ახალი ამბები

იმდენად აბსურდული საქმეა, მგონია, დამატებით პოლიტპატიმრებს არ გააჩენენ – ჯაფარიძე

16 დეკემბერი, 2021 • 1150
იმდენად აბსურდული საქმეა, მგონია, დამატებით პოლიტპატიმრებს არ გააჩენენ – ჯაფარიძე

“ლელოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, მისი და მამუკა ხაზარაძის, ასევე ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყების ერთადერთი მიზანი საქმის ფიგურანტების დაზიანება და მაქსიმალურად შევიწროება იყო. ჯაფარიძის თქმით, პროკურატურის ბრალდებები “გამორჩეულად აბსურდულია” და ადვოკატებმა ეს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე უნდა აჩვენონ. ამის შესახებ ჯაფარიძემ სასამართლოს სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ეს არის წარმოუდგენელი სისულელის და გამორჩეული აბსურდულობის საქმე, რომელსაც დასაწყისიდან მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა, ჩვენი მაქსიმალურად დაზიანება, მაქსიმალურად შევიწროება და ეს უკვე სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. მაგრამ ჩვენ ვართ მტკიცე, მზად ვართ ნებისმიერი გამოწვევისთვის.

დღეს იქნება ბოლო სხდომა, როდესაც ჩვენმა ადვოკატებმა კიდევ ერთხელ უნდა აჩვენონ საზოგადოებას, მოსამართლეს, ყველა დაინტერესებულ ადამიანს, თუ რაოდენ გამორჩეულად აბსურდულია ეს დევნა, ეს სისხლის სამართლის საქმე. სრულიად დაცლილია ყოველგვარი შინაარსიდან და რაოდენ სამარცხვინოდ გამოიყურება პროკურატურა, რომელიც პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ჯაფარიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის არ სჯერა, ჰგონია, რომ დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რაც პოლიტიკურ პროცესებში კიდევ უფრო მეტ სიმწვავეს შეიტანს.

“იმდენად აბსურდულია ეს საქმე, ამ სასამართლოს პირობებშიც კი მგონია, რომ ვერ იქნება ის გადაწყვეტილება გამოტანილი, რომელმაც შეიძლება კიდევ უფრო მეტი სიმწვავე შემოიტანოს ისედაც მწვავე პოლიტიკურ ვითარებაში და ქვეყანაში დამატებით პოლიტიკური პატიმრები გააჩინოს”, – თქვა ჯაფარიძემ.

ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთლის საქმე – მარტივად ახსნილი

მასალების გადაბეჭდვის წესი