ახალი ამბები

იზღუდება თუ არა საჯარო დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობა

17 სექტემბერი, 2014 • 2355
იზღუდება თუ არა საჯარო დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობა

გარდა ამისა, საჯარო რეესტრის ბაზაზე შექმნილი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ვებგვერდ „კომპანი ინფო ჯიზე“ / www.companyinfo.ge, გარკვეულ საჯარო დოკუმენტზე წვდომა შეზღუდულია და მისი გახსნისას სისტემა შენიშვნას იძლევა: „თქვენ არ გაქვთ დოკუმენტის დათვალიერების უფლება“. აქამდე ნებისმიერი საჯარო დოკუმენტის ნახვა შესაძლებელი იყო. ეს ცვლილებები „ბათუმელებმა“ რამდენიმე დღის წინ დააფიქსირა.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ ამბობენ, რომ ვებგვერდს ბევრი მომხმარებელი ჰყავს, რამაც შეიძლება დოკუმენტზე წვდომა შეაფერხოს.

 

როგორც „კომპანი ინფო ჯის“ შესახებ ვკითხულობთ: „www.companyinfo.ge ვებსაიტი შეიცავს მონაცემებს საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებზე, მათ დირექტორებსა და მფლობელებზე. მონაცემები 2010 წლიდან არის ხელმისაწვდომი. მომხმარებლებს საშუალება აქვთ იხილონ თუ როგორ იცვლებოდა ბოლო წლების განმავლობაში კომპანიების მმართველობა და მფლობელობა და როგორ უკავშირდებიან ერთმანეთს სხვადასხვა კომპანიების მესაკუთრეები და დირექტორები.

 

ვებგვერდის მიზანია ხელი შეუწყოს კომპანიების მფლობელობის გამჭვირვალობის ზრდას. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ გავლენიან ბიზნეს კავშირებსა და კორპორატიულ ქსელებზე, ასევე თანამდებობის პირების შესაძლო ბიზნეს ინტერესებზე“.

 

რას უკავშირდება საჯარო ინფორმაციის მოხმარების წესებში ცვლილება და ხომ არ იზღუდება მასზე ხელმისაწვდომობა?


 „ბათუმელები“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს შოთა ჩაჩხუნაშვილს დაუკავშირდა. მან განმარტა, რომ „ქაფჩა კოდის“, (CAPTCHA – Comlpletely Automated Public Turing test to tell Cumputers and Humans Apart), ინფორმაციის დაცვის მიზნით თავის ვებგვერდზე შემოიღო საჯარო რეესტრმა.

 

„ძალიან გახშირდა ე.წ. ინტერნეტ რობოტებით ჩვენი საიტის სკანირება და არასანქცირებულად ინფორმაციის წაღება, რომლებიც ჩვენ საიტზე წამში რამდენიმე ათას მოთხოვნას აგზავნიან. შესაბამისად იქმნება რისკი, რომ გაიჭედოს ქსელი. ყოფილა შემთვევები, როცა ამ რობოტების მიერ წაღებული ინფორმაციების მიწოდება ხდებოდა სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის, რომლებიც სპამის მეშვეობით ავრცელებდნენ რეკლამებს ამა თუ იმ ბიზნეს ორგანიზაციებისთვის. ინტერნეტ რობოტების მიერ ინფორმაციის მოხმარება ინფორმაციის უსაფრთხოების საბჭომ რისკად აღიქვა და გადაწყვიტა შესაბამისი კონტროლი ქაფჩა კოდის მეშვეობით. ჩვენი საიტი გათვლილია ადამიანებისთვის რომლებიც ეძებენ ინფორმაციას. ქაფჩა კოდის შემოღების შემდეგაც ზუსტად ისევე ხელმისაწვდომია ყველა დოკუმენტი როგორც იყო მანამდე.

 

ეს ცვლილება გამოწვეულია საჯარო რეესტრში ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვით, რასაც ჰქვია ინფორმაციის უსაფრთხოების სტანდარტი  ISO 27000 (ISO – International Organization for Standartization), რომლის დანერგვა პრემიერ-მინისტრის ბრძანებითაა განსაზღვრული და რომელზეც ჩვენი თანამშრომლები და მოწვეული ექსპერტები მუშაობენ. პირველ ეტაპზე  ხდება რისკების იდენტიფიცირება და კონტროლის მექნიზმის დანერგვა.

 

დღესდღეობით ქაფჩა კოდის გამოყება ყველაზე აპრობირებული მეთოდია თანამედროვე მსოფლიოში და იყენებენ ისეთი მსხვილი ინტერნეტ საძიებო სისტემები როგორიცაა Google, Yahoo. ამით განვასხვავებთ ჩვენ საიტის მომხმარებელი ადამიანია, რომელსაც ინფორმაცია აინტერესებს, თუ ავტომატური რობოტი, რომელიც არასანქცირებულად ცდილობს ინფორმაციის წაღებას. მაგრამ თუ რამე ახალი სისტემა იქნება გამოგონებული და თუ გახდება ცნობილი რომ ქაფჩა კოდების შემოღებამ მოქალაქეებს სერიოზული პრობლემა შეუქმნა შეიძლება შევცვალოთ” – ამბობს შოთა ჩაჩხუნაშვილი.

 

 

 

ქაფჩა კოდი / Captcha

 

რაც შეეხება მეორე საკითხს, თუ რატომ არ იძლევა საჯარო რეესტრის ბაზა საჯარო დოკუმენტების გახნის უფლებას შოთა ჩაჩხუნაშვილი ვარაუდობს, რომ ეს არა საჯარო რეესტრის ცვლილების, არამედ იმ ინტერნეტქსელის მიზეზით იქნება, რომლითაც შედის მომხმარებელი.

 

თუმცა, ჩვენს მიერ სხვასახვა ინტერნეტპროვაიდერების ქსელიდან, ასევე სხვადასხვა კომპიუტერის გამოყენების შემთხვევაშიც მიერ დოკუმენტი კვლავ ხელმიუწვდომელი დარჩა.

 

“ბათუმელებმა” კონკრეტული შემთვევა გადაუგზავნა საჯარო რეესტრს. შოთა ჩაჩხუნაშვილმა გვითხრა, რომ გადაამოწმებენ რატომ ვერ შევძელით საჯარო დოკუმენტის ნახვა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი