კვლევის მიხედვით, 2013-2014 წელს საქართველოს მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას ქონება 23-ჯერ გადასცა. აქედან, მხოლოდ 2014 წლის იანვარ-მარტის თვეში, 16 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

კვლევის მიხედვით, 2013-2014 წლებში საქართველოს მთავრობის მიერ რელიგიური ორგანიზაციებისთვის გადაცემული ქონების შეფასება აჩვენებს, რომ უძრავი და მოძრავი ქონების ძირითადი ნაწილი მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრების უფლებით აქვს მიღებული. დაფიქსირდა მხოლოდ ებრაული თემისთვის ქონების უზუფრუქტით გადაცემის შემთხვევაც.

 

“საქართველოს მთავრობისგან მატერიალური სიკეთის გადაცემის მოქმედი წესის მიხედვით, მათი გადაცემა ხორციელდება მთავრობის განკარგულების საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. როგორც წესი, ქონების გადაცემა საკუთრებაში ხორციელდება პირდაპირი მიყიდვის ფორმით – სიმბოლურ ფასად, 1 ლარად,”– ნათქვამია კვლევაში.

 

კვლევის მიხედვით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს შემთხვევები, როდესაც მართლმადიდებლური ეკლესია 1 ლარად მიღებულ ქონებას  შესაბამისი საბაზრო ფასით ასხვისებს.

 

“ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ვერ აკონტროლებს გადაცემულ ქონებას, რადგან ის საკუთრების უფლებით არის გადაცემული,”– ნათქვამია კვლევაში.

 

2014 წელს ეკლესიისთვის გადაცემული ქონების 37% არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მოდის, მოძრავ ქონებაზე- 19%, ხოლო დანარჩენ 44% მოიცავს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობას.

 

კვლევაში აღნიშნულია, რომ 2014 წელს საქართველოს მთავრობის მიერ ეკლესიისთვის გადაცემული ქონების მხოლოდ 31%-ის შემთხვევაშია გარკვეული ქონების გადაცემის მიზნობრიობა. 2013 წელს კი აღნიშნული მაჩვენებელი უფრო მაღალია და 71%-ს აღწევს.

 

კვლევაში შესწავლილია 2013 წელსა და 2014 წლის დასაწყისში (იანვარი-აპრილი) სახელმწიფოს მიერ რელიგიური გაერთიანებებისთვის, მათ შორის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, გადაცემული ფინანსური რესურსების, უძრავი და მოძრავი ქონების მასშტაბი და მიზნობრიობა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *