ახალი ამბები

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო 11 იანვრამდე გადაიდო

16 დეკემბერი, 2021 • 1390
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო 11 იანვრამდე გადაიდო

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი 11 იანვრამდე გადაიდო. შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რომლის თქმითაც, 16 დეკემბრის სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოთქმული გრძელი დასკვნითი სიტყვის შემდეგ, საპასუხო რეპლიკების მოსამზადებლად დრო სჭირდება.

დღევანდელი სასამართლო სხდომა დასკვნით პროცესად მიიჩნეოდა, რის შემდეგაც მოსამართლეს განაჩენი უნდა გამოეტანა. თუმცა ბრალდების მხარის შუამდგომლობამ ვითარება შეცვალა.

“ვინაიდან [დაცვის მხარისგან] საკმაოდ ვრცელი დასკვნითი სიტყვა მოვისმინეთ — როგორც გადმოგვცეს, არის 20 გვერდი — საკმაოდ ვრცელი არის… თეზისებად ვინიშნავდი იმ საკითხებს, რომლებიც საერთოდ არ გამომდინარეობს არანაირი მტკიცებულებებიდან. დაახლოებით 4 გვერდამდე ჩავინიშნე ასეთი საკითხები.

აქედან გამომდინარე, გთხოვთ, რომ მოგვცეთ დრო, რომ არგუმენტირებულად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი რეპლიკა და ვუპასუხოთ ზუსტად იმ საკითხებს, რა საკითხებზეც ისაუბრა დაცვის მხარემ”, — დასძინა პროკურორმა.

ბრალდების მხარემ რეპლიკების მოსამზადებლად რამდენიმე დღე ითხოვა, თუმცა მოსამართლემ მიზანშეწონილად მიიჩნია, იანვრის დღესასწაულების შემდგომი პერიოდისთვის გადაედო სხდომა.

“ახლა 1 დღით გადაწევა და კიდევ მეორე დღით გადაწევა იმას ნიშნავს, რომ სადღესასწაულო დღეები მე აქ უნდა გავატარო და თქვენ იმხიარულოთ, იზეიმოთ.

ასე არ გამოვა. მაშინ რამდენიმე დღით უნდა გადავდო, თქვენ ყველამ უნდა იმხიარულოთ და მეც შეძლებისდაგვარად. მაქვს ამის უფლება”, — დასძინა მოსამართლე გიორგი არევაძემ და გადაწყვიტა, 11 იანვარს განაახლოს პროცესი.

16 დეკემბრის პროცესის დასრულების შემდეგ, პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთლის ადვოკატების დასკვნითი სიტყვა “წინააღმდეგობაში მოდიოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან”.

“მათ თავიანთი დასკვნითი სიტყვა დააფუძნეს მხოლოდ ბრალდებულების ჩვენებებზე და, როგორც მე წინა პროცესზეც აღვნიშნე, ბრალდებულებების ჩვენებებიც, ბუნებრივია, იყო წინააღმდეგობრივი, ბევრ არასწორ ინფორმაციას შეიცავდა.

ჩვენ სასამართლოზე წარვადგინეთ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა და ჩვენი დასკვნითი სიტყვა ეფუძნებოდა მხოლოდ მტკიცებულებებს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საბოლოოდ, გადაწყვეტილება უნდა იყოს გამამტყუნებელი განაჩენი”, — აღნიშნა მან.

საპასუხოდ, ავთანდილ წერეთლის ადვოკატი კახა წერეთელი აღნიშნავს, რომ “გარდა გამამართლებელი განაჩენისა, სხვა განაჩენის გამოტანა ობიექტური შემფასებლის მიერ არის შეუძლებელი”. მისი თქმით, დაცვის მხარის მიერ წარმოთქმულ დასკვნით სიტყვაში ახალი გარემოებები არ გამოვლენილა და მათ მხოლოდ არსებული მტკიცებულებები შეაფასეს.

ამავე პოზიციაზეა ხაზარაძე/ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძეც. მისი თქმით, პროკურატურამ, რომელიც აქამდე “ჩქარობდა”, დღეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები მნიშვნელოვნად მიიჩნია და ამიტომ მოითხოვა დრო მათზე საპასუხოდ.

“დაცვის მხარის მიერ სრულად იქნა წარმოდგენილი ის არგუმენტაცია, რომელიც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმას, რომ არავითარ ფულის გათეთრებას არ აქვს ადგილი”, — დასძინა კორძაძემ.

მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს პროკურატურა ფულის გათეთრებას ედავება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ფინანსურ ტრანზაქციებს. იმ პერიოდში ხაზარაძე და ჯაფარიძე “თიბისი ბანკში” საქმიანობდნენ.

გამოძიება ხსენებულ ტრანზაქციებზე მხოლოდ 10 წლის შემდეგ, 2018-ში დაიწყო. სამივე მათგანი უარყოფს ბრალდებას და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

“იმდენად აბსურდულია ეს საქმე, ამ სასამართლოს პირობებშიც კი მგონია, რომ ვერ იქნება ის გადაწყვეტილება გამოტანილი, რომელმაც შეიძლება კიდევ უფრო მეტი სიმწვავე შემოიტანოს ისედაც მწვავე პოლიტიკურ ვითარებაში და ქვეყანაში დამატებით პოლიტიკური პატიმრები გააჩინოს”, – უთხრა ჯაფარიძემ მედიას 16 დეკემბერს, პროცესის დაწყებამდე.

ამავე თემაზე:

ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთლის საქმე – მარტივად ახსნილი

მასალების გადაბეჭდვის წესი