ახალი ამბები

დმანისში კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილი დაჭრეს, ის თბილისში გადმოჰყავთ: შაშკინი

1 ნოემბერი, 2020 • 1160
დმანისში კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილი დაჭრეს, ის თბილისში გადმოჰყავთ: შაშკინი

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ დმანისში კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილი, მერაბ ოქრიაშვილი დაჭრეს: ინფორმაცია “ნეტგაზეთს” “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დიმიტრი შაშკინმა დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, მერაბ ოქრიაშვილს, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის დმანისის შტაბის ხელმძღვანელი და დმანისის საკრებულოს თავმჯდომარეა, დღეს, პირველ ნოემბერს, ორი ტყვია ესროლეს და ახლა თბილისში გადაჰყავთ.

შაშკინი, ისევე, როგორც ბოლნისში, დმანისში, თეთრიწყაროსა და წალკაში მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი მომხდარს 31 ოქტომბრის არჩევნებსა და პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ.

შაშკინის განცხადებით, დათვლილი ხმების მიხედვით, კახა ოქრიაშვილს უშუალოდ დმანისში 70%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს, რის გამოც მასზე “შური იძიეს”.

“დაახლოებით 1 საათის წინ შური იძიეს ამ დამარცხების გამო. ახლა ცდილობენ ოქმების შეცვლას ოლქში, მაგრამ, ამავდროულად, შური იძიეს, ორი ტყვია ესროლეს მერაბ ოქრიაშვილს… დაჭრილი ადამიანი ახლა გადაჰყავთ ნიუ ჰოსპიტალში”, – განაცხადა შაშკინმა.

მისი თქმით, მერაბ ოქრიაშვილი ინციდენტისას მარტო იყო. შაშკინი, ამ დროისთვის, სხვა დეტალებს ვერ აკონკრეტებს.

“ნეტგაზეთი” შსს-სთან ცდილობს მომხდარის დეტალების დაზუსტებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი