პარტია “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ სამწლიანი გამოძიების მიუხედავად პროკურატურამ “დანაშაული ვერ იპოვა”.
ხაზარაძემ ეს განცხადება 16 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გააკეთა, სადაც ბოლო სხდომა იმართება ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთელის საქმეზე.
ხაზარაძის თქმით, ამ საქმის წამოწევის მიზანი მისი და ბადრი ჯაფარიძის დისკრედიტაცია იყო, რასაც, ხაზარაძის განცხადებით, ასევე “ვერ მიაღწიეს”. ამის შესახებ მან სასამართლოზე შესვლამდე, ჟურნალისტებთან განაცხადა.
“არანაირი დარღვევა არ ყოფილა ამ საქმეში. აქ სხვა რამესთან გვაქვს საქმე, რატომ გაიწელა ეს ყველაფერი 3 წელი, გაიწელა იმიტომ, რომ აქ ებრძვიან წარმატებას, აქ ებრძვიან იმას, რომ ქართველებს წარმატებული საქმის კეთება შეუძლიათ… და თუ გამოუვიდათ ეს საქმე, აუცილებლად უნდა იყოს დანაშაული, დარღვევა ან ვიღაცის დახმარება. ამით ახალგაზრდებში იმ იმედს კლავენ, რომელიც ასე საჭიროა ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის.
ამიტომ ეს პროცესი ჩემთვის პირადად არ არის, რა განაჩენს გამოიტანს მოსამართლე, ჩემთვის ეს პროცესი არის კიდევ ერთი ტესტი. თქვენ იცით, რომ წარმატებულ საქმეებს 30 წელი ვაკეთებდით, ბევრი წარუმატებლობის ფონზე, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩვენ ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ ჩვენს გუნდთან ერთად, იმ 10 000 ადამიანთან ერთად, რომელიც ამ გუნდის წევრია. სწორედ ამას ებრძვიან, ყველას აჩვენონ, რომ ეს არის ჭაობი და შენც ამ ჭაობის ნაწილი უნდა იყო. გამოგივიდა? გაგიმართლა? არ გაპატიებთ”, – თქვა ხაზარაძემ.
მისი თქმით, მისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება ნაკლებად მნიშვნელოვანია, “მთავარია, რომ ვერ გატეხეს და ვერ შეაშინეს”.
“მთავარ მიზანს, რომ ჩვენი დისკრედიტაცია მოეხდინათ, ვერ მიაღწიეს. მთავარი მიზანს, რომ რაიმე დანაშაული ეპოვათ, ვერ მიაღწიეს. ამიტომ იწელება ეს სპექტაკლი სამი წელი და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნას მიღებული, ჩემთვის არაა მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ხაზარაძემ.