ახალი ამბები

ენმ-ის წევრმა პოლიტსაბჭოსთვის ნდობის გამოცხადებისგან თავი შაშკინის გამო შეიკავა

24 მარტი, 2019 • 1849
ენმ-ის წევრმა პოლიტსაბჭოსთვის ნდობის გამოცხადებისგან თავი შაშკინის გამო შეიკავა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს ერთ-ერთი წევრი, მარიამ გერსამია წერს, რომ პარტიის განახლებული პოლიტსაბჭოსთვის ნდობის გამოცხადებისგან თავი შეიკავა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც პარტიის მმართველ ორგანოში განათლების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის დამატებაა, რომელსაც გერსამია აკრიტიკებს.

24 მარტს ენმ-ის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს, აღმასრულებელ მდივნად კობა ნაყოფია; იმავე ყრილობაზე აირჩიეს პოლიტსაბჭოს ათი წევრი. გერსამიამ მხარი დაუჭირა თავმჯდომარედ ვაშაძის კანდიდატურას, ასევე აღმასრულებელ მდივნად ნაყოფიას არჩევას, თუმცა პოლიტსაბჭოსთვის ნდობის გამოცხადებაზე თანხმობისგან თავი შეიკავა. იგი ამ გადაწყვეტილებას ორი მიზეზით განმარტავს:

  1. “ბოლო ერთი წლის მანძილზე დავრწმუნდი იმაში, რომ ამ ფორმატის პოლიტსაბჭო უკვე არაპროდუქტიულია და აუცილებელია მისი განახლება (შესაძლოა უფრო მოქნილი სისტემის შეთავაზება და/ან ახალი სახეებისთვის მეტი ასპარეზის მიცემა)”;
  2. “პოლიტსაბჭოს კიდევ 10 წევრი დაემატა, რომელთა შორისაც ყოფილი განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინია”.

გერსამიას შეფასებით, რომელიც ენმ-ს განათლების მიმართულების ხელმძღვანელია, წერს, რომ დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პერიოდი (2010-2012 წლები) “განათლების და მეცნიერების წარმატებული რეფორმის უკუსვლის წლები იყო, რომელმაც მნიშვნელოვნად დააზიანა განათლების სისტემა და მოახდინა მისი პოლიტიზირება, რამაც უპრეცენდენტო მასშტაბებს მიაღწია ქართული ოცნების მმართველობისას”.

“ჩემი ხედვა იყო და არის, რომ უმთავრესი ამოცანა განათლების სისტემის რეფორმირებისას სისტემის დეპოლიტიზირება, დეცენტრალიზება და პარტიული დავალებებისგან დისტანცირებაა. ვიმედოვნებ, რომ ამას ოპოზიცია შეძლებს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ”, — აცხადებს გერსამია.

იგი საზიანოდ მიიჩნევს პოლიტსაბჭოში იმ ჩინოვნიკისთვის ხმის მიცემას, რომელიც, მისი შეფასებით, როგორც მენეჯერი, თავისი მინისტრობისდროინდელი საქმიანობით სწორედ სისტემის პოლიტიზირებასთან ასოცირდება.

“ნებისმიერ გაერთიანებასა და განახლებაში, მთავარი არის ღირებულებებზე თანხმობა და საერთო პრინციპების ერთგულება. ამიტომ, ვისურვებდი, ახლა და მომავალში (იმის და მიუხედავად, მთავრობაში ვართ თუ ოპოზიციაში) სწორედ იმ ფასეულობების გაფრთხილებას, რომლის გამოც ჩვენმა მხარდამჭერებმა მომავალში ხმა უნდა მოგვცენ”, — წერს გერსამია.

ენმ-ს პოლიტიკურ საბჭოს 24 მარტს 9 ადამიანთან ერთად შეუერთდა დიმიტრი შაშკინი. პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობას 332-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, 7 წინააღმდეგ წავიდა, 5-მა კი თავი შეიკავა. გერსამია ამ უკანასკნელ ჯგუფშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი