ახალი ამბები

ზურაბიშვილი ინფორმაციის “ცივილურ ჩარჩოში მოქცევაზე” კიდევ ერთხელ საუბრობს

6 მარტი, 2019 • 1169
ზურაბიშვილი ინფორმაციის “ცივილურ ჩარჩოში მოქცევაზე” კიდევ ერთხელ საუბრობს

სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 6 მარტს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ ისაუბრა ონლაინ სივრცისა და მედიის დარეგულირების აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ ის “ცივილურ ჩარჩოებში” უნდა მოექცეს.

“ჩვენს ქვეყანაში და არამხოლოდ ჩვენთან პოლარიზაციამ უკიდურესი ხასიათი მიიღო, ძალადობრივი გარემო თითოეული ადამიანის ცხოვრებაში აღწევს. საზოგადოება ელოდება ამ ვითარების ჩაცხრობას, მას სჭირდება დამშვიდება და შერიგება.

ეს შეუძლებელი იქნება, თუკი რაიმე ფორმით, ცივილურ ჩარჩოებში არ მოვაქცევთ საინფორმაციო და სოციალურ ქსელში განვითარებულ პროცესებს. დეზინფორმაციის, ცილისწამების, სიძულვილის ენის, პირადი ცხოვრების კადრების ნიაღვარი უნდა შევაჩეროთ. მედიასივრცე მოცულია დამახინჯებული და ყალბი ცნობებით, ჩნდება უნდობლობა ყველანაირი ინფორმაციის მიმართ”, – განმარტავს სალომე ზურაბიშვილი.

მისი თქმით, ზემოხსენებული პროცესების შედეგად საზოგადოების ნაწილი ინფორმაციის მიღმა რჩება, რაც მას ანალიზის უნარს ართმევს და “გზას უხსნის შეთქმულების თეორიებს”. ზურაბიშვილი ამბობს, რომ დაცული და ობიექტური ინფორმაციის გარეშე დემოკრატიული სისტემა და სახელმწიფო სტაბილურობა ვერ შენარჩუნდება. ამ ყველაფერს პრეზიდენტი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას უკავშირდებს:

“უმძიმესი ტრაგედია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოხდა, მთელი ამ წლების განმავლობაში დაგროვილი სიძულვილისა და ერთმანეთის გაუტანლობის შედეგია. იმ რეალობაში, სადაც ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის დეფიციტია, საზოგადოებაში, პირველ რიგში, ახალგაზრდები ჩვენგან მაგალითს ელოდებიან. საზოგადოებრივი თანხმობა არის ერთადერი პასუხი ამ მოლოდინზე.

მე გამოვედი ასეთი ინციტიაივით, რამაც ჩვენთან, როგორც ყოველთვის, ორმაგი დამოკიდებულება გამოიწვია და შიში იმისა, რომ ის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ იყო მიმართული. ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლების დაცვა არის უმთავრესი პრინციპი, რაზეც დგას თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო, მეორე მხრივ, ვერ დავხუჭავთ თვალს იმ საფრთხეზე, რომელიც კონკრეტულ ადამიანებსა და მთელ საზოგადოებას ცილიწამებისა და ცრუ ინფორმაციის სახით ემუქრება”, – დასძენს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის თქმით, დეზინფორმაცია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა მრავალი ქვეყნის პრობლემაა და ამ პრობლემის გადაჭრის აუცილებლობაზე საუბრობს რიგი საერთაშორისო ორგანიზაციებისა, მათ შორის, ეუთო და ევროკავშირი.

“ჩემს ინციაიტივას უკვე მოჰყვა კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან და ეს პროცესი გაგრძელდება. იმედი მაქვს, შევძლებთ ერთობლივი რეკომენდაციების წარდგენას,” – აცხადებს პრეზიდენტი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სალომე ზურაბიშვილი მედია და ონლაინ სივრცის უფრო მეტად დარეგულირების აუცილებლობაზე საუბრობს. პირველ თებერვალს პრეზიდენტმა არასამთავრო სექტორის წარმომადგენლები მიიწვია შეხვედრაზე, რომელიც ცილისწამების რეგულირების საკითხს შეეხებოდა, თუმცა თავად სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა დისკუსიის დაწყებამდე, მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დატოვა.

შეხვედრის შემდეგ არასამთავრობოების ნაწილმა, მათ შორის, “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ”, “საიამ”  და “საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ”, განაცხადა, რომ ცილისწამებას დამატებითი რეგულაციები არ სჭირდება და მისი დარეგულირება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის საფრთხის შემცველია.

ვრცლად ამ თემაზე:

პრეზიდენტმა დატოვა შეხვედრა, რომელზეც თავად მიიწვია მონაწილეები

მასალების გადაბეჭდვის წესი