ახალი ამბები

IDFI: 2023 წლის 5 თვეში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე გაცემული პასუხის მაჩვენებელი 7%-ია

8 ივნისი, 2023 • 816
IDFI: 2023 წლის 5 თვეში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე გაცემული პასუხის მაჩვენებელი 7%-ია

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) ანგარიშს ავრცელებს და აცხადებს, რომ 2022 წლიდან საქართველოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული მდგომარეობა მკვეთრად უარესდება.

უფრო კონკრეტულად, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2022 წელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე გაცემული პასუხების პროცენტული მაჩვენებელი (58%), 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგი იყო.

IDFI-ის განცხადებით, ხელმისაწვდომობა ყველაზე მეტად გააუარესეს სამინისტროებმა და მათ დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებებმა, რომლებიც მასშტაბურად უპასუხოდ ტოვებენ IDFI-ის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებს.

ამასთან, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის პოლიტიკა კვლავ აქტიურად გაგრძელდა 2023 წელსაც.

2023 წლის 5 თვეში IDFI-იმ სამინისტროებსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებში გაგზავნილ 1 255 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხი მიიღო მხოლოდ 94 განცხადებაზე (7%). აღნიშნულის საპასუხოდ 2023 წლის 2 ივნისს, IDFI-იმ ერთდროულად გააგზავნა უპრეცედენტო რაოდენობის – 89 ადმინისტრაციული საჩივარი (12 სამინისტრო/სახელმწიფო მინისტრის აპარატი და მათი დაქვემდებარებული 77 უწყება).

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამ უწყებებმა არათუ არ გასცეს საჯარო ინფორმაცია, არამედ სრულად უგულებელყვეს IDFI-ის მიერ გაგზავნილი განცხადებები, რაც წარმოადგენს კანონმდებლობის როგორც მატერიალური, ისე ფორმალური მოთხოვნების დარღვევას.

„საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუარესება არსებითად დაბრკოლებას უქმნის ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობაზე და რადიკალურად ამცირებს სახელმწიფო ორგანოთა ანგარიშვალდებულების ხარისხს. განსაკუთრებულ პრობლემად უნდა შეფასდეს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული მეორე პრიორიტეტი ითხოვს საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ზრდას, ხოლო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოსვლებში ხშირად საუბრობენ, რომ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება მათი საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სინამდვილეში, სახელმწიფო ინსტიტუტების ანგარიშვალდებულება მკვეთრად უარესდება“, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

IDFI-ის თქმით, პრაქტიკა მიუთითებს, რომ 2022 წლის შემდგომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და, შესაბამისად, სახელმწიფო ორგანოთა ანგარიშვალდებულების ხარისხი მკვეთრად გაუარესდა. ამის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი, ორგანიზაციის შეფასებით, საჯარო დაწესებულებების სისტემური უკანონო მოქმედებები და ამ უკანონობის შემაკავებელი ეფექტური სამართლებრივი მექანიზმების არარსებობაა.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მოცემული სტატისტიკა საგულისხმოა იმ ფონზეც, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოსვლებში ხშირად საუბრობენ, რომ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება მათი საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

„2022 წელს, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი პირობების კვალდაკვალ, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუარესების არსებული მასშტაბი აჩენდა მნიშვნელოვან ეჭვებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეეზღუდა ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლება. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის პოლიტიკა კვლავ აქტიურად გრძელდება 2023 წელსაც“, – ვკითხულობთ IDFI-ს ანგარიშში.

დოკუმენტის ავტორების განცხადებით, 2023 წლის საწყის 5 თვეში სამინისტროებსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებში გაგზავნილი მოთხოვნების უმრავლესობას წარმოადგენდა სტანდარტული შინაარსის მოთხოვნებს, რომლებიც დაკავშირებული იყო ადმინისტრაციული ხარჯების განკარგვასთან. მათ შორის:

  • შრომის ანაზღაურების ხარჯები, მათ შორის თანამდებობის პირებზე ცალ-ცალკე;
  • შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები;
  • მოქმედი საშტატო ნუსხები, სარგოების მითითებით;
  • წარმომადგენლობითი ხარჯების ჩამონათვალი;
  • ბალანსზე რიცხული ავტომობილები;
  • საწვავის ხარჯები და დადგენილი ლიმიტები;
  • ავტომობილების გავლილი კილომეტრაჟი და საშუალო წვის მაჩვენებლები;
  • ბიუჯეტიდან თანამშრომლებზე გაცემული სოციალური დახმარებები;
  • სამივლინებო ხარჯები;
  • სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემთა ბაზები;

ამასთან, IDFI-ში აღნიშნავენ, რომ 2023 წელს, 30 მაისის მდგომარეობით მოთხოვნილი სტანდარტული შინაარსის ინფორმაცია, წინა წლისგან განსხვავებით, არ ითვალისწინებდა ცალკეული ხარჯების დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაციის მოთხოვნას, რაც შესაძლებელია გამხდარიყო ინფორმაციის გაცემისთვის საჯარო დაწესებულებისთვის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი.

მიუხედავად აღნიშნულისა, სტანდარტული შინაარსის მოთხოვნები, წინა წლის მსგავსად, ორგანიზაციის განცხადებით, ყველა სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა, ხოლო მათი დაქვემდებარებული 81 უწყებიდან მხოლოდ 4-მა მოაწოდა IDFI-ს გარკვეული ინფორმაცია.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ სტანდარტული შინაარსის მოთხოვნების გარდა, კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა სხვადასხვა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე ინფორმაციის მიღება, რომლებიც უშუალოდ კონკრეტული საჯარო დაწესებულების საქმიანობის სფეროს შეეხება:

„მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი განაცხადა 2023 წლის 7-9 მარტს ქ. თბილისში გამართული ფართომასშტაბიანი შეკრება-მანიფესტაციების შეწყვეტის ღონისძიებებში გამოყენებული რესურსების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უარი განაცხადა რუსეთის მოქალაქეების მიერ შეძენილ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ გასცა სტატისტიკური ინფორმაცია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით და სხვა“, — ვკითხულობთ ანგარიშში.

ასევე, დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2023 წელს ცალკეულმა საჯარო დაწესებულებებმა აღარ გასცეს ისეთი ინფორმაცია, რაც 2022 წელს შეუზღუდავად გაიცემოდა. მაგალითად, IDFI-ის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2023 წელს ორგანიზაციას აღარ მოაწოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ დეტალური ინფორმაცია. შემოსავლების სამსახურმა კი 2023 წელს IDFI-ს წარმოუდგინა სანქცირებული ტვირთების შესახებ არასრული მონაცემთა ბაზა:

„საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული მდგომარეობის გაუარესების ფონზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სასამართლო კონტროლი. 2022 წლამდე IDFI საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით უმეტესწილად აწარმოებდა სტრატეგიულ სამართალწარმოებას.

თუმცა 2022 წლიდან საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების მასშტაბურად უპასუხოდ დატოვებამ ხელი შეუწყო IDFI-ის სამართალწარმოების პოლიტიკის ცვლილებას, რაც საჯარო ინფორმაციის მიღების უფლების დაცვის მექანიზმების აქტიურ გამოყენებაში გამოიხატება“, — აცხადებენ ანგარიშის ავტორები.

ორგანიზაციის განცხადებით, მაგალითად, 2022 წელს IDFI-იმ საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე 56 ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა შესაბამის საჯარო დაწესებულებაში, ხოლო სასამართლოში 16 სარჩელი აღძრა.

2023 წელს საწყის 5 თვეში კი IDFI-ის 100-ზე მეტი ადმინისტრაციული საჩივარი აქვს წარდგენილი. მათ შორის, IDFI-იმ 2023 წლის 2 ივნისს ადმინისტრაციული საჩივარი გაუგზავნა ერთდროულად 12 სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატს და მათ დაქვემდებარებულ 77 უწყებას, რომლებმაც უპასუხოდ დატოვეს IDFI-ს სტანდარტული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი