ახალი ამბები

არჩევნების დღეს იარაღით გადაადგილება არასწორია – გიგაური

31 ოქტომბერი, 2020 • 1143
არჩევნების დღეს იარაღით გადაადგილება არასწორია – გიგაური

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, არჩევნების დღეს იარაღით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ იმ შემთხვევაშიც კი, თუ იარაღის ტარების უფლება აქვთ.

“მე ამას უარყოფითად ვაფასებ. ეს არ არის სწორი, როდესაც ისედაც დაძაბული ვითარებაა, არჩევნები მიმდინარეობს. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა არაფერი უნდა გააკეთონ ისეთი, რამაც შეიძლება, შეაშინოს ამომრჩეველი, რომ მივიდეს საარჩევნო უბანზე, ან კიდევ სხვა გავლენა მოახდინოს. ამიტომ მოვუწოდებ, გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ საარჩევნო გარემოს შეფასებისას პრობლემები არ გვქონდეს და არ შეუქმნან განწყობა ამომრჩეველს, რომ საშიშია უბანზე მისვლა”, – განაცხადა გიგაურმა.

მისი თქმით, თუ პირს იარაღის ტარების უფლება აქვს და მისით გადაადგილდება, ეს არ არის კანონდარღვევა, მაგრამ ძალიან ცუდ აღქმას ტოვებს და ყველას მოუწოდებს, ასეთი რამ არ გააკეთონ.

ფოტოზე, რომელიც სოცქსელებში დღეს, 31 ოქტომბერს გავრცელდა, შაშკინი ადამიანთა ჯგუფთან ერთად, იარაღით ხელში ჩანს. ის მედიის ნაწილმაც გამოაქვეყნა თანდართული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც სურათი, სავარაუდოდ, ბოლნისიის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ საარჩევნo უბანთანაა გადაღებული.

დიმიტრი შაშკინმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ნამდვილად ატარებს იარაღს და ფოტოზეც ბოლნისის მუნიციპალიტეტშია, თუმცა, არა – უბანთან.

“მე მაქვა უფლება, ვატარო პირადი ცეცხლსასროლი იარაღი. ეს უფლება მაქვს შსს-სგან. ყოველთვის ვატარებ იარაღს. ვჯდებოდი მანქანაში, როდესაც “ქართული ოცნების” პროვოკატoრმა გადამიღო. მე, როგორც კანდიდატს, უბანზე შესვლის უფლება არ მაქვს და შეუძლებელია, [ფოტოში] უბანზე ვიყო”, – თქვა მან.

კითხვას, კონკრეტულად სად არის ფოტო გადაღებული, შაშკინმა უპასუხა, რომ ეს არის ბოლნისი, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმდებარე ტერიტორია.

ბოლნისში “ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის თქმით, იარაღის ტარების უფლება აქვს როგორც მას, ისე შაშკინს, თუმცა უბნებზე არ დააქვთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი