ახალი ამბები

“გახარიას მუქარის წერილზე” მამუკა ხაზარაძეს პროკურატურაში გამოკითხავენ

4 მარტი, 2019 • 1373
“გახარიას მუქარის წერილზე” მამუკა ხაზარაძეს პროკურატურაში გამოკითხავენ

შს მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ გახმაურებულ ბრალდებაზე “თიბისი ბანკის” დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს პროკურტურაში გამოკითხავენ.

როგორც “ნეტგაზეთს” მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, მამუკა ხაზარაძე “თიბისი ბანკის” საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება.

“მამუკა ხაზარაძე გამოიკითხება ამავე საქმის ფარგლებში და როდესაც პროცესუალურად დაადასტურებს მის მიერ გახმოვანებულ ბრალდებას მუქარაზე, პროკურატურა მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას”, – აცხადებენ პროკურატურაში.

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო წერილი, სადაც იყო გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც მათ არ შეასრულეს.

“ამ წერილში ეწერა, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან გამიკვირდა, რომ ეს წერილი დაწერეს. ეს წერილი მე მაქვს. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ არ შევასრულეთ. ეს წერილი შსს-ს მინისტრისგან იყო მოწერილი. ეს არის მუქარის წერილი, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, მამუკა ხაზარაძის თქმით, შსს მინისტრის მუქარის წერილზე დაკითხვაზე ისაუბრა, შესაბამისად, პროკურატურას და სასამართლოს წერილზე ინფორმაცია ამ დრომდეც მიღებული ჰქონდათ.

“მე ამ წერილის შესახებ დაკითხვაზე ვთქვი. ამ საკითხზე გამოძიება არ დაწყებულა, არც მოსამართლემ და არც საქმის პროკურორმა კითხვაც კი არ დამისვეს, როცა ვუთხარი, რომ ჩემზე იყო შემოტევა-მუქარა… ეს არის ჩაწერილი და არავინ არათუ დაინტერესდა, არამედ 9 იანვარს პროკურატურამ ჩემზე პირველი საშინელი განცხადება გააკეთა, რამაც ჩვენს ინვესტორებს 90 მლნ ლარი დააკარგვინა. მე ამ წერილზე დაკითხვაზე ვისაუბრე, რატომ არ ასაჯაროებს პროკურატურა ჩემი დაკითხვის ოქმს?!” – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

ამავე თემაზე:

გახარიასგან მუქარის წერილი მივიღეთ – მამუკა ხაზარაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი