ახალი ამბები

IDFI: 2014 წლის პირველ 6 თვეში პროკურატურაში 3 966 846 ლარის ოდენობის პრემია გაიცა

9 სექტემბერი, 2014 • • 1237
IDFI: 2014 წლის პირველ 6 თვეში პროკურატურაში 3 966 846 ლარის ოდენობის პრემია გაიცა

“მართალია IDFI-ს არ მოეწოდა ინფორმაცია პროკურატურის თანამდებობის პირებზე 2013 წლის 1 იანვრიდან წერილის მიღების მომენტამდე გაცემული პრემიების შესახებ ცალ–ცალკე სახელის და გვარის მითითებით, თუმცა მიღებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ, ჯამურად, საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამდებობის პირებს 2013 წელს მიღებული აქვთ პრემია 1 646 027 ლარის ოდენობით, ხოლო 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში – 852 731 ლარის ოდენობით. რაც შეეხება პროკურატურის თანამშრომლებზე (გარდა თანამდებობის პირებისა) ამავე დროის პერიოდში გაცემულ პრემიებს, აღნიშნულთან დაკავშირებით გვეცნობა, რომ 2013 წელს პროკურატურის თანამშრომლებზე გაცემულია 4 254 830 ლარის ოდენობით პრემია, ხოლო 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში კი, პრემია 3 114 115 ლარის ოდენობით. შესაბამისად, პროკურატურაში გაცემული პრემიების ოდენობა, ჯამურად (თანამდებობის პირებზე და პროკურატურის თანამშრომლებზე), გამოიყურება შემდეგნაირად: 2013 წელს პროკურატურის სისტემაში სულ გაიცა – 5 900 857 ლარის ოდენობის პრემია, 2014 წლის პირველი 6 თვეში სულ გაიცა – 3 966 846 ლარის ოდენობის პრემია”, – აცხადებენ ინსტიტუტში და შედარებისთვის პროკურატურის სისტემაში 2012 წელს გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაციაც მოჰყავთ, რომლის მიხედვითაც 2012 წელს პროკურატურის თანამდებობის პირებსა და თანამშრომლებზე სულ გაცემული იქნა – 4 557 686 ლარის ოდენობის პრემია.


 

IDFI განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლების თანახმად, პროკურატურის სისტემაში დასაქმებული პირი ითვლება თანამდებობის პირად, თუკი მას უკავია ერთ–ერთი შემდეგი პოზიცია: საქართველოს მთავრი პროკურორი ან მისი მოადგილე, საქართველოს მთავრი პროკურატურის დეპარტამენტის ან სამსახურის ხელმძღვანელი, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის, საოლქო ან რაიონული პროკურორი. საქართველოს მთავარ პროკურორს ყავს სამი მოადგილე. ამასთან, მთავარ პროკურატურაში შექმნილია 12 დეპარტამენტი და სამსახური. რაც შეეხება საოლქო და რაიონული პროკურატურებს, სულ ჩამოყალიბებულია 37 ასეთი ქვედანაყოფი. შესაბამისად, პროკურატურის სისტემაში სულ დასაქმებულია 53 თანამდებობის პირი.


“სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პროკურატურის თანამდებობის პირებზე ყოველთვიურად დარიცხული პრემიის საშუალო ოდენობა 2013 წელს დაახლოებით 2588 ლარს, ხოლო 2014 წელს კი 2682 ლარს შეადგენდა”.

 

ორგანიზაციის განმარტებით, ინფორმაციის არასრულყოფილად მოწოდების გამო რთულია იმის იდენტიფიცირება, თუ რომელმა თანამდებობის პირმა რა ოდენობის პრემია მიიღო 2013-2014 წლებში, თუმცა ინსტიტუტის განცხადებით, თუ ვნახავთ 2012 წელს მიღებულ საჯარო ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურიდან, ნათელი ხდება, რომ მთავარი პროკურორი და მისი მოადგილეები პრემიის სახით 2012 წელს ყოველთვიურად იღებდნენ 5870 ლარს:


“ამავე დროს, თუ  გავაანალიზებთ, მაგალითად, მთავარი პროკურორის ერთ-ერთი მოადგილის, გიორგი გაბიტაშვილის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულ შემოსავლის ოდენობას, შეგვიძლია ვივარაუდოთ შემდეგი: გაბიტაშვილს 2013 წელს მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში შემოსავლის ოდენობად მითითებული აქვს 61 920 ლარი. ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ თანამდებობაზე ის დაინიშნა 2013 წლის 13 ივნისს. მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 3400 ლარს, აქედან გამომდინარე 7 თვის განმავლობაში (2013 წლის ივნისი-დეკემბერი) მას ხელფასის სახით უნდა მიეღო 23 800 ლარი. შესაბამისად, თუ ამ თანხას გამოვაკლებთ მის მიერ დეკლარირებულ 61 920 ლარს ვნახავთ, რომ ხელფასთან ერთად გიორგი გაბიტაშვილს პრემიის სახით მიღებული აქვს 38 120 ლარი (საშუალოდ 5445 ლარი ყოველთვიურად პრემიის სახით). შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2013 წელს საქართველოს პროკურატურაში მაღალ თანამდებობის პირებზე კვლავ იმ წესით და ოდენობით გაიცემოდა საპრემიო თანხები, როგორც ეს 2012 წელს იყო დამკვიდრებული პრაქტიკაში”, – აცხადებენ IDFI-ში.


საქართველოს მთვრობამ  დადგენილება საჯარო უწყებებში პრემიების გაცემის წესის დარეგულირების შესახებ 2014 წლის ივნისში მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი