ახალი ამბები

ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი განაჩენის გამოცხადებას სასამართლოში არ დაესწრებიან

12 იანვარი, 2022 • 1592
ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი განაჩენის გამოცხადებას სასამართლოში არ დაესწრებიან

“ფულის გათეთრების საქმეზე” ბრალდებულები — მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი — სასამართლოში განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრებიან.

“ლელოს” ლიდერები განაჩენს პარტიის ოფისში დაელოდებიან, ტვ”პირველის” დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელი კი ტელეარხის ოფისიდან ადევნებს თვალს მოსამართლის გადაწყვეტილებას.

როგორც ბრალდებულები აცხადებენ, განაჩენთან დაკავშირებით კონკრეტული მოლოდინები არ აქვთ. ავთანდილ წერეთლის თქმით, ის ყველანაირ განაჩენს ელოდება, მამუკა ხაზარაძე კი აცხადებს, რომ მოსამართლის ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში გააგრძელებს ბრძოლას:

“დაველოდოთ, რად გვინდა წინასწარ მკითხაობა. დაველოდოთ და მერე გეტყვით პასუხს… [განაჩენის შემდეგ] არ ვიცი, პოლიტიკური სპექტრი რა ეტაპზე გადავა, მაგრამ მე რომ გავაგრძელებ ბრძოლას, ეს ფაქტია”, – განაცხადა ხაზარაძემ პარტიის ოფისში შესვლამდე.

“ყველაფერს ველოდები, არ არის გასაკვირი. დღეს რა მოხდება, არავინ არაფერი იცის… დამიჭერენ, დამიჭერენ… რატომ დამიჭერენ, არც ხელი მაქვს მოწერილი, არც დირექტორი ვიყავი, არც დამფუძნებელი ვიყავი, არაფერი არ ვიყავი… და გინდა თუ არა, იყავიო”, – უთხრა ტვ პირველის ჟურნალისტს ავთანდილ წერეთელმა.

განაჩენი მოსამართლე გიორგი არევაძემ დღეს, 12 იანვარს, 11:00 საათზე უნდა გამოაცხადოს.

მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს პროკურატურა ფულის გათეთრებას ედავება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ფინანსურ ტრანზაქციებს. იმ პერიოდში ხაზარაძე და ჯაფარიძე “თიბისი ბანკში” საქმიანობდნენ.

გამოძიება ხსენებულ ტრანზაქციებზე მხოლოდ 10 წლის შემდეგ, 2018-ში დაიწყო. სამივე მათგანი თავიდანვე უარყოფდა ბრალდებას და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთლის საქმე – მარტივად ახსნილი

მასალების გადაბეჭდვის წესი