ნეტგაზეთი | რუსეთი აფხაზეთში შეტევაზე გადადის რუსეთი აფხაზეთში შეტევაზე გადადის – Netgazeti
RU | GE  

რუსეთი აფხაზეთში შეტევაზე გადადის

დასრულდა თუ არა აფხაზეთის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია, ყველგან მოეფინა ინფორმაცია ახალი შეთანხმების შესახებ რუსეთსა და აფხაზეთს შორის. თავად ტექსტი ჯერ არავის უნახავს, თუმცა მის შინაარსზე მსჯელობა შესაძლებელია იმ კომენტარებზე დაყრდნობით, რასაც ოფიციალური პირები იძლევიან. განსაკუთრებით საინტერესოა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადიმერ სურკოვის სიტყვები – ის შედარებით უფრო გულახდილი იყო.

სურკოვის თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს იმას, რომ “ეტაპობრივად გაიხსნება საზღვარი და არ იქნება არავითარი წინაღობა ადამიანების და საქონლის გადაადგილებისთვის აფხაზეთსა და რუსეთს შორის… გაძლიერდება ურთიერთქმედება თავდაცვის, მართლწესრიგის დაცვის სფეროებში და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამაღლდება აფხაზი ხალხის ცხოვრების სოციალური სტანდარტები. ვეცდებით, რომ აქ ხალხს საპენსიო უზრუნველყოფის კუთხით იგივე გარანტიები ჰქონდეთ, რაც არის რუსეთში. ამასთან იქნება დაკავშირებული შემდგომი დაფინანსება… ორ ქვეყანას შორის შეთანხმებაზე ხელმოწერის მეორე დღესვე ჩვენი ფინანსური დახმარება თითქმის ორჯერ მეტით გაეზრდება მოძმე აფხაზეთს. შემდგომ წლებში ეს დახმარება მზარდი იქნება,” – განაცხადა სურკოვმა.

 

თემა, რომელმაც ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ აფხაზურ საზოგადოებაში ემოციების ზღვა გამოიწვია, ახლა უკვე მოცემულობაა და ჩანს, რომ რესპუბლიკაში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც “რუსეთთან გაღრმავებული ინტეგრაციის” წინააღმდეგ გამოსვლას შეძლებს.

 

ალექსანდრ ანქვაბის მიერ წაგებული წინასაარჩევნო კამპანიის დროს ეს თემა მხოლოდ მოკლე დროით, კამპანიის დასაწყისში, გამოვიდა ზედაპირზე, მაგრამ ყოფილი ხელისუფლების პარტიაში, როგორც ჩანს, შეეშინდათ ამ ინიციატივის და იდეა, რომ შეექმნათ ალექსანდრ ანქვაბისგან დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, მალე დამარხეს. დღეს აფხაზეთში ოპოზიცია არ ჩანს და ამის გამო არავინაა ისეთი, ვინც ახალ შეთანხმებას შეაფასებდა, როგორც აფხაზეთის დამოუკიდებლობის ნარჩენების შესაძლო დათმობას.

 

ცხადია, სახელმწიფო მოხელეები ახლა დაიწყებენ ლაპარაკს, რომ ეს სრულებითაც არ არის ასე, რომ შეთანხმება იდება ახალი გამოწვევების საპასუხოდ, რაც ჩნდება რეგიონში. გამოწვევებში, ცხადია, იგულისხმება კონფრონტაციის გაძლიერება დასავლეთსა და რუსეთს შორის და საქართველოს დასავლეთთან შემდგომი ინტეგრაცია. მაგრამ როგორ შეიძლება ფსოუზე საზღვრის გახსნა იყოს ამაზე პასუხი, არავინ განმარტავს.

 

ამასთან, დახურული საზღვარი – ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელია აფხაზეთის რუსეთისგან რაღაც ტიპის დამოუკიდებლობისა. ეს, რა თქმა უნდა, ყურს მოჭრის ქართველ მკითხველს, მაგრამ სიმართლე ასეთია: სანამ აფხაზეთი ინარჩუნებს შესაძლებლობას, რომ არ შეუშვას თავის ტერიტორიაზე “ქართული ეროვნების წარმომადგენლები”, ანუ ქართველი დევნილები, რომლებსაც რუსული პასპორტები აქვთ, ის ინარჩუნებს თავის სუბიექტივიზმს რუსეთთან ურთიერთობაში.

 

სუბიექტივიზმის კიდევ ერთი მაჩვენებელია უძრავი ქონების, განსაკუთრებით კი მიწების უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა. რუსეთი დაჟინებით ითხოვს ბაზრის გახსნას და თუკი ეს მოთხოვნა – უძრავი ქონების ნაწილში – აისახება შეთანხმებაში, თითქმის არანაირი წინაღობა აღარ დარჩება რუსეთის მიერ აფხაზეთის სრულად შესანთქმელად.

ვლადიმერ პუტინი, რაულ ხაჯიმბა
ვლადიმერ პუტინი, რაულ ხაჯიმბა

ერთადერთ წინაღობად, ვფიქრობ, საზოგადოებრივი აზრი დარჩება. “ეხო კავკაზას” ბოლო გამოკითხვამ სოხუმის ქუჩებში გამოავლინა იშვიათი ერთსულოვნება ადგილობრივი მოსახლეობისა საზღვრის გახსნის საკითხში – პრაქტიკულად ყველა წინააღმდეგია. ანალოგიურად, უცხოელებზე უძრავი ქონების გაყიდვის საკითხიც დიდი ხნის განმავლობაში იყო ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი აფხაზეთში – ამასთან, ბაზრის გახსნის მოწინააღმდეგეებს შორის უმრავლესობას სწორედ ახალი პრეზიდენტის მომხრეები წარმოადგენდნენ.  ამგვარად, საზოგადოებრივი წინააღმდეგობა ამ ინიციატივებისადმი თავისუფლად შეიძლება გაჩნდეს. თუმცა დრო ამისთვის ცოტაა. როგორც სურკოვმა თქვა, ახალ შეთანხმებას ხელი ამ წლის ბოლომდე მოეწერება.

 

ვიღაც შეიძლება დაეჭვდეს, რომ რაულ ხაჯიმბა ასე სწრაფად დათმობს ყველა პოზიციას რუსეთთან ურთიერთობაში. სწორედ ის იყო ბოლო წლებში მთავარი მოწინააღმდეგე ასეთი “გაღრმავებული ინტეგრაციისა”. შესაძლოა, სურკოვი ასწრებს ორთქლმავალს და სასურველს სინამდვილედ ასაღებს. თუმცა ერთი რამ ნათელია, ახლა აფხაზეთის ლიდერს ძალიან ცოტა სივრცე აქვს მანევრებისთვის. მან კარგად იცის, რომ მალე შეიძლება დაკარგოს პოპულარობა, თუკი რუსული ფულის ნაკადი შეიზღუდება. ამ მათრახზე სურკოვი არაფერს ამბობს, მხოლოდ თაფლაკვერზე (ფინანსების გაორმაგება) საუბრობს, მაგრამ ყველაფერი ისედაც გასაგებია.

 

პოლიტიკური ოპოზიციის არქონა სერიოზულად ართულებს სიტუაციას. დიდი ხნის განმავლობაში აფხაზეთში მოქმედებდა ფაქტობრივი ორპარტიული სისტემა და ოპოზიციის როლი იყო სწორედ დაცვაში. წინა ხელისუფლებამ არჩევნები მოიგო იმით, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს რაულ ხაჯიმბას აცხადებდა კრემლის მარიონეტად, რომელიც მზად იყო, აფხაზეთი სრულად ჩაებარებინა რუსეთისთვის. მას შემდეგ, რაც ოპოზიციაში გადავიდა, 10 ხანგრძლივი წლის განმავლობაში ხაჯიმბა იგივე ტაქტიკას იყენებდა – ახალ ხელისუფლებას ამხელდა, რომ ის არასაკმარისად იცავდა აფხაზეთის ინტერესებს რუსეთთან ურთიერთობაში. პოლიტიკური ძალების ამ წინააღმდეგობრივ სისტემაში ნებისმიერ აფხაზ ლიდერს შეეძლო აპელირება იმაზე, რომ ოპოზიცია ატეხავს საშინელ ხმაურს და ხალხს ქუჩაში გამოიყვანს, თუკი რომელიმე გადაწყვეტილება პოზიციის დათმობად მოეჩვენებოდა, რაც საფრთხეს უქმნიდა აფხაზეთის დამოუკიდებლობის დაკარგვას. კრემლი ასეთ საფრთხეებს, 2004 წელს აფხაზურ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ნაკლებად აქცევდა ყურადღებას.

 

დღეს ამ ორპარტიული სისტემიდან არაფერია დარჩენილი. ალექსანდრ ანქვაბი, ფაქტობრივად, გაგდებულია აფხაზური პოლიტიკიდან. სხვა გამოკვეთილი პირები მისი გარემოცვიდან, რომლებიც მზად იქნებიან ოპოზიციის მანტია მოირგონ, არ ჩანან. მეორე მხრივ, არ შეიძლება ანგარიში არ გაეწიოს იმ ფაქტს, რომ რაულ ხაჯიმბამ მინიმალური უპირატესობით მოიგო არჩევნები, ანუ აფხაზეთში, მართალია, არ არის ოპოზიცია, მაგრამ არის ოპოზიციური ელექტორატი და ალბათ ამ გარემოდან შეიძლება გამოვლინდნენ ლიდერები. სწორედ ამიტომაც ჩქარეობს ასე სურკოვი ახალი შეთანხმების გაფორმებას.

ხაჯიმბას ადგილზე, მე დავფიქრდებოდი, რომ სასწრაფოდ შემექმნა ოპოზიცია – არსებითად, ეს ერთადერთი კოზირია, რომელიც შეიძლება აფხაზეთის ახალმა ლიდერმა რუსეთთან სათამაშო მაგიდაზე დადოს.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დემის პოლანდოვი სპეციალურად ნეტგაზეთისთვის, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი