ახალი ამბებისამართალი

შსს ადასტურებს, რომ დეპუტატებმა ჯაფარიძისგან მიღებულ კადრებზე პოლიცია გამოიძახეს

28 თებერვალი, 2019 • 3263
შსს ადასტურებს, რომ დეპუტატებმა ჯაფარიძისგან მიღებულ კადრებზე პოლიცია გამოიძახეს

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, უმრავლესობის რამდენიმე წევრს პარლამენტის ოფოციალურ ელექტრონულ მისამართებზე გაუგზავნა პორნო-ვიდეო, სახელწოდებით “პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი”. გირჩის ლიდერის მტკიცებით, ზოგიერთმა დეპუტატმა ეს შეტყობინება გახსნა, რითიც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.

დეპუტატები ჯაფარიძის განცხადებას სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ჯერ პოლიცია გამოიძახეს და შეტყობინება სწორედ სამართალდამცველებთან ერთად გახსნეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, 27 თებერვალს შსს-ს მიმართეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, რომლებიც იუწყებოდნენ, რომ სამსახურეობრივ მეილზე მიიღეს შეტყობინება სავარაუდო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ, რომელიც არ ჩამოუტვირთავთ და არ გაუხსნიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმართვისთანავე მოახდინეს მყისიერი რეაგირება.

შსს-ს ცნობით, ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ჩამოტვირთეს ვიდეოფაილი, გახსნეს და დაადგინეს, რომ კადრები არ შეიცავდა პირადი ცხოვრების ამსახველ მონაცემს და იყო ფრაგმენტი ერთ-ერთი ფილმიდან

  • ნეტგაზეთი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით მათიკაშვილს ესაუბრა, რომელმაც ასევე მიიღო ზურაბ ჯაფარიძისგან “პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი” ელექტრონულ მისამართზე.

დავით მათიკაშვილი ზურაბ ჯაფარიძეს დეზინფორმაციაში, დისკრედიტირებასა და პროვოკაციაში ადანაშაულებს. დეპუატი აცხადებს, რომ არ გაუხსნია პოლიციელების გარეშე გირჩის ლიდერისგან მიღებული შეტყობინება.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს, წინააღდეგ შემთხვევაში სასამართლოში ჩივილს აპირებს.

როგორც მათიკაშვილი ამბობს, პოლიციაში გამოკითხვაზეც იმყოფებოდა, ხოლო სამართალდამცავებთან ერთად გახსნილ ფაილში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები კი არა, სექსიც კი არ აღმოჩნდა.

ნეტგაზეთი ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებას ცდილობს საპასუხო კომენტარისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი