საქართველოს პარლამენტმა 77 ხმით 2-ის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით მიიღო “ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” კანონში ცვლილებები, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ანტიკონსტიტუციურად აფასებენ.
კენჭისყრის პროცედურამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განმარტა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით ათი დღის წინ ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საელჩოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
“მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტს მივიღებთ, თუმცა დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომლის ევროდირექტივასთან ჰარმონიზაციაც აუცილებელია. ამიტომ მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაგრძელდება. შემუშავდება ახალი საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში დაჩქარებული წესით მივიღებთ, რათა კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები ჰარმონიზებული იყოს ევროდირექტივასთან“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
კენჭისყრამდე კანონის ამოქმედების ვადა დაკორექტირდა და 2021 წლის 30 დეკემბრით განისაზღვრა.
ცვლილებების თანახმად, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები 3 კატეგორიად დაიყოფიან. კანონპროექტი, ასევე, ითვალისწინებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფლებამოსილებების განსაზღვრას ინფორმაციული უსაფრთხოების დანერგვისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ამასთან, ხდება ადმინისტრაციული სანქციების შემოღება ინფორმაციული უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის.
კანონპროექტის მიღებას Facebook-ზე გამოეხმაურა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტოტალურ კონტროლში! ამასობაში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მთელი ინტერნეტის კონტროლის უფლებას აძლევს. ეს კანონპროექტი წინა მოწვევის პარლამენტში იხილებოდა და მაშინ მესამე მოსმენის კენჭისყრაზე გაჩერდა, ახლა კი ბოლომდე მიიყვანეს საქმე. ასე რომ, სუს-ს მარტო მოსმენები კი არა, ინტერნეტიც ჩაუვარდა ხელში”, — წერს საია-ს თავმჯდომარე.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ სააფრთხის შემცველია.
სამოქალაქო სექტორში მიიჩნევენ, რომ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების განახლება საჭიროა, თუმცა აღნიშნული კანონპროექტით იქმნება სისტემა:
- რომელიც ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო დონეზე ინფორმაციული უსაფრთხოების ეფექტურობას;
- შეიცავს ინფორმაციულ სისტემებზე და მათში დაცულ პერსონალურ თუ კომერციული სახის ინფორმაციაზე ტოტალური კონტროლის რისკს;
- ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ნორმებსა და საერთაშორისო ვალდებულებებს.
ინფორმაციის უსაფრთხოების კანონპროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება – NGO-ები