ბატონო მურმან, ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, რომ სინამდვილეში თქვენ ხართ იმპიჩმენტის ავტორი..
ამ ადამიანს არ აქვს არავითარი საზოგადოებრივი ავტორიტეტი და არავითარი პოლიტიკური წონა საიმისოდ, რომ ყოფილიყო საკრებულოს წევრი. უფრო მეტიც, ის გახდა საკრებულოს თავმჯდომარე ერთი მარტივი მიზეზის გამო. ის არის არჩილ ხაბაძის მეზობელი და მისი მეჯვარე.
თქვენ მის განთლებაში შეიტანეთ ეჭვი, რვაკლასდამთავრებული უწოდეთ…
დიახ, ეს სამართლებრივი ტერმინია. თქვენ უნდა მოძებნოთ მისი დიპლომი, მისი ლექტორი ვინ იყო, მისი მასწავლებელი… აბა მინახეთ მასწავლებელი, რომელმაც მას ლექცია წაუკითხა. მითხარით ვინ იყო მესამე კურსზე მისი მეგობარი სტუდენტი.
ამბობთ რომ მას უმაღლესი განათლება არ აქვს?
კი ბატონო. არ აქვს უმაღლესი განათლება. საერთოდ განათლება არა აქვს და არავინ არ არის. ეს არის არჩილ ხაბაძის მეზობელი და მისი მეჯვარე. არის აბსოლუტური ნული და სირცხვილი, განსაკუთრებით იმ ნაწილისა პოლიტიკურ საბჭოში, რომელმაც მას მხარი დაუჭირა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, როცა ბათუმის საკრებულოში ხუთი დოქტორი და პროფესორი მუშაობს.
თქვენ ცდილობდით ამ საკითხებიდან დისტანცირებას, როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება მაინც თქვენთან დაკავშირება?
იმ ადამიანების ნაწილი, რომელიც წარმოადგენს „ქართულ ოცნებას“ აჭარის უმაღლეს საბჭოში, გარდა იმისა, რომ პარტიული თანამებრძოლები არიან, ისინი ჩემი მეგობრებიც არიან. მათთან მე მაკავშირებს უწყვეტი ბრძოლა ოთხმოციანი წლებიდან მოყოლებული დღემდე. ეს ხალხი მართლა ჩამოყალიბდა ერთი იდეოლოგიის ქვეშ, რომელსაც ჰქვია მეტი კონკურენცია, მეტი ღირსება, მეტი თავისუფლება, მეტი დამოუკიდებლობა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არსებობის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ახლა ხდება. ეს არის პირველი შემთახვევა უმაღლესი საბჭოს არსებობის ისტორიაში, როცა გაბედულება ყოფნის გამარჯვებული სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებს და მათსავე მთავრობას უცხადებენ უნდობლობას. ასეთი მუხლი ჩაწერილი იყო კომუნისტების დროიდან მოყოლებული უმაღლესი საბჭოს რეგლამენტსა თუ კონსტიტუციაში მაგრამ მისი გამოყენება არავის არ დაჭირვებია, არა იმიტომ, რომ ასეთი პროცესი არ დამდგარა, არამედ იმის გამო, რომ მათ არ ქონდათ გაბედულება. ახლა პროცესი არის დაწყებული და მე ვულოცავ აჭარის უმაღლეს საბჭოს, რომ ასეთი პროცესი დაიწყო და ნავსი გატეხა. ეს არის ისტორიულ-პოლიტიკური პროცესი. მითუმეტეს, რომ დღეს უკვე გაკეთდა პირველი კომენტარები, რომლებიც სამართლებრივ საფუძველს იძლევა იმპიჩმენტის დაწყებისა.
მე ვარ მომხრე პროცესის, როცა ორივე მხარე თანხმდება, ამის წამალი მოგონილია, ეს არის მთავრობის გადაყენება და იგივე მთავრობის ან ახალი მთავრობის წარდგენა.
„ქართულმა ოცნებაში“ უმაღლესი საბჭოს ფრაქციის მხირდან იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება შეაფასეს როგორც თვითნებური ქმედება და ჩანიშნეს სხდომა, თქვენი მოსაზრებით რა შეიძლება მოხდეს ამ სხდომაზე?
მე ვფიქრობ სწორედ აქ არის გასაღები, ეს არის ღრმა შეცდომა პოლიტიკური საბჭოს ცალკეული წევრების, რომ ეს იყო თვითნებური. დიდი ხანია ვლაპარაკობდით ჩვენ ამის შესახებ შიდა სხდომებზე, ველაპარაკებოდით მთავრობის წევრებს, ლიდერებს, რომლებიც ამევე დროს პოლიტიკური საბჭოს წევრები არიან. ვრცელდებოდა სხვა და სხვა ინფრომაციები მასმედიის საშუალებითაც, ასე რომ პოლიტიკური საბჭო ინფორმირებული იყო ამის შესახებ. თუ პოლიტიკური საბჭო უფრო ადრე ჩაერეოდა, შეიძლებოდა უფრო უკეთესი შედეგი დამდგარიყო.
მათ [უმაღლესი საბჭოს წევრებს] ჰქონდათ შეხვედრა პრემიერთან, როგორც პოლიტიკურ ლიდერთან, რომელმაც ურჩია დაფიქრდითო…
სწორი რჩევაა. პრემიერი გვიმოწმებს, რომ ის არ ჩარევა და ვერც ჩაერევა ამ პროცესში. ჩვენ თუ პატივი არ ვეცით კანონებს, ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება. ფორმალურად შეთანხმება მიღწეულია. საქართველოს კონსტიტუციური კანონი ადგენს ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს რეგიონისათვის. რეგიონის უმაღლეს საბჭოს სრული უფლება აქვს დაიწყოს უნდობლობის პროცედურა მის რეგიონში მოქმედი მთავრობის მიმართ. ვერც პარლამენტი და ვარც მთავრობა ამაში ვერ ჩაერევა.
რადგან გაჩნდა უკვე შეფასება – „ეს იყო თვითნებური ქმედება“, ხომ არ არის საშიშროება, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც საგანგებოდ დაინიშნა, უმაღლესი საბჭოს ფრაქციის წევრები მიიღებენ მინიმუმ საყვედურს ან უფრო მეტსაც?
მე არა ვარ დარწმუნებული, რომ მათ შორის შეხვედრა მოხდება და ასეთ კონფლიქტამდე მივა საქმე. მე ვარ დარწმუნებული, რომ უმაღლესი საბჭო, რომელმაც იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, უკან არ დაიხევს. პოლტისაბჭოს შეუძლია ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ პროცესი არის დაწყებული და დაწყებული საქმე უნდა მივიდეს ბოლომდე.
ბრიფინგზე თქვით, რომ იმპიჩმენტის მხარდასაჭერად საჭირო ხმების მოსაგროვებლად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთანხმება იქნებოდა უზნეობა…
ნაციონალურ მოძრაობასთან შეთანხმება არ ხდება, შეთანხმება ხდება პროცესთან. „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო პროცესი. თუ ნებისმიერი, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ამ პროცედურას მხარს დაუჭერს, ეს არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ გაურიგდა სხვა რომელიმე პარტიას. მაგალითად, საქართველოს პარლამენტში ჩვენ უამრავ საკითხზე გამოგვიხატა მხარდაჭერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.