, 2019 • 2505
ნენსკრა ჰესის აშენების უფლება კორუფციაში დადანაშაულებულმა კომპანიამ მიიღო – მწვანე ალტერნატივა

ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” სამხრეთკორეულ გამოცემა ajudaily-ზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ნენსკრა ჰესის სამშენებლო კონტრაქტორი სწორედ სამხრეთკორეული კომპანია Hyundai Engineering and Construction იქნება.

ამ გამოცემის მიხედვით, კორეულმა კომპანიამ თურქულ “ლიმაკთან” ერთად “ნენსკრა ჰიდროს” $737- მილიონიანი ტენდერი მოიგო.

“მწვანე ალტერნატივის” ცნობით, Hyundai E&C-ს მიმართ სხვადასხვა ქვეყანაში გარკვეული ბრალდებები არსებობს. მაგალითად, გამოცემა Business Korea წერს, რომ კომპანიის მიმართ არსებობს ბლადება, რომ მათ ინდონეზიაში ერთ-ერთ პოლიტიკოსს ფული გადაუხადეს, რათა ქვანახშირის თბოელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტი შეეჩერებინა. საუბარია დაახალოებით ნახევარ მილონ დოლარზე. გამოცემის თანახმად, კომპანიის წარმომადგენლებს ქვეყნის დატოვება დროებით აეკრძალათ კიდეც, რათა მათ ინდონეზიელ სამართალდამცავებთან ითანამშრომლონ.

მეორე ბრალდება ასევე ქრთამის მიცემას უკავშირდება. სამხრეთკორეული მედიასაშუალება Yonhap-ის თანახმად, 2018 წელს პოლიცია Hyundai Engineering and Construction-ის სათავო ოფისი შევიდა. კომპანიას ბრალად ედებოდა ერთ-ერთ სამშენებლო პროექტში მონაწილეობის მისაღებად მესაკუთრეების მოქრთამვა.

“სხვა შემთხვევებიდან  ასევე ცნობილია ე.წ. ოთხი მდინარის საქმეც, რომლის შედეგადაც კორეის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო Hyundai E&C-მა, სხვა კომპანიებთან ერთად, კანონდარღვევაში – წინასწარ შეთანხმებული ფასის შეთავაზებაში დაადანაშაულა. სააგენტოს ცნობით, “ოთხი მდინარის” საქმის შედეგად “გადასახადის გადამხდელები  3.57 მილიარდი აშშ დოლარით დაზარალდნენ”, -წერია “მწვანე ალტერნატივის” განცხადებაში.

ნენსკრა ჰესისთვის სამშენებლო კონტრაქტორის ძიება  ბოლო 1 წელიწადი მიმდინარეობდა, მას შედმეგ, რაც პროექტი მსხვილმა ინვესტორმა Salini Imperegilo-მ  დატოვა.

ნეტგაზეთი “ნენსკრა ჰიდროს” დაუკავშირდა. ჩვენ კომპანიას ვკითხეთ, მართლაც იქნება თუ არა ჰესის მშენებლობაში ჩართული ეს კორეული კომპანია. ამას გარდა, “ნენსკრა ჰიდროს” აქვს თუ არა ინფორმაცია იმ ბრალდებების შესახებ, რაც Hyundai E&C-ს მიმართ არსებობს.

კომპანიიდან ნეტგაზეთს დაუდასტურეს ინფორმაცია ტენდერის დასრულების შესახებ, თუმცა მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ახალი არაფერი არ არის.

“ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის განმახორციელებელი კომპანია სს “ნენკსრა ჰიდრო” გენერალური კონტრაქტორის გამოსავლენად საერთაშორისო ტენდერს 2019 წლის განმავლობაში ატარებდა. დღევანდელი მდგომარეობით, გამოვლინდა შერჩეული კანდიდატი. ამჟამად შესაბამისი ხელშეკრულების ფინალიზება მიმდინარეობს. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება და ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, სს “ნენსკრა ჰიდრო” იზრუნებს იმაზე, რომ საზოგადოებას დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს”, – წერია კომპანიისგან ნეტგაზეთისთვის წერილობით გამოგზავნილ პასუხში.

მასალების გადაბეჭდვის წესი