ეკონომიკა

გახარია არ ადასტურებს, რომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს წილების დათმობას სთხოვდა

15 თებერვალი, 2019 •
გახარია არ ადასტურებს, რომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს წილების დათმობას სთხოვდა

შს მინისტრი გიორგი გახარია უარყოფს რ2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით თიბისის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბანკის წილების დათმობას სთხოვდა.

როგორც გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, ასეთი რამ არ მომხდარა.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭო უნდა დატოვონ, გახარია ამბობს, რომ ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან ეს მარეგულირებლის მიერ ფინანსური მონიტორინგის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებაა.

გახარიას თქმით, ამ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ვერანაირი კითხვის ნიშნები ვერ იარსებებს, რადგან ეროვნულ ბანკზე კარგად ფინანსური სისტემისთვის თიბისის მნიშვნელობა არცერთ ინსტიტუციას არ ესმის.

ეროვნული ბანკი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებას ითხოვს. ეროვნული ბანკის მიერ დღეს, 14 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აქციონერთა კრებას სამეთვალყურეო საბჭოდან მათი გაწვევისთვის 2-თვიანი ვადა აქვს.

თიბისი ბანკში აცხადებენ, რომ 2007-2008 წლების ტრანზაქციაზე, რომლის საფუძველზეც ეროვნული ბანკი მოითხოვს, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ სამეთვალყურეო საბჭო დატოვონ, სამართლებრივ დავას აგრძელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი