გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფთან ერთად, შვედეთის მთავრობისა და ფონდ „ორბელიანი საქართველოს“ მხარდაჭერით, თბილისის ქუჩის მტვერსა და ოჯახების ყოველდღიური მოხმარების 268 ნივთში ტყვიის შემცველობა შეისწავლეს.
კვლევის ფარგლებში 268 სინჯი შეისწავლეს, რომელთაგან 84 სინჯი სურსათს და სასმელ წყალს წარმოადგენდა, ხოლო 184 სინჯი საყოფაცხოვრებო ნივთი იყო, მათ შორის, სათამაშოები, კოსმეტიკა, ჰიგიენური და სარეცხი საშუალებები, სამშენებლო მასალები, საყოფაცხოვრებო მტვერი და საოჯახო ნივთები.
როგორც კვლევაში ვკითხულობთ, სინჯები თბილისის მაშტაბით შერჩეული 17 ოჯახიდან აიღეს, საიდანაც 29 პიროვნებას ჰქონდა ტყვიის შემცველობა სისხლში, ხოლო მათგან 19 ბავშვია.
ავტორების თქმით, 268 სინჯიდან 84 იყო სურსათი და წყალი, 77 სათამაშო, 34 სამშენებლო-სარემონტო მასალები, 17 საყოფაცხოვრებო მტვერი, 22 კოსმეტიკა, 21 საოჯახო და სამზარეულოს ნივთები, 5 საყოფაცხოვრებო ქიმია, 3 ბიჟუტერია და 5 სხვადასხვა.
კვლევის მიხედვით, 268 სინჯიდან ტყვია აღმოჩნდა შემდეგში:
- სურსათის 84 სინჯიდან 5-ში დაფიქსირდა ტყვიის მაღალი კონცენტრაცია;
- სათამაშოების 77 სინჯიდან 19-ში დაფიქსირდა ტყვიის მაღალი კონცენტრაცია;
- სამშენებლო და სარემონტო მასალის 34 სინჯიდან 13-ში დაფიქსირდა ტყვიის მაღალი კონცენტრაცია;
- კოსმეტიკის 22 სინჯიდან 2-ში აღმოჩნდა ტყვიის მაღალი კონცენტრაცია;
- საოჯახო და სამზარეულოს ნივთების 21 სინჯიდან ერთში აღმოჩნდა ტყვიის მაღალი კონცენტრაცია;
- ბიჟუტერიის 3 სინჯიდან ორში აღმოჩნდა ტყვიის მაღალი კონცენტრაცია (მათ შორის ერთი იყო 5 წლის ბავშვის სამაჯური);
- 5 სხვადასხვა კატეგორიის სინჯიდან ტყვია აღმოჩნდა 1 სინჯში (2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ მაისურში).
როგორც კველვაში ვკითხულობთ, 5 საყოფაცხოვრებო ქიმიის (სარეცხი და საწმენდი საშუალებები) სინჯიდან ტყვია არცერთში არ დაფიქსირებულა, ტყვია არ აღმოჩნდა ასევე წყალში, კერამიკის ჭურჭელში და ოჯახში დალექილ მტვერში. თუმცა, ამავე კვლევით, ჯამში, ტყვია აღმოჩნდა შესწავლილი ოჯახების თითქმის ყოველ მე-5 ნივთში, 18%-ში.
შესაბამისად, როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, თბილისის შესწავლილ 17 ოჯახში ტყვიის გავრცელების საშიშ წყაროს წარმოადგენენ:
- სამშენებლო და სარემონტო მასალები;
- სათამაშოები;
- სუნელები;
- კოსმეტიკა;
- სამზარეულოს ნივთები;
- შეღებილი ტექსტილი.
შესავალი
ტყვია არის მეორე რიგის კარცენოგენური ნივთირება. ის იწვევს ძვლების დემინერალიზაციას, განსაკუთრებით ორსულობისას, ლაქტაციის და ოსტეოპოროზის დროს. ტყვია ადვილად ტრანსფერირდება (გადადის) დედიდან შვილზე ძუძუთი კვების და მუცლად ყოფნის დროს. ტყვიის მავნე ეფექტი ვრცელდება ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემაზე (გულ-სისხლძარღვთა, თირკმლის, ენდოკრინული, კუჭ-ნაწლავის, იმუნური და რეპროდუქციული სისტემები). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ტყვიისთვის მნიშვნელოვანი სამიზნე მაინც ცენტრალური ნერვული სისტემაა. მისი დაბალი ექსპოზიციის (ზემოქმედების) დონეც კი უარყოფითად აისახება ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ მოზარდებსა და ბავშვებში ძნელდება კოგნიტური განვითარება და ქვეითდება ინტელექტუალური შემეცნების უნარი.
მიუხედავად ბოლო რამდენიმე თვეში სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯებისა, საზოგადოებაში მაინც გაურკვევლობაა, თუ საიდან ხვდება მათ ორგანიზმში ტყვიის მაღალი კონცენტრაცია.
კვლევის მიზანი
მეთოდოლოგია
სასურსათო პროდუქციის და წყლის სინჯებში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა მოხდა რაოდენობრივი ატომურ-აბსორბციული სპექტროფოტომეტრის გამოყენებით სერტიფიცირებული ლაბორატორიის, „ხარისხის ლაბორატორიის“ მიერ, ხოლო დანარჩენ სინჯებში ტყვიის განსაზღვრა განხორციელდა სწრაფი ტესტის მეშვეობით, რომელიც თვისობრივ რეაქციაზეა დამყარებული.
მიგნებები ოჯახების დონეზე
- 17 ოჯახიდან, 14 ოჯახში აღებულ სინჯში აღმოჩნდა ტყვიის საშიში კონცენტრაცია, 3 ოჯახში -არ აღმოჩნდა;
- მიუხედავად იმისა, რომ ოჯახებს საშუალოდ 5 წლის წინ აქვთ სარემონტო სამუშაოები დასრულებული ან ახალ აშებენულ სახლში ცხოვრობენ, 9 ოჯახში ტყვიის გავრცელების (ერთ-ერთი) წყაროს სამშენებლო და სარემონტო მასალები წარმოადგენს;
- ბოლო დროს სუნელ-სანელებლების მიმართ გამკაცრებული რეგულაციების მიუხედავად, პროექტში ჩართული 17 ოჯახიდან 7 ოჯახში ტყვიის გავრცელების წყაროს სუნელები წარმოდგენს, აღებული სურსათის სინჯებიდან ტყვიით დაბინძურება სუნელების 6%-ზე მოდის;
- 17 ოჯახიდან 7 ოჯახში ტყვიის გავრცელების წყაროს წარმოადგენს სხვასასხვა სახეობის სათამაშო;
- 17 ოჯახიდან 2 ოჯახში -ბიჟუტერია, 1 ოჯახში- ტრიკოტაჟი, 1 ოჯახში- კოსმეტიკა და 1 ოჯახში- სამზარეულოს ნივთი.
- ერთ-ერთ ოჯახში, რომელშიც 10 და 4 წლის ბავშვებში ტყვიის კონცენტრაცია ყველაზე მაღალი იყო (179 ug/l და 148 ug/l ), აღებული სინჯებიდან 48.2 %-ში ტყვიის საშიში კონცენტრაცია დაფიქსირდა.
- არცერთი ოჯახის შემთხვევაში სისხლში ტყვიის ანალიზის ჩატარების მიზეზი არ ყოფილა პედიატრის რჩევა.
- ოჯახების უმრავლესობა ცხოვრობს ისეთ ტერიტორიაზე, სადაც მიმდინარეობს მშენებლობები ან ახალი დასრულებულია. სსრკ-ის დროინდელი რემონტი და, შესაბამისად, ძველი საღებავები არსად დაფიქსირებულა
- თითქმის ყველა ოჯახის გარშემო დაფიქსირდა მშენებლობა და ინტენსიური სამანქანე მოძრაობა
ტყვია სამშენებლო-სარემონტო მასალებში
ტყვია სათამაშოებსა და ბავშვის ნივთებში
ტყვია სურსათში
ტყვია კოსმეტიკურ საშუალებებსა და ბიჟუტერიაში
ტყვია სხვა ნივთებში
ტყვია ქუჩის მტვერში
ქუჩის მტვერში ტყვიის წყარო შეიძლება რამდენიმე იყოს: 1) მშენებარე ობიექტებზე წარმოქმნილი მტვერი და სამშენებლო მასალების ჰაერში გაფრქვევა, ლითონების, სამრეწველო პროდუქციის, ელექტროენერგიისა და სამშენებლო პროდუქტების წარმოება; 2) უკატალიზატორო ავტომობილების შიდა წვის პროცესიდან გამოტყორცნილი ტყვიის შენართები. მაგალითად, ცნობილი ფაქტია, რომ საავტომობილო გამონაბოლქვში ტყვიის ზომა მერყეობს 0,1-დან 1,0 მმ-მდე. აღნიშნული მიგნება შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ იმ ოჯახების უმეტესობას აქვს სისხლში ტყვიის შემცველობა მაღალი, ვინც ქალაქის ცენტრალურ უბნებში ცხოვრობს. ქალაქის შუაგულში ინტენსიურად მიმდინარეობს მშენებლობები და მანქანების მოძრაობა, რის გამოც დროთა განმავლობაში ხდება ადამიანების ორგანიზმში ტყვიის ჭარბი კონცენტრაციის დაგროვება. ამ საკითხზე საბოლოო დასკვნისთვის საჭიროა დაკვირვებები დინამიკაში და ქიმიური ანალიზების ჩატარება ატომურ-აბსორბციული სპექტროფოტომეტრიის გამოყენებით ამ სფეროში სერტიფიცირებულ ლაბორატორიაში, რაც საქართველოში არ არსებობს.

ნახ.1. კვლევაში მონაწილე ოჯახები საცხოვრებელი ადგილმდებარეობის მიხედვით
წინამდებარე კვლევა მოხალისეობრივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა, ხოლო მისი ავტორია ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფუ უნივერსიტეტის ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, გურანდა ავქოფაშვილი, ხოლო დამკვეთი – აქტიურ მოქალაქეთა, საქართველოში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საკითხით დაინტერესებული ქართველი და უცხოელი პირების არაფორმალური საინიციატივო ჯგუფი (Facebook ჯგუფი „Plumbum (Lead) in Georgia ტყვია საქართველოში“).
კვლევის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი „ორბელიანი საქართველო“, რომელიც აფინანსებს მოხალისეობრივ პროექტებს. კვლევა ჩატარდა 2019 წლის იანვარ-მარტში.
რეკომენდაციები
რეკომენდაციები შეიმუშავეს: ეკა ლალიაშვილმა, მანანა ქოჩლაძემ, ვახტანგ კობალაძემ და გელა კვაშილავამ.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას
- უკვე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შექმნას საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ტყვიისა და სხვა მძიმე მეტალების დაბინძურების პრევენციას, მონიტორინგსა და აღმოფხვრას
- დაიწყოს ფართო საზოგადოებრივი კამპანია (მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის, დაავალდებათ კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ჩართულობით), რომელიც მოსახლეობას აუხსნის, რა საფრთხეებს შეიცავს ტყვიისა და სხვა მძიმე მეტალებით დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობისთვის და როგორ უზრუნველყონ მისი პრევენცია და მკურნალობა.
ჯანდაცვის სამინისტროს
- 5 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ორსული ქალების პროფილაქტიკური კვლევების ჩამონათვალში სისხლში ტყვიისა და სხვა მძიმე მეტალების ანალიზი გახდეს სავალდებულო. ახლახანს, სამინისტრომ ტყვია ჩაამატა ლაბორატორიული კლასიფიკაციების სიაში და ამიერიდან, ექიმებს ოფიციალურად შეუძლიათ დანიშნონ ტყვიის და სხვა მძიმე მეტალების კვლევა, საჭირო შემთხვევაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს შესაძლებლობა რეალურად გამოიყენონ ექიმებმა. ასევე ანალიზის ფასი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ან დაფაროს დაზღვევამ;
- ვინაიდან ქართულ სამედიცინო პროტოკოლებსა და გაიდლაინებში არ დევს ტყვიის კვლევები, უნდა მომზადდეს სისხლში ტყვიის მომატებული ოდენობის მკურნალობის გაიდლაინი და განხორციელდეს შესაბამისი ქმედებები ექიმებისთვის გადამზადებისათვის. თანამედროვე მიდგომით მკურნალობა ასახულ იქნეს სამედიცინო სასწავლო მასალაში;
- მოხდეს ექიმების და პედიატრების ცნობიერების ამაღლება. ჯანდაცვის სამინისტრომ ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა საიტის მეშვეობით გაავრცელოს ინფორმაცია ექიმებისთვუს ტყვიით გამოწვეულ შედეგებზე და საინფორმაციო ბიულეტენი ექიმებისთვის, მათ შორის პაციენტის მომზადების წესი სისხლის ნიმუშის აღებამდე. აუცილებელია პედიატრთა ტრეინინგი ქვეყნის მასშტაბით მკურნალობის მეთოდოლოგიის უკეთ გაცნობის მიზნით;
- ჩამოყალიბდეს სტრუქტურული ერთეული (აშშ-ის Occupational Safety and Health Administration-ის მსგავსი), რომელიც პასუხისმგებელი იქნება სისხლში ტყვიის მაღალი ოდენობების აღმოჩენის შემთხვევაში, ტყვიის წყაროების მოკვლევაზე დაზარალებულის გარემოში (საოჯახო მეურნეობა, სასწავლო თუ სამუშაო გარემო) და მათ მოცილებაზე რეკომენდაციების მომზადებაზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს:
- ვინაიდან სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის ტერიტორიაზე, შერჩევით, ლაბორატორიულად ამოწმებს სურსათს (მათ შორის, სასმელ წყალს) და ბოლო წლებში მან საქართველოს სხვადასხვა ნაწილში ტყვიის გადამეტებული ოდენობა აღმოაჩინა სხვადასვა სურსათში, უმეტესად, საქონლის ხორცში, ნედლ რძეში და სუნელებში, მნიშნელოვანია გარემოს ეროვნულ სააგენტომ შეძლოს ასეთ შემთხვევებში ტყვიით დაბინძურების წყაროების (დაბინძურებული გარემო (ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბადოები და სხვა), არასაკვები საღებავების გამოყენება სურსათის წარმოებაში, პესტიციდები და აგროქიმიკატები თუ სხვა) გამოვლენა. ამ შედეგებზე დაყრდნობით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, განახორციელონ პრევენციული ღონისძიებები და კონტროლი;
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განახორციელოს ქვეყნის მასშტაბით სურსათის ტყვიით დაბინძურების წყაროების სრულფასოვანი შესწავლა და ამის საფუძველზე დაგეგმოს ღონისძიებები პრობლემის აღმოსაფხვრელად. მათ შორის გამოვლინდეს ყველა ის ობიექტი, რომელიც გამოყოფს და ან პოტენციურად შესაძლოა გამოყოს ტყვიის ემისიები, მათ შორის მცირე წარმოებები. უზრუნველყონ ამ ობიექტების ხანგრძლივ ვადიანი დამოუკიდებელი მონიტორინგი ტყვიის ემისიების ოდენობაზე;
- გაგრძელდეს სუნელების და სანელებლების წარმოება- გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსების რისკის მართვის დროებითი ზომების მოქმედების ვადა (2020 წლის თებერვლის შემდეგ);
- სურსათის უსაფრთხოების სამსახურმა სხვა ქვეყნების გამოცდილებისა და ანალიზის შედეგად გამოავლინოს ის ქვეყნები და სურსათი, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს მომატებულ ტყვიის ოდენობას, და შეიმუშავოს რეკომენდაციები იმპორტიორი ორგანიზაციებისთვის;
- ტყვიაზე სურსათის შემოწმების პროგრამის გაფართოებასთან ერთად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის შემოწმების შედეგების გაცნობა დაუყოვნებლივ, ე.წ. გამაფრთხილებელი შეტყობინების საფუძველზე;
- ვინაიდან სურსათის სააგენტოს ამჟამად მოქმედი რეგულაციები არაა საკმარისი, ლაბორატორიული შემოწმების ვალდებულებების გარკვეული ნაწილი გადასატანია მწარმოებელ-იმპორტიორზე;
- ჰაერის მუდმივი და არა ფრაგმენტული მონიტორინგი ტყვიის შემცველობაზე ქყვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე;ქვეყნის მასშტაბით სასწავლო დაწესებულებთან ჰაერის მუდმივი მონიტორინგი ტყვიის შემცველობაზე სრულფასოვანი სურათის ჩამოყალიბებისთვის;
- წყლის ყოველწლიური ანალიზი ტყვიაზე ყველა საბავშვო დაწესებულებში (სკოლები, საბავშვო ბაღები, სპორტული დარბაზები და სხვა);
- საწვავის მუდმივი და არა ფრაგმენტული მონიტორინგი როგორც საბაჟოზე, ასევე ბენზინგასამართ სადგურებზე. საწვავის ხარისხის მონიტორინგის არსებული სისტემის დახვეწა – აუცილებელია საქართველოში განხორციელდეს საწვავის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი, მათ შორის დიზელის საწვავის. კომპანიებს, რომლებსაც შემოაქვთ საწვავი თვითონ ატარებენ ხარისხზე მონიტორინგს, ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი და პროცესი არ არის გამჭვირვალე. სახელმწიფო არ ატარებს საწვავის მონიტორინგს და მომხმარებელი უბრალოდ ბრმად ენდობა კომპანიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. აუცილებელია, საწვავის იმპორტისას საბაჟო დეპარტამენტმა ადგილზევე შეამოწმოს დოკუმენტებიც და საწვავიც. შემოტანილი საწვავის ხარისხსი მონიტორინგი განხორციელდეს დამოუკიდებელი და აკრედიტირებული ლაბორატორიების მიერ;
- დაინერგოს ბენზინგასამართი სადგურების და საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ეკომარკირების სისტემა, რომლის მიზანია ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა საწვავის ზრდისა და ნავთობიმპორტიორ კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა. ეკომარკირების პარამეტრები ევროსტანდარტებზე დაყრდნობით უნდა განისაზღვროს. საწვავის ეკომარკირებასთან ერთად, ბენზინგასამართი სადგურების მარკირების პროცესის დანერგვაც სასურველია, რადგან კომპანიამ, შესაძლოა, ხარისხიანი საწვავი შემოიტანოს, თუმცა ბენზინგასამართი სადგური (მაგ. ავზი იყოს ტყვიით დაბინძურებული) ეკოლოგიურ და სხვა სახის სტანდარტებს არ აკმაყოფილებდეს. ყველა სადგურზე განთავსდეს ინფორმაცია საწვავში ტყვიის შემცველობის შესახებ;
- რეგიონალური (ადგილობრუვი) წყლის კომპანიებისთვის სავალდებულო გახდეს საკუთარ ლაბორატორიული კონტროლის მოთხოვნებში ტყვიის კვლევა აკრედიტირებულ ლაბორატორიების საშუალებით.
ფინანსთა სამინისტრომ
- შემოსავლების სამსახურის (საბაჟო დეპარტამენტი) მიერ იმპორტირებულ პროდუქციაზე (სამშენებლო მასალები, მათ შორის საღებავები, საკანცელარიო ნივთები, საბავშვო პროდუქცია, კოსმეტიკა, ბიჟუტერია, საყოფაცხოვრებო ნივთები და ა.შ.) დაწესდეს ლაბორატორიული კონტროლი;
- გამოიყოს სტრუქტურული ერთეული, რომელსაც დაევალება ადგილობრივი პროდუქციის (სამშენებლო მასალები, საკანცელარიო ნივთები და სხვ.) ტყვიაზე შემოწმება და მიღებულ იქნას რეგულაცია ყველა იმ კომპანიის მიმართ, ვინც აწარმოებს დაბინძურებულ პროდუქციას;
- ვინაიდან შემოსავლების სამსახური (საბაჟო დეპარტამენტი), შერჩევით, ლაბორატორიულად ამოწმებს საქართველოში შემოსატანად განკუთვნილ სურსათს, შესწავლილ იქნეს რამდენად ეფეტიანად მუშაობს საბაჟო კონტროლის მოქმედი მექანიზმი;
- უზრუნველყოფილ იქნეს პრობლემური ქვეყნებიდან სუნელებისა, მშრალი ხილის, ტრადიციული საშუალებების, და კოსმეტიკის იმპორტის შემთხვევაში მათი გახშირებული შემოწმება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს:
- პრობლემის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, ხელი შეეწყოს სახელმწიფოს მხრიდან (აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი) აკრედიტაციის პროცესის დაჩქარებას იმ ლაბორატორიებისა, ვინც გამოთქვამს სურვილს მძიმე მეტალებზე ატომურ-აბსორბციული სპექტროფოტომეტრიის მეთოდით ჩაატარონ ლაბორატორიული კვლევები სამომხმარებლო და სამრეწველო პროდუქტზე;
- უზრუნველყოფილ იქნეს სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ 2009 წლის 18 ივნისის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2009/48/EC დირექტივის სრულფასოვანი აპროქსიმაცია და მისი შესრულების მონიტორინგის ეფექტური მექანიზმის დანერგვა;
- შემუშავდეს და მიღებულ იქნას ტყვიისა და მძიმე მეტალების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც დაეყრნობა ევროკავშირის დირექტივის Council Directive 89/677/EEC-ის პრინციპებს;
- პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიმართ არსებული მოთხოვნები შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ევროკავშირში არსებულ მოთხოვნებთან;
- სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ავტომობილების კატალიზური გადამრთველით აღჭურვას ლოზუნგით “არცერთი ავტომობილი კატალიზური გადამრთველის გარეშე“;
- ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების დროს დაემატოს გამონაბოლქვის შემოწმება ნახშირწყალბადებზე (HC), რომელიც აჩვენებს ნაკრებში ყველა იმ დაუწვავი ნახშირწყალბადების სპექტრს, რომლებიც გამოიყოფა არასრული წვის შედეგად, განსაკუთრებით კატალიზური გადამრთველის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში.
<b>თბილისის მერიას</b>
- მკაცრად დანერგოს სამშენებლო ობიექტებზე სამშენებლო ბადის და სამშენებლო ობიექტების დაშლისას წყლის ჭავლის გამოყენების რეგულაციები.
გარემოს დაცვის სამინისტროს პასუხი
მოქალაქეთა ჯგუფისა და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ტყვიის კვლევის შედეგების პრეზენტაციას ესწრებოდნენ როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე არასამთავრობო, კერძო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები.
გარემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტმა, ნოე მეგრელიშვილმა კვლევის მეთოდოლოგია დაიწუნა. როგორც მეგრელიშვილი ამბობს, არასდროს უთქვამთ, თითქოს ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობა 0 პროცენტია: “Air.gov.ge-ზე შებრძანდით და ნახეთ, სადმე თუ წერია 0”.
ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსის თქმით, დღეს წარმოდგენილ კვლევაში აღნიშნული ინფორმაციის 50% არ ასახავს რეალობას და ირწმუნება, რომ ჰაერში ტყვიის შემცველობა საქართველოში დადგენილ ნორმაზე დაბალია.
დისკუსიის დროს ნოე მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ მათ უკვე შემუშავებული აქვთ საკუთარი კვლევა და დოკუმენტი, რომელსაც ვებ-გვერდის რეკონსტრუქციის დასრულებისთანვე გაასაჯაროებენ.
გარემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის უფროსის განცხადებას დღეს გამოქვეყნებული კვლევის ავტორები გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ უშუალოდ ამ პრობლემაზე პასუხისმგებელი პირები კვლავ დაცვით რეჟიმში არიან, ხოლო რეალურ პრობლემას გაურბიან და არ აღიარებენ.
შენიშვნა: სტატია ჩასწორებულია 5 აპრილს. კვლევაში თავდაპირველად ეწერა, რომ ტყვია აღმოჩნდა “კორეანის” ფირმის ხელოვნურ ქვაში. მოგვიანებით, კვლევის ავტორებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც წერია, რომ აღნიშნული არის შეცდომა.
“კომპანიის მიერ ჩვენთვის წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ „კორიანის“ ბრენდის ხელოვნურ ქვაში ტყვიის და სხვა მავნე ნივთიერებების რაოდენობა ნამდვილად არ აღემატება „საშიში ნივთიერებების გამოყენების შეზღუდვის თაობაზე ევროკავშირის დირექტივით“ (Directive 2011/65/EU – “RoHS Directive”) დაწესებულ ზღვრულ ნორმებს” – აცხადებენ კვლევის ავტორები.