ახალი ამბები

არჩევნები ცალკეულ უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს – საია

31 ოქტომბერი, 2020 • 750
არჩევნები ცალკეულ უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განაცხადა, დარღვევები ეხება კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას.

10:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში საია-ს მიერ დაფიქსირებულია შემდეგი დარღვევები:

დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლა:

  • თელავის #5 უბანზე საიას დამკვირვებელი ყოფნისას ტელეფონით აფიქსირებდა დარღვევის ფაქტს, კომისიის წევრებმა წაართვეს დამკვირვებელს მობილური, წაუშალეს ფოტო და გამოაძევეს უბნიდან;
  • მარნეულის #5 უბანზე საიას დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სხვა
    დამკვირვებელმა, რომელიც არის ორგანიზაციის „ადვოკატთა და იურისტთა
    საერთაშორისო საზოგადოება” დამკვირვებელი. საიამ დაწერა საჩივარი და
    მოითხოვა ამ დამკვირვებლის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა.
    ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლი:
  • საგარეჯოში #42 უბანზე, სოფელი იორმუღანლოში, საიას დამკვირვებელმა გადაიღო ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევა. უბანზე იმყოფება ახალგაზრდა მამაკაცი რომელიც ასაკოვან ამომრჩევლებთან ერთად შედის კაბინაში და აძლევს ხმას. ამას ხსნიან იმით, რომ ამ ადამიანებმა არ იციან ქართული ენა. კანონმდებლობით, ამომრჩევლებს ურთიერთდახმარება შეუძლიათ, მაგრამ ამ შემთხვევის პრობლემურობა მის სისტემურობაში ვლინდება;
  • წინა წლების მსგავსად, გრძელდება ამომრჩევლის ნების კონტროლის ტენდენცია. უბნების პერიმეტრზე შეიმჩნევა სხვადასხვა პირის მობილიზაცია, რაც თვალთვალის განცდას ტოვებს და ქმნის ამომრჩევლის ქცევის შეცვლის საფრთხეს. ეს კანონდარღვევა არ არის, მაგრამ უარყოფითი ტენდენციაა.

საზღვარგარეთის უბნებზე კენჭისყრის დღეს გამოვლენილი დარღვევები: 

  • დაწერილია ერთი საჩივარი ცესკოში რომის საარჩევნო უბანზე არსებული დარღვევების შესახებ. ამომრჩევლებს არ უმოწმდებათ მარკირება, ამასთან, საიას დამკვირვებელს უარი უთხრეს საჩივრის რეგისტრაციაზე;
  • ბარსელონაში კენჭისყრის შენობა გაიხსნა 08:05 წუთზე. როგორც საიას
    დამკვირვებლებს განუმარტეს, კომისიის წევრები იყვნენ უბანზე, თუმცა ის ჩაკეტილი იყო. შესაბამისად, დამკვირვებელმა ვერ შეასრულა თავისი უფლებამოსილება.
  • დაგვიანებით გაიხსნა საარჩევნო უბანი პარიზშიც (08:09);

კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული დარღვევები:

  • ზესტაფონის #14 უბანზე რეგისტრატორები არ ახსნევინებენ პირბადეს ამომრჩევლებს და არ ამოწმებენ სამაგიდე სიაში არსებულ ფოტოსურათს. ამასთან, რეგისტრატორებს არ ეკეთათ შესაბამისი ხელთათმანები. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.

სულხან სალაძე გამოეხმაურა ენმ-ის წევრ დიმიტრი შაშკინის იარაღით გადაადგილებას

“მე ვიცი მხოლოდ მათი განცხადებები, რომ აქვთ იარაღის ტარების უფლება. ეს მეტი ინფორმაციის შეგროვებას საჭიროებს. თუმცა, მე ვფიქრობ, არც მიზანშეწონილია და არც საჭიროა იარაღით გადაადგილება, მიუხედავად იმისა, კონკრეტულ პირს აქვს თუ არა იარაღის ტარების უფლება. არჩევნებზე კენჭისყრის დღეს იარაღით გადადგილება თუნდაც პარტიის ოფისთან არ არის კარგი ჟესტი. მით უმეტეს, ეს ხდება იმ რეგიონში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაძაბულია”, – განაცხადა სულხან სალაძემ.

ფოტოზე, რომელიც სოცქსელებში დღეს, 31 ოქტომბერს გავრცელდა, შაშკინი ადამიანთა ჯგუფთან ერთად, იარაღით ხელში ჩანს. ის მედიის ნაწილმაც გამოაქვეყნა თანდართული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც სურათი, სავარაუდოდ, ბოლნისიის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ საარჩევნo უბანთანაა გადაღებული. დიმიტრი შაშკინმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ აქვს უფლება და ნამდვილად ატარებს იარაღს და ფოტოზეც ბოლნისის მუნიციპალიტეტშია, თუმცა, არა – უბანთან.

არჩევნების დღეს იარაღით გადაადგილება არასწორია – გიგაური

მასალების გადაბეჭდვის წესი